რუს ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი პრიზი, სახაროვის პრემია მიენიჭა. სახაროვის პრემია, რომელიც 50 000 ევროს ოდენობის ფულად პრემიასაც გულისხმობს, მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს ენიჭებათ. ევროპარლამენტი მას ყოველწლიურად გასცემს და ჯილდოს ეს სახელი საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის, ხსოვნის პატივსაცემად ჰქვია.
ალექსეი ნავალნი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკურ ელიტას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი გაერთიანება არაერთ კორუფციულ სქემას ააშკარავებდა. აწყობდა საპროტესტო გამოსვლებს და კენჭს იყრიდა სხვადასხვა დონის არჩევნებში. გასულ წელს ის უეცრად ცუდად გახდა და მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა. გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ ის ნერვული აგენტით, „ნავიჩოკით“ იყო მოწამლული. მიუხედავად იმისა, რომ ნავალნი მის მოწამვლას პირდაპირ კრემლს უკავშირებდა, მარტში ის რუსეთში დაბრუნდა. ის დაბრუნებისთანავე პირობითი სასჯელის დარღვევისა და ქვეყნის დატოვების გამო დააპატიმრეს.
ევროპული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი პრიზის ფინალში სამი კანდიდატი იყო. ალექსეი ნავალნის გარდა, პრემიის ლაურეატობის კანდიდატთა საბოლოო სიაში წელს ასევე შედიოდნენ ავღანელ ქალთა ჯგუფი და პატიმრობაში მყოფი ბოლივიელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
Facebook Forum