ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19: ბაიდენის დაპირებების რეალურობა


ვაქცინაციის ცენტრი ბრონქსში, ნიუ-იორკი
ვაქცინაციის ცენტრი ბრონქსში, ნიუ-იორკი

ამერიკაში ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები დიდი ხანია ელოდნენ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილ ბრძოლის ერთიან პროგრამას, რომელიც გამჭვირვალედ იქნებოდა წარმოდგენილი. თუმცა, როცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გეგმა ყველასთვის ხელმისაწვდომად გამოაქვეყნა, გაჩნდა კითხვები მის რეალურად შესრულებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ყველა, ვინც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ვართ ჩართული, ვითხოვდით გეგმას ტრამპის ადმინისტრაციისგან" - ამბობს ბალტიმორის ჯანდაცვის ყოფილი კომისარი ლეანა ვენი. ახლა ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორია. ვენის თქმით, გეგმა რომ მთელი ქვეყნისთვის რამდენიმე თვით ადრე მომზადებულიყო, ძალიან "დიდი განსხვავება" იქნებოდა ამერიკაში პანდემიის მართვის მიმართულებით.

მეორეს მხრივ, ბაიდენის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში "რაიმე განსაკუთრებით გენიალური იდეები არ არის" - ამბობს პროფესორი აშიშ ჟა, ბრაუნის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი. მისი აზრით, "ეს პრინციპში ჯანდაცვის საწყისებია. გენიალურად მარტო იმიტომ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ წინა გუნდმა ის არ მოამზადა".

ახლა შეერთებულ შტატებში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კოვიდ-19-ის გართულებებით დღეში საშუალოდ 3 000 ადამიანი კვდება. ინფიცირებულთა რაოდენობა 26 მილიონს აჭარბებს, შესაბამისად ჩნდება ახალი მუტაციები, რომლებიც უფრო მეტად ვრცელდება. ქვეყნის ეკონომიკა კი თითქმის წელიწადია გაჩერებულია.

ბაიდენის გეგმის წარმატებულობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ის იქნება, თუ რამდენად ნაკლები ადამიანი მოკვდება კოვიდ-19-ის გამო. თუმცა, სპეციალისტების აზრით, ბევრი რამ მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება, მათ შორისაა ახალი მუტაციების გავრცელება.

ბაიდენის გეგმა პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 100 მილიონი აცრის გაკეთებას ითვალისწინებდა, ანუ დღეში - მილიონის. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვაქცინაციის გაცილებით აგრესიული ტემპებით გაზრდაც შესაძლებელია.

ლიანა ვენის თქმით, "შეუძლებელია ასეთი დაბალი სტანდარტის მიზნად დასახვა". თუმცა, შეერთებულ შტატებში უკვე დამტკიცებული კოვიდ-19-ის ვაქცინის მწარმოებლები "მოდერნა" და "ფაიზერ-ბიონტექი" ასევე საუბრობენ წარმოების ლიმიტებზე.

ორშაბათს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ მწარმოებლებისგან ამერიკა მეტ ვაქცინას მიიღებს. ამან კი შესაძლოა ამერიკას საშუალება მისცეს "დღეში არა მილიონი, არამედ 1.5 მილიონი აიცრას".

ამერიკის შტატები დისტრიბუციის გაუმართაობაზეც ჩივიან და ამბობენ, რომ ზუსტად არ იციან, თუ რამდენ დოზას მიიღებენ და როდის. რიგ შემთხვევებში, ვაქცინაციის ვიზიტები გაუქმდა იმის გამო, რომ შტატებმა არ იციან, თუ როდის მიიღებენ კოვიდ-19-ის ვაქცინას.

ამერიკის ახალ პრეზიდენტს ვაქცინაციის ლოგისტიკის ამ მიმართულებაზეც მოუწევს მუშაობა. მაგრამ, ხარვეზები, როგორც ჩანს, შტატების შიგნითაც ფიქსირდება. ფედერალური მთავრობა აცხადებს, რომ მიწოდებული კოვიდ-19-ის ვაქცინის დოზების ნახევარზე ოდნავ მეტია ადმინისტრირებული.

ვაქცინაციის გარდა, გასამართია ტესტირების, კონტროლის, იზოლაციის პროგრამებიც. ასევე, ჯერ კიდევ მოუგვარებელია ნიღბების და სამედიცინო დაწესებულებებში პირადი დამცავი აღჭურვილობის საკმარისად მიწოდება. ტესტერების ნაკლებობის პრობლემა პანდემიის დასაწყისიდან არსებობდა და ჯერჯერობით არ გაუმჯობესებულა. პროფესორი ჟა ამბობს, რომ ტესტირება სულ ცოტა, უნდა გაორმაგდეს და დამატებითი ცენტრებიც უნდა გაიხსნას.

ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმით, უნდა შემოკლდეს ტესტზე პასუხის მიღების ვადებიც. ასევე გაძლიერდება პანდემიის კონტროლის, ინფიცირებულების მონიტორინგის პროგრამები.

კოვიდ-19-ზე რეაგირების მასშტაბების და ინტენსივობის გაფართოება, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კადრების გაზრდასაც გულისხმობს. ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემებმა, 2008 წლიდან მოყოლებული, სრულშტატიანი კადრების თითქმის 16% დაკარგა. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, სისტემაში დამატებით 100 000 ჯანდაცვის მუშაკი უნდა დასაქმდეს, რაც შტატის თითქმის გაორმაგებას ნიშნავს. დღეისთვის იქ 136 000 ადამიანი მუშაობს.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ ჯანდაცვის მუშაკების შტატის გაზრდის ბიუჯეტი გასულ წელს უკვე წარმოადგინა. თუმცა მაშინ, რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე სენატმა ის არ დაამტკიცა.

ეს ზომა ახლა ბაიდენის მიერ წარმოდგენილ კორონავირუსის შემსუბუქების კანონპროექტშია შეტანილი. ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა კონგრესი ამერიკის ახალი პრეზიდენტის 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების გეგმას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG