რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია, მაყურებელს სკანდალური მამხილებელი მასალის ჩვენებას შეპირდა, რომლითაც “სახურავს ახდიდა” იმ “მდიდრულ” გერმანულ სახლს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ ცხოვრობდა და რეაბილიტაციას გადიოდა.
და რა სკანდალური აღმოჩენები გააკეთა ტელეპროგრამამ? ვილაში იყო ყავადანი, საცურაო აუზში წყალი კომფორტულ 26 გრადუსამდე იყო გამთბარი და ტუალეტის საწმენდი ჯაგრისიც კი მაღალი სტანდარტის იყო.
გადაცემის გასვლის შემდეგ რუსული სოციალური მედია სარკაზმმა და შარჟებმა წალეკა, რომელიც დასცინოდა ტელესიუჟეტს, როგორც იმის საუკეთესო მაგალითს, როდესაც კრემლის მხარდამჭერი მედია არაფრისგან დიდ ამბავს ქმნის.
ამის საპირწონედ, ნავალნის მიერ ოფიციალური კორუფციის ეფექტური და სარკაზმით სავსე გამოძიებები, რუსულ მედიასივრცეში თვეების განმავლობაში დომინირებდა. ციმბირში მოგზაურობის დროს თითქმის სიკვდილის, მოსკოვში დრამატული დაბრუნების და მყისიერი დაპატიმრების შემდეგ, მისი მასალებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა.
ნავალნის და მისი მოკავშირეების უნარმა, საზოგადოების ყურადღება მიეპყრო და ანტი-სამთავრობო განწყობები გაეძლიერებინა, გააღიზიანა კრემლი და სახელმწიფო მედია, რომელიც, როგორც წესი, რუსეთის ეთერში და საგაზეთო კიოსკებში დომინირებს.
“იუთუბზე” ამჟამად ყველაზე მეტად ნანახი რუსულენოვანი პროგრამა ორ საათიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ნავალნის გუნდმა მისი დაპატიმრების მეორე დღეს გაავრცელა და რომელიც აღწერს უზარმაზარ, შავი ზღვის ნაპირზე აშენებულ ვერსალის მსგავს სასახლეს, რომელსაც 'პუტინის სასახლეს' უწოდებენ და ფილმის ავტორების განცხადებით 1.7 მილიარდი დოლარი ღირს. ნავალნის გამოძიება ამბობს, რომ სასახლე პუტინისთვის აშენდა და მისი დაფინანსება პუტინის უახლოესი მოკავშირეების მიერ, კორუფციული ოფშორული კომპანიების ქსელის მეშვეობით მოხდა.
7 თებერვალს, პუტინის სასახლის შესახებ დოკუმენტური ფილმის საპასუხოდ, სახელმწიფო ტელევიზიის “ვესტი ნედელი”-მ შვიდწუთიანი სიუჟეტი გაუშვა. ამ სიუჟეტში, ტელეპროგრამის გუნდმა მოიპოვა წვდომა ვილაზე, სადაც ნავალნი მკურნალობის შემდეგ ცხოვრობდა და ეს დაქირავებული სახლი წარმოადგინა, როგორც უზომოდ დიდი დანახარჯი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ჯვაროსნული მოლაშქრისთვის შეუფერებელი იყო.
პროგრამის წამყვანმა ანასტასია პოპოვამ მაყურებელს აღუწერა “დიდი საცხოვრებელი ოთახი, ორი დივანი, ტელევიზორი და მაგიდაზე ცოცხალი ხილი”, ამასთან ერთად კი სამზარეულოს კარადაში ბოთლი ღვინო საჩუქრად. შემდეგ პოპოვა საცურაო აუზშიც ჩავიდა, მერე ვილის მთავარი სააბაზანო მოინახულა და ტუალეტის საწმენდი ჯაგრისიც კი შეამოწმა.
"ბრწყინავს მაგრამ არც ისე", - ამბობს პოპოვა სიუჟეტში.
ტუალეტის ჯაგრისი ეხმაურება პუტინის სასახლის შესახებ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ნავალნის გუნდი ირწმუნება, რომ არქიტექტურულ და დიზაინის დოკუმენტებზე დაყრდნობით, დაადგინეს, რომ სასახლის ერთ-ერთ ტუალეტში 700 დოლარიანი საწმენდი ჯაგრისს ხმარობენ.
კრემლი აცხადებს, რომ სასახლე პუტინს არ ეკუთვნის. დოკუმენტური ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, პუტინის ბავშვობის მეგობარმა და ძიუდოში პარტნიორმა, მილიარდერმა არკადი როტენბერგმა საჯაროდ განაცხადა, რომ სასახლე მისია.
“ვესტი ნედელიმ” თქვა, რომ გერმანული ვილა, სადაც ნავალნი რჩებოდა, დღეში 530 ევრო ღირდა, თუმცა “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანმა პროგრამამ “მიმდინარე დრომ”, რომელიც “ამერიკის ხმასთან” თანამშრომლობით მაუწყებლობს, თქვა, რომ იგივე ვილა საჯარო კატალოგში ამ თანხის ნახევარი ღირს.
ვილის მეპატრონემ, დამოუკიდებელ რუსულ ტელეარხ “ტვ დოჟდ”-ს უთხრა, რომ სახლის დაქირავებისას რუსმა ჟურნალისტებმა თავი ბელგიელ ტურისტებად გაასაღეს, წამყვანმა ჟურნალისტმა კი გამოგონილი ფრანგული გვარით ისარგებლა. მან ასევე თქვა, რომ მიმართა გერმანელ სამართალდამცავებს მას შემდეგ, რაც რუსმა ჟურნალისტებმა ის ფარული კამერით, მისი ნებართვის გარეშე ჩაწერეს.
ნავალნის თანაშემწე ლეონიდ ვოლკოვმა “ტვ დოჟდ”-ს უთხრა, რომ “ვესტი ნედელიმ” ვილის ქირის ხარჯი გაბერილად წარმოადგინა. ვილის და ახლომდებარე სტუდიის ხარჯი კი ლონდონში მცხოვრებმა რუსმა მულტიმილიონერმა ევგენი ჩიჩვარკინმა გაიღო.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ახლა კრემლის მკვეთრმა კრიტიკოსმა ვლადიმირ მილოვმა “ვესტის” სიუჟეტს დასცინა და თქვა, რომ მათ ყურადღება რაზეც გაამახვილეს, ეს ტიპიური გერმანული საცხოვრებელია. მან ეს საცხოვრებელი შეადარა რუსეთში არსებულ საშუალო საცხოვრებელს და თქვა, რომ რუსეთში ისეთი ბინების უჩვეულოდ მაღალი პროცენტია, სადაც შიდა წყალგაყვანილობა და ცხელი წყალი ან საშხაპეები არ არის.
სტატიის ავტორია,"რადიო თავისუფლების" ინგლისურენოვანი რედაქციის ჟურნალისტი, მაიკ ეკელი.
Facebook Forum