ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომოფების ზეიმი თბილისის ქუჩებში - ნაცემი და გატაცებული ჟურნალისტები 


ღირსების მარშის ნაცვლად თბილისში ჰომოფობიურმა ჯგუფებმა იზეიმეს. მოვლენები ცოტა ხნის წინ თბილისის რამდენიმე ტერიტორიაზე ერთდროულად ვითარდებოდა. რადიკალურმა ჯგუფებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი, პარლამენტის წინ მიმდინარე ტერიტორია. რადიკალურ ჯგუფებს მცდელობა ჰქონდათ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ შენობაშიც შეჭრილიყვნენ, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. ქალაქში "რადიო თავისუფლების" გადამღებმა ჯგუფმა ვერ შენიშნა საპოლიციო ტექნიკა, რომელსაც შსს აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს და ამას ძალადობით ამართლებს ხოლმე.

ძალადობრივმა ჯგუფებმა 15-ზე მეტ ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მათ შორის დაშავებული არიან „რადიო თავისუფლების“ ტელეკომპანია „მთავარის“, "ტვ პირველის", რუსთავი2-ის, იმედის ჟურნალისტებიც. ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტი რატი წვერავა, აქციის მონაწილეებმა გიტაცეს, სასტიკად ცემეს და ხელებშეკრული ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტი პოლიციამ უკვე გაათავისუფლა და ის პოლიციაში გადაიყვანეს, ჟურნალისტს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.

იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი შემთხვევიდან რამდენიმე საათია გასული, ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმო. პრეზიდენტი ამბობს, რომ მისთვის ძალადობა მიუღებელია.

უპრეცედენტო თავდასხმებისა და ძალადობის შემდეგ "თბილისი პრაიდმა" განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ ღირსების მარში აღარ გაიმართება.

სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე გავრცელდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ არამიზანშეწონილია მარშის გამართვა.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად, საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და ანონსი კონტრაქციის შესახებ გააკეთა.

თბილისში პარლამენტის წინ რადიკალურმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, მის ნაცვლად კი საქართველოს დროშა აღმართეს.

თბილისში ღირსების მარშის საწინააღმდეგო რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა. ერთ-ერთი საპატრიარქოს მიერ იყო ორგანიზებული. აქციას „რიონის ხეობის მცველები“ შეუერთდნენ. ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე ვარლამ გოლეთიანიც იმყოფებოდა.

„ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადებას და გვინდა მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პოზიცია. აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ძალადობის”, - უთხრა მოძრაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა "რადიო თავისუფლებას" რუსთაველის გამზირზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG