რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმტობაში რჩება. კრემლი დასავლეთის არაერთი მოწოდებისა და სანქციების მუქარისა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ ეს შიდა საკითხია და რუსეთში მიმდინარე პროცესებში ჩარევის საშუალებას არავის მისცემენ.
"ჩვენ არ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა. ეს არის წმინდა ქვეყნის შიდა საკითხი და არავის მივცემთ უფლებას ჩაერიოს ამ საქმეში,"- თქვა დმიტრი პესკოვმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის თანამდებობას იკავებს. პესკოვი ამბობს, რომ ნავალნიმ დანაშაული ჩაიდინა, ის რუსეთის მოქალაქეა და რუსული კანონმდებლობით აგებს პასუხს.
ნავალნი გერმანიიდან მოსკოვში ორშაბათს ხანგძლივი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა. მან წინასწარ იცოდა, რომ მოსკოვში ჩაფრენისთანავე დააკავებდნენ, რადგან რუს ოპოზიციონერს ფულის გაფლანგვის ბრალდებით საგამოძიებო ორგანოებმა ბრალი წარუდგინეს და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. თუ ნავალნი მოსკოვში არ დაბრუნდებოდა, მოსკოვი მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას და ექსტრადირების მოთხოვნას გეგმავდა. ნავალნი გერმანიაში რამდენიმე თვის წინ სამკურნალოდ სპეციალური რეისით გადაიყვანეს, მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ ის ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული. საწამლავი ნივთიერება მხოლოდ საბჭოთა კავშირში მზადდებოდა, ახლა კი მას წარმატებით იყენებს კრემლი. გერმანიისა და არაერთი სხვა ქვეყნის ოფიციალური სამსახურების მიერ დადასტურებულია, რომ ნავალნი ნოვიჩოკით რუსეთში მოწამლეს და კრემლს ამის გამო საქნციები დაუწესდა, თუმცა რუსეთი ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
მეტიც, მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ ნავალნისთვის ახალი ბრალი მილიონობით რუბლის გაფლანგვის შესახებ წარედგინათ და პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე მრავალი წლის განმავლობაში დაეპატიმრებინა. რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ საქმე პოლიტიკური არ არის, თუმცა დასავლეთში მიაჩნიათ, რომ კრემლის გადაწყვეტილება დაეკავებინათ ალექსეი ნავალნი პოლიტიკურია. ამის შესახებ, დასავლეთში არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა მოსკოვში დასავლეთის პოზიციების გათვალისწინებას არ აპირებენ, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ რუსეთს ამერიკამ და ევროპამ ახალი ფინანსური სანქციები დაუწესონ.
Facebook Forum