რუსეთის სამართალდამცავი უწყებები მოსახლეობას აფრთხილებენ, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში. ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოკავშირეები, მისი დაკავების შემდეგ, წმინდა ვალენტინის დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქცია-პერფორმანსს გეგმავენ.
ნავალნის მოკავშირემ, ლეონიდ ვოლკოვმა, რუსებს მოუწოდა კვირას საკუთარი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში შეიკრიბონ და მობილური ტელეფონებით ან სანთლებით, გულის ფორმები მოხაზონ. ვოლკოვის თქმით, ეს ეფექტური პროტესტის გზაა, რომელიც ბელარუსის გამოძახილია და მის მონაწილეებს თავიდან აარიდებს პოლიციის მიერ დაკავების საშიშროებას.
„ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ დემონსტრაციებში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
განცხადებები გაავრცელეს ასევე მთავარმა პროკურორმა და საგამოძიებო კომიტეტმა. მათი თქმით, მოსახლეობას სისხლის სამართლის დევნა ემუქრება, თუ უსანქციო გამოსვლებში მიიღებენ მონაწილეობას, განსაკუთრებით - იმ ფონზე როცა ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებს.
ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე, რუსეთის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, 11,000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ნავალნის პირობითი სასჯელის წესების დარღვევის გამო, სასამართლომ სასჯელი პატიმრობით შეუცვალა. სასამართლოს ვერდიქტით, ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ნავალნი გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევასთან დაკავშირებით, 90 საქმე აღიძრა.
რუსეთს საერთაშორისო საზოგადოება დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა, დუნჯა მიჯატოვიჩმა თქვა, რომ უპრეცედენტოა დაკავებულ პირთა რაოდენობა და მოსკოვს შეახსენა შეკრების თავისუფლებების მნიშვნელობა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში, ევროპის საბჭო გმობს პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას და დემონსტრანტების ცემას, მათ შორის - ათობით ჟურნალისტის.
მიჯატოვიჩი აცხადებს, რომ დაკავებულები საუბრობენ არასაკმარის საკვებზე, წყალზე, გათბობაზე, სანიტარულ წერტილებზე წვდომაზე და იზოლატორების გადავსებიდან გამომდინარე, დასაძინებელი ადგილების სიმწირეზე. „ეს სიტუაცია, თუ დადასტურდა, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს და დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს“, - ნათქვამია წერილში.
კრემლი უარყოფს პოლიციის მხრიდან რეპრესიებს და აცხადებს, რომ პოლიციის სისასტიკის შემთხვევების ბრალდებებს იძიებს. თუმცა, ის დასძენს, რომ უფრო მეტი შემთხვევა იყო, როცა პოლიციის წარმომადგენლებს სცემდნენ, ვიდრე პირიქით.
ევროპის საბჭო 47 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის რუსეთსაც. რუსეთი ასევე არის ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის.
Facebook Forum