ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის პერიოდის საიმიგრაციო პროგრამა "დარჩით მექსიკაში" აღდგება


ნოემბრის შუა რიცხვებიდან, სავარაუდოდ თავიდან დაიწყება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას დაწყებული პროგრამა - "მიგრანტთა დაცვის პროტოკოლი" იგივე - "დარჩით მექსიკაში". ეს პროგრამა დროებით შეჩერებული იყო და ფედერალურმა სასამართლომ მისი შეწყვეტა დაუსაბუთებლად მიიჩნია. პროგრამა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან შეერთებული შტატებისკენ მომავალ თავშესაფრის მაძიებლებს მოუწოდებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას მექსიკაშივე დაელოდონ. ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, თეთრი სახლი ამ მიდგომის შეცვლას კიდევ ერთხელ ცდის.


თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ამ პროტოკოლის დროებითი ამოქმედებაც კი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას შექმნის. ბოლო თვეების განმავლობაში ამ საზღვრის კვეთის მაჩვენებელმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია "წინ წასვლა", თუკი მექსიკა თანახმა იქნება. ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ.

მექსიკის საგარეო საქმეთა უწყება ამ პროტოკოლთან დაკავშირებით "რამდენიმე პრობლემაზე" ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის - პროცესის, სამართლებრივი გარანტიების, იურიდიულ დახმარებაზე წვდომისა და მიგრანტთა უსაფრთხოების კუთხით. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ჯერ მიღწეული არ არის.

რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2019 წელს ამ პროტოკოლის დამტკიცებისას, ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა უმრავლესობის საქმეები გაყალბებული იყო და იმის გამო, რომ ისინი სასამართლოს ამერიკის ფარგლებშივე ელოდნენ, შესაძლებელი იყო, ქვეყანაში არალეგალურად დარჩენილიყვნენ, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება უარყოფითი იქნებოდა.

საიმიგრაციო საკითხებზე მომუშავე ადვოკატები და აქტივისტები ამბობენ, რომ ამგვარი მიდგომის გამო ბევრი მიგრანტი საზღვრისპირა ქალაქებში დიდი ხნით და სრულიად დაუცველი რჩებოდა. ჯო ბაიდენი "უფრო ჰუმანური" საიმიგრაციო პოლიტიკის პირობას დებდა და ეს პროგრამაც გააუქმა, თუმცა ტეხასისა და მისურის შტატებმა მის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა და საქმე მოიგო კიდეც. უზენაესმა სასამართლომ, რომელშიც ახლა კონსერვატორი უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ამ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG