ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლინკევიჩიუსი: ადამიანების უფლებების დასაცავად მეტი უნდა გაკეთდეს


5 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობას, რომელიც ჰომოფობიით და სექსუალური უმცირესობების შეუწყნარებლობით იყო მოტივირებული, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. მთავრობამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ძალადობა არ, ან ვერ აღკვეთა.

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა იცავდეს უმცირებსობების და მედიის უფლებებს და ამას ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის უნდა აკეთებდეს. მისი თქმით ძალადობის აღკვეთა, რომელიც 5 ივლისს მოხდა, სახელმწიფოს ვალდებულება იყო, რომელსაც მთავრობამ თავი ვერ გაართვა. ეკლესიაზე საუბრისას ლინკევიჩიუსი აცხადებს, რომ ეკლესიას რუსეთი ხშირად გავლენის ბერკეტად იყენებს და ამ საკითხზე ცნობადობის ამაღლების გარეშე პრობლემა ვერ გადაიჭრება. ლიეტუვის ყოფილ პირველ დიპლომატს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ​

ბატონო ლინას, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. ძალიან ზოგადი შეფასებით რომ დავიწყოთ - როგორ შეაფასებდით საქართველოს დემოკრატიის ხარისხს დღეს?

ეს ძალიან რთული სათქმელია, თუნდაც ძალიან ზოგადი შეფასებისთვის იმის გამო, რომ უამრავი რამ ხდება. როცა მდგომარეობას ვაკვირდები, ვხედავ, რომ სიტუაცია რთულად ვითარდება. ერთის მხრივ ჩვენ ჯერ ისევ გვჯერა, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა ბევრ პროგრამაში, იქნება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობა, ასოცირების ტრიო, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება თუ სხვა. მაგრამ, უნდა ვთქვათ, რომ ამ პროგრამებში არც ისე ბევრი ქვეყანა მონაწილეობს და ზედმეტად ოპტიმისტურებიც ნუ ვიქნებით. ამავე დროს, ქართველებს, საქართველოს ელიტას ისიც უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის პრიორიტეტები ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე მათი დაპირისპირება ქვეყნის შიგნით და ვიწროპარტიული ინტერესები. ეს არ უნდა იყოს მოკლევადიანი გათვლები. სამწუხაროდ ზოგჯერ ვხედავთ არასასიამოვნო მოვლენებს, როდესაც პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთთან მუდმივ დაპირისპირებაში არიან. საქართველოში ეს ცუდი ტრადიციაა და ვისურვებდი, რომ იყოს უფრო მეტად ცივილიზებული დიალოგი მხარეებს შორის და თუ არა თანამშრომლობა, კოჰაბიტაცია მაინც. ეს ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, გვჯერა, რომ ბევრი პოზიტიური რამ ხდება და გვჯერა, რომ საქართველო საბოლოო ჯამში მიაღწევს მიზანს და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი გახდება. ეს არ არის ფანტასტიკის ჟანრი - ეს რეალური შესაძლებლობაა. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება მოთმინება, დრო და მუშაობა და ამასთან ეს არ არის უკვე გაკეთებული საქმე და ესეც უნდა გვახსოვდეს.

თქვენ ცივილიზებულ ურთიერთობებსა და განსხვავებული აზრის შემწყნარებლობაზე საუბრობთ. რამდენიმე დღის წინ, ალბათ, ნახეთ შოკისმომგვრელი კადრები, რომლებიც თბილისიდან მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს ძალადობა?

როგორც თქვენ თქვით, ამ ღონისძიების ჩატარება ვერ მოხერხდა. ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ, როგორც მხოლოდ LGBT უფლებებთან დაკავშირებულ თემას. ეს საკითხი უკავშირდება უმცირესობების უფლებებს, ადამიანების შეკრების და გამოხატვის უფლებებს. ეს სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს გარანტირებული. თუ გსურთ იყოთ ნატოს წევრი, უნდა იქცეოდეთ როგორც ნატოს წევრი, თუ გსურთ იყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა იქცეოდეთ როგორც ევროპელები. უნდა არსებობდეს ამის გაგება. ამ გაგების ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. ლგბტ ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობა მხოლოდ საქართველოში არ ხდება, მაგრამ არსებობს ლიმიტები - თუ ადამიანები სხვების უფლებებს საფრთხეს არ უქმნიან, მათ გამოხატვის უფლება არ უნდა შეეზღუდოთ. სულ ცოტა ამის გაგებაა აუცილებელი და პირველ რიგში ეს მთავრობას უნდა ესმოდეს. მთავრობა ქვეყანას მართავს. მთავრობამ, პასუხისმგელობის მქონე მთავრობამ ამ ადამიანებისთვის მინიმალური უსაფრთხოების გარანტირება უნდა შეძლოს. ეს სწორედ იმას უკავშირდება, რაზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრე და კარგი იქნება თუ ამის გაცნობიერება მალე მოხდება და არა გვიან.

მთავრობამ განაცხადა, რომ ყველაფერი გააკეთა ლგბტ თემის დასაცავად.

მეტი უნდა გააკეთონ, მეტი უნდა გაკეთდეს, ყველაფერი ალბათ არ გაკეთდა. წინასწარ უნდა იყოს კონტაქტი, დიალოგი. ეს განსხვავებული თემაა, მაგრამ მსგავსი სიტუაციაა ოპოზიციასთანაც. როცა უსმენ მხარეებს, ხედავ, რომ მთავრობას თავისი ისტორია აქვს და ოპოზიციას თავისი და არგუმენტების მოსმენა არ ხდება. ორი ადამიანი ერთმანეთს რომ ხვდება და კითხვა რომ ისმის, პირველად ვინ უნდა უთხრას მეორეს გამარჯობა და რატომ, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. გამარჯობას ალბათ პირველი ის იტყვის, ვინც უფრო ზრდილობიანია.

მთავრობამ განაცხადა, რომ პრაიდის ორგანიზატორებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს და ამის გამო, ლგბტ თემი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას უნდა იზიარებდეს. რას ფიქრობთ მთავრობის ამ პოზიციაზე?

დეტალები არ ვიცი და ვერ ვიტყვი, რა როგორ გაკეთდა. ეს ალბათ მართლაც ასე მოხდა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ხმაურიანი სიტუაცია და ამბავი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. ამიტომ დასკვნები უნდა გავაკეთოთ - თუ რაღაცა ქვეყნისთვის კარგი არ იყო, მოდი დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს აღარ განმეორდეს. ეს მოკლე რჩევაა და იმედი მაქვს, გასათვალისწინებელი. ამასთან, ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.

თქვენი აზრით, რა როლი უნდა ჰქონდეს ეკლესიას ისეთ მყიფე დემოკრატიებში, როგორიც საქართველოა?

და არა მხოლოდ პატარა ქვეყანაში არამედ ზოგადად... აქ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და მოვლენებზე ვსაუბრობთ, როგორც თქვენს რეგიონში ასევე სხვაგან. საქმე ეხება რუსეთს და რუსეთის როლს. აქ სამწუხაროდ დადებითი არაფერია. რუსეთი ბერკეტად ირჩევს კულტურას, ხელოვნებას, სპორტს - შეხედეთ რა ხდება ოლიმპიადაზე. აქ არც ეკლესიაა გამონაკლისი, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ეკლესია, რომელზეც რუსეთის მთავრობა ფიქრობს, რომ ეს მისი საკუთრებაა. ეს გამონაკლისი საქართველოსთვის ნამდვილად არ არის, იგივე ხდება უკრაინაში, ბელარუსში თუ სხვაგან.

ეკლესია, ნორმალურ სიტუაციაში, პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. ეკლესია სულიერ საკითხებში უნდა იყოს ჩართული. ეკლესიას ქვეყნის გაერთიანებაზე მუშაობა, დადებითი საქმეების კეთება შეუძლია. ცხადია, ეკლესიას არ ვურჩევ რა გააკეთოს, მაგრამ ეს გასათვალისწინებელი საკითხებია. ზოგჯერ, უარყოფით პროცესებში მონაწილეობის შემთხვევაში, ეკლესიას ის ძალები იყენებენ, რომლებიც მეგობრები არ არიან. ამ თემაზე ცნობადობა უნდა ამაღლდეს. როდესაც დემოკრატიის გამძლეობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ცოდნის ქონა. თუ არ იცი, თუ არ გესმის, ვერ გაუმკლავდები. განსაკუთრებით - რუსეთის შემთხვევაში, როცა ისინი შემოქმედობითობით გამოირჩევიან იმისთვის, რომ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, დაამახინჯონ სიმართლე. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეკლესია ამაში უდანაშაულო მსხვერპლი არ არის. ახალი კულტურის, ახალი გაგების შექმნაში საზოგადოებამ უნდა ითამაშოს საკუთარი როლი იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი რაც თვითშემეცნებასთან, პოლიტიკურ განწყობებთან დაკავშირებით ხდება, ქვეყნის გაერთიანებისთვის უნდა იქნას გამოყენებული, რაღაც კარგი გაკეთდეს. და რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, ვიდრე ქვეყნის ინტერესების დაწინაურება?! აი ეს არის რეალობა.

ვაფასებ თქვენს მიერ ეკლესიის ისე აღწერას, რომ მას მხოლოდ გარე ძალები იყენებენ როგორც ბერკეტს. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ხშირად ეკლესიას ადგილობრივი ძალებიც იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაწინაურებლად. გახსენდებათ თუ არა სხვა მსგავსი შემთხვევები, როცა მთავრობა ეკლესიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?

საქართველოსთან დაკავშირებული დეტალები არ ვიცი, მაგრამ ასეთი სიტუაცია ხშირად გვხვდება ქვეყნებში, სადაც ეკლესია გაყოფილია. ეს ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ზოგ შემთხვევაში ამ გაყოფის მიზეზი რუსეთს უკავშირდება. სამწუხაროდ, ეკლესიის მხრიდან თუნდაც არასწორი ნაბიჯების წარმოჩენა საკმაოდ რთულია. ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეკლესიის ბერკეტად გამოყენება არ ხდება. საუბარი არ მაქვს კეთილსინდისიერ, თავდადებულ სასულიერო პირებზე, რომლებიც პირნათლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს. იმედი მაქვს, სასულიერო პირთა უმრავლესობა სწორედ ასეთია. იმ ადამიანებმა, რომლებიც ეკლესიაში საკუთარი პოზიციის, ძალაუფლების და გავლენის ბოროტად გამოყენებას ცდილობენ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ.

სამწუხაროა ამ კითხვის დასმა რომ მიწევს, მაგრამ... რა როლს თამაშობს მედია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში?

მედიასთან დაკავშირებული სიტუაცია ლაკმუსის ტესტია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. სტატისტიკას რომ შევხედოთ - და ეს მხოლოდ კონფლიქტის ზონებში არ ხდება, არამედ მშვიდობიან გარემოშიც - რეპრესირებული ადამიანების უმრავლესობა ჟურნალისტები არიან. ადამიანები, რომლებიც წერენ კორუფციაზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, ავტორიტარული მმართველების სამიზნეები ხდებიან მათი პროფესიული საქმიანობის გამო. ეს ასევე არის იმის ინდიკატორი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მედიის არსებობა. მაგალითად, რუსეთში, ბელარუსში თავისუფალი პრესა არ არსებობს. მთავრობამ ყველა ან დაიჭირა ან ქვეყნიდან გააძევა. ის კი, რაც სამთავრობო არხებზე ხდება, ჟურნალისტიკა არ არის. მთავრობა ამ მედიებს იყენებს ადამიანებისთვის ტვინის გამოსარეცხად და ტყუილების გასავრცელებლად.

რატომ უნდა გაუძლოს მთავრობამ ამ ცდუნებას და რატომ უნდა დაიცვას თავისუფალი პრესა?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ქვეყანა გვინდა გვქონდეს, რის შექმნას ვცდილობთ - რეჟიმის, თუ დემოკრატიული ქვეყნის. თუ ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობა გსურთ, მაშინ ნაკისრი ვალდებულებები და პირობები უნდა შეასრულოთ. თუ ძალაუფლებაში დარჩენას ცდილობთ ნებისმიერ ფასად, მაშინ ეს შეიძლება ერთ-ერთი მეთოდი იყოს. თუმცა, საზოგადოებისთვის მიწოდებული მესიჯების კონტროლი მოკლევადიან შედეგს იძლევა. როცა გინდა აკონტროლო ყველა მოწინააღმდეგე, დააპატიმრო ყველა ოპონენტი, ამას ცუდი გრძელვადიანი შედეგი მოჰყვება. უმცირესობების, ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვისთვის დემოკრატიულ სახელმწიფოში ადგილი არ არის. ეს ახსნის გარეშე გასაგები უნდა იყოს და თუ არ არის გასაგები, მაშინ მათ ამის გაგებაში უნდა დავეხმაროთ.

საუბრის დასაწყისში თქვენ თქვით, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის თუ მთავრობას და ოპოზიციას თანამშრომლობა არ შეუძლიათ, მათ კოჰაბიტაცია მაინც უნდა შეძლონ. როგორ ხედავთ საქართველოში პოლიტიკური ძალების ურთიერთობას? ძალიან ფართო შეკითხვაა.

კი, მაგრამ პასუხი მოკლეა - პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ეს შეთანხმება შედგა. ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვერ ვიტყოდი, რომ ის, რაც მოხდა ჩემთვის მოულოდნელი იყო. იგივეს ვიტყვი - ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფოს ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე პარტიული ინტერესები. არავის სახელს არ ვახსენებ, მაგრამ ვიცნობ ადამიანებს ოპოზიციაში, რომლებიც უბრალოდ ტყუილს ამბობენ. ერთ-ერთ მათგანს ვუთხარი კიდეც, რომ ამას რატომ ამბობ, ამით ხომ ყველაფერს საფრთხეში აგდებ, რის გაკეთებასაც მომავალში აპირებ. თან, ამას ხომ არავინ დაგიჯერებს. მან მიპასუხა, რომ ეს პარტიის ბრძოლა იყო. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იკისროს. პარტიული ბრძოლა ძალიან მიმზიდველი და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან ერთად, მოდით არ დავივიწყოთ, რა არის მთავარი ამოცანა. ჩვენ ძალიან გვინდა ვიყოთ საქართველოს მეგობრები - საქართველოსი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ძალიან გვინდა დავინახოთ კონსოლიდაცია, რაც სამწუხაროდ არ ხდება. მოკლედ... მშვენიერია შეთანხმება რომ შედგა, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ის გარედან ჩარევის შედეგად მოხდა. თუ მომავალშიც გახდება მსგავსი შეთანხმება საჭირო, იმედია საქართველოს პოლიტიკური ელიტა თავად, საკუთარი რესურსით შეძლებს ამის გაკეთებას, გარედან დახმარების გარეშე.

ბოლო შეკითხვა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზე მინდა დაგისვათ. ჩვენს რეგიონში პატარა ქვეყნების ბედი ხშირად მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გეოპოლიტიკურ ურთიერთობაზეა გამოკიდებული. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. სამიტს როგორც ამერიკის შიგნით, ასევე ევროპაშიც დრამატულად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. როგორ აფასებთ მას თქვენ - რა მოლოდინები გაქვთ შეხვედრის შემდეგ რეგიონისთვის?

ეს შეკითხვა შეხვედრიდან მალევე დამისვეს და დღესაც იგივეს გავიმეორებ - ძალიან ადრეა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ შედეგი ჯერ არ გვაქვს. მათ წითელი ხაზები გაცვალეს. ახლა უნდა ვნახოთ ის, თუ რომელი ხაზებია უფრო წითელი. შეხვედრამდეც გაკეთდა ბევრი მნიშვნელოვანი განცხადება, ასევე იყო მნიშვნელოვანი შეხვედრებიც, მაგრამ მათ დიდი შედეგები არ მოჰყოლია. ყირიმის ოკუპაცია, დონბასში მიმდინარე აგრესია, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ბორდერიზაცია, პასპორტიზაცია - ამ მიმართულებით არაფერი იცვლება. ამ შეხვდრების შედეგად სიტუაცია არ უმჯობესდება. ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან ადრეა თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა.

რუსეთს ესმის მხოლოდ მკაფიო მესიჯები, ხელშესახები არგუმენტები უშუალოდ ველზე - რუსეთს ესმის ძალასთან დაკავშირებული არგუმენტები. მე აგრესიაზე არ ვსაუბრობ, არამედ ვსაუბრობ თანმიმდევრულობაზე, დასანახ, ხელშესახებ ძალაზე. ამის გაკეთება შეერთებულ შტატებს შეუძლია. მხოლოდ ამ გზით შეიძლება რუსეთის მოქმედებების შეცვლა. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაშინ არაფერი შეიცვლება და იმ შეხვედრის შედეგიც, რომელზეც თქვენ მკითხეთ, დადებითი არ იქნება. ეს შეხვედრები მხოლოდ კვამლის ფარდები იქნება რუსეთის აგრესიული მოქმედებების დასაფარად და იმის სათქმელად, რომ არის სფეროები სადაც ვერ ვთანხმდებით, სფეროები, სადაც თანამშრომლობა შეგვიძლია და საბოლოო ჯამში, გავაგრძელებთ ყველაფერს, როგორც ადრე. მაგრამ ამით ყველაფერი გაუარესდება. იმედია ასე არ მოხდება. პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვიერ განცხადებებს იმედია მოქმედებაც მოჰყვება. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ამავდროულად, ადვილია ამერიკელებისკენ თითის გაშვერა და იმის თქმა, თუ რა მოლოდინი გვაქვს მათგან. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ შინ, რა არის ჩვენი გასაკეთებელი საქმე, რომელსაც სხვა არავინ გაგვიკეთებს.

ეს ინტერვიუს დასამთავრებლად ძლიერი გზავნილი იყო! დიდი მადლობა!

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG