ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


რა გზით ჩავიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რომელიც რამდენიმე საათის წინ თბილისში დააკავეს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ახლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს. მათ უნდა დაადგინონ რა გზებით და როდის შევიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რადგან უწყება აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთავს.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

"მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლი 4-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა ორ საქმეზე, რამდენიმე საქმეზე კი სასამართლო განხილვები გრძელდება. დღეს, საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული საქმეების შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს გენერალურმა პროკუარტურამ კიდევ ერთხელ გააცნო.

"საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში,"- წერია პროკურატურის განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG