ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურატურამ 5 ივლისის საქმეზე 8 დაკავებულს ბრალი წარუდგინა


5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორცელებული თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ხუთ პირს წარუდგინა - საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესსნიუსის" ფოტოკორსეპონდენტზე, "ტვპირველის" ჟურნალისტებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის გამო.

დღესვე, პროკურატურამ ბრალი კიდევ 3 პირს წარუდგინა - "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრისთვის.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 7 და 8 ივლისს დააკავეს.

"2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები - ც.ჩ., ბ.მ., თ.გ., ო.გ. და მ.დ. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორს და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აქციის დროს, ბრალდებულები ა.ა., გ.ე. და გ.ო. ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალდება 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი უკვე 16 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი.

9 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისათვის მოსამართლემ 4 პირი დატოვა პატიმრობაში. ხოლო 8 ივლისს, პატიმრობა 3 ადამიანს შეეფარდა.

XS
SM
MD
LG