ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი საპრეზიდენტო განკარგულებებით, ტრამპის საიმიგრაციო წესებს აუქმებს


სამშაბათს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებებს, რათა დაშალოს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემზღუდველი საიმიგრაციო წესები, მათ შორის იმ ოჯახების გაერთიანების შეზღუდვის მცდელობა, რომლებიც ამერიკა-მექსიკის საზღვარზე განაცალკევეს.
განკარგულების ხელმოწერისას ბაიდენმა თქვა: “ახალ კანონს არ ვქმნი, ცუდ წესებს ვაუქმებ”.



თეთრ სახლში შესვლიდან პირველივე საათებში, ბაიდენმა ტრამპის 16 მილიარდი დოლარის ღირებულების სასაზღვრო კედლის მშენენლობა შეაჩერა და შორს მიმავალი საიმიგრაციო კანონპროექტი გაუგზავნა კონგრესს, სადაც კანონმდებლები დიდი ხანია ჩიხში არიან შესული. ლიბერალებს სურთ შეერთებული შტატების მოქალაქეობის მიღების პროცესი გააადვილონ, კონსერვატორებს კი უკანონო იმიგრაციის შეჩერება სურთ.
ბაიდენის ერთ-ერთი განკარგულება ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც 600-ზე მეტ მიგრანტ ბავშვს, რომლებიც 2017 და 2018 წლებში ფედერალურმა მთავრობამ მშობლებისგან განაცალკევა, თავის ოჯახებს დაუბრუნებს. ოფიციალური პირები ამბონენ, რომ ამ ძალისხმევაში აქტიურ როლს, პირველი ლედი ჯილ ბაიდენი შეასრულებს.
განკარგულებების ხელმოწერის ცერემონიისას ბაიდენმა თქვა, რომ იმედი ჰქონდა ოჯახების განცალკევების “ლაქას” მოიცილებდა. სამშაბათს ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ტრამპის “ყურადღება კედლის მშენებლობაზე იყო გადართული და არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მიეხედა საწყისი მიზეზისთვის, რის გამოც ადამიანები ჩვენს სამხრეთ საზღვარზე მოდიოდნენ. ის იყო შეზღუდული, გამფლანგველი და გულუბრყვილო სტრატეგია და ის ჩაიშალა.”
ამის საწინააღმდეგოდ, წინა ადმინისტრაციის სასაზღვრო ინიციატივების მხარდამჭერებმა თქვეს, რომ ბაიდენის განკარგულებები ქაოსს და უკანონობას გამოიწვევს.
ვაშინგტონში დაფუძნებული “ჰერითიჯის ფონდის” პოლიტიკური ადვოკატირების განყოფილების დირექტორმა ჯესიკა ანდერსონმა თავის განცხადებაში თქვა: ”პანდემიამდე პერიოდის ტემპით ვიზების გაცემით, თავშესაფრის მინიჭების გონივრული წესების მიტოვებით და სოციალური უსაფრთხოების ისედაც გადატვირთული სისტემის კიდევ მეტად დატვირთვით, ეს განკარგულებები ღია საზღვრის საშიშ პოლიტიკას წაახალისებს, სამსახურის მაძიებელ ამერიკელებს სამუშაო ადგილებს წაართმევს და ამერიკის ეკონომიკას, კარანტინებით გამოწვეული ვარდნიდან გამოსვლის შესაძლებლობას შეუზღუდავს.”
ბაიდენი გეგმავს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს კორუფციასთან საბრძოლველად ახალი დახმარება შესთავაზოს და შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ავალებს გადახედოს ტრამპის პოლიტიკას, რომელიც არა მექსიკელ მიგრანტებს ავალდებულებს, შეერთებული შტატების საიმიგრაციო სასამართლოში მათი გამოცხადების დღემდე მექსიკაში დარჩნენ.
ბაიდენის საიმიგრაციო ცვლილებები შესაძლოა სასამართლო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს. მისმა ერთ-ერთმა განკარგულებამ, რომელიც პრეზიდენტობის პირველ კვირაში გამოსცა, იურიდიული მარცხი უკვე განიცადა, როდესაც ფედერალურმა მოსამართლემ დეპორტაციების 100 დღიანი პაუზის განკარგულება, საქმის მოსმენამდე დროებით დაბლოკა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG