აგვისტოს ომის მე-13 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობის მშენებლობას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით“,- თქვა რუსმა ჩინოვნიკმა.
ბიტკანოვის განცხადებას 6 აგვისტოს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე.
ბიტკანოვის განცხადების საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ „არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ერთიანია რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის პირისპირ. წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა 2008 წლის აგვისტოს ომს და დაადგინა სამართლებრივი ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო, პასუხისმგებელია უშუალოდ ომის დროს და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის განხორციელებაზე და ხაზი გაუსვა მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის მიერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას“.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ თუ რამე უშლის საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს, ეს თავად რუსეთის აგრესიული ქმედებები და განგრძობითი ოკუპაციაა.
Facebook Forum