ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ლიდერები უკრაინის თემაზე კიევში, ვაშინგტონში და მოსკოვში ისაუბრებენ


უკრაინის საზღვრებზე შექმნილი სიტუაცია ვაშინგტონში და მოსკოვში დაგეგმილი მსოფლიოს ლიდერების შეხვედრების მთავარი თემა იქნება. ვაშინგტონში, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. მოსკოვში კი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩადის.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა და მაკრონმა კვირას ტელეფონით ისაუბრეს. ამერიკის და საფრანგეთის ლიდერების საუბარი შეეხებოდა "მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების მცდელობებს, რაც წარმოადგენს პასუხს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მხრიდან გაგრძელებულ სამხედრო ძალების ზრდაზე". ბაიდენმა და მაკრონმა კიდევ ერთხელ "დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა".

მოსკოვში გამგზავრებამდე, მაკრონმა გასულ კვირაში თქვა, რომ პუტინთან შეხვედრისას პრიორიტეტი "დეესკალაციაზე დიალოგი" იქნება. რუსეთის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ვაშინგტონის შემდეგ, მსგავს ვიზიტებს გეგმავს შოლციც. ისიც მომავალ კვირაში რუსეთში და უკრაინაში ჩადის და ორივე ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში "შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს". განცხადებას ჯეიკ სალივანი ავრცელებს, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

რუსეთს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები ადგილზე ჰყავს განლაგებული, "რათა უკრაინაში მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია განახორციელოს" - უთხრა სალივანმა კვირას ტელეკომპანიას "ენ-ბი-სი". მისი თქმით, თეთრი სახლი დიდ სამუშაოს ეწევა, რომ შესატყვისი რეაგირება მოამზადოს.

მეორე ინტერვიუში, რომელიც სალივანმა ტელეკომპანია "ფოქსს" მისცა, მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის ცნობით, მოსკოვი იერიშისთვის დაახლოებით 70%-ით მზადაა. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ასევე თქვა, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრას, კიევში "უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი" შეიძლება მოჰყვეს, რუსეთს კი "სტრატეგიული საფასურის" გადახდა მოუწევს. ამერიკა და ევროკავშირი, სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, აცხადებენ, რომ მზად არიან მოსკოვს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესონ, რაც რუსეთის ეკონომიკას ძალიან ძვირი დაუჯდება.

XS
SM
MD
LG