საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა ვრცელდება.
"დიდი ალბათობით, ახლა მე დამაკავებენ თბილისში. მაგრამ, მე მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და სამში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა, თქვენ იცით. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ" - ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.
მანამდე, ექსპრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, სავარაუდოდ, მის დაკავებამდე ჩაწერილი კიდევ ერთი, აუდიომიმართვა გავრცელდა.
"მე შეიძლება დამაკავონ ეხლა, თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს" - ამბობს, "ფეისბუქზე გავრცელებულ აუდიომასალაში მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Facebook Forum