ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ხდება ამერიკაში ხელისუფლების გადაბარება - დღევანდელი ვითარება და ისტორიული მაგალითები


  • „ მე გავიმარჯვე არჩევნებში“
  • „ჯორჯიის შტატში ფეიკ გადათვლა მიმდინარეობს, რადგან ისინი არ აძლევენ დამკვირებლებს საშუალებას დაათვალიერონ და გადაამოწმონ ბიულეტენები“
  • „რადიკალი მემარცხენე დემოკრატები პარტნიორ ფეიკ მედიასთან ერთად მუშაობენ და ცდილობენ მოიპარონ ეს არჩევნები. ჩვენ მათ ამის ნებას არ მივცემთ“

ეს ბოლო რამდენიმე საათის განცხადებებია, რომლებსაც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებიდან 13 დღე გავიდა, ხოლო მედიის მიერ არჩეული პრეზიდენტის გამოცხადებიდან 9 დღე, დონალდ ტრამპი შედეგებს არ აღიარებს და ამბობს რომ ხმები მოპარულია და შედეგები რეალობას აცდენილი. პრეზიდენტმა უარყო, რომ პენსილვანიაში მისმა საარჩევნო გუნდმა სარჩელები გამოიტანა სასამართლოდან და თქვა, რომ ეს „ფეიკ მედიის“ მიერ მიზანმიმართულად გავრცელებული ტყუილია.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ პრეზიდენტის და მისი საარჩევნო შტაბის დამოკიდებულება არის მიზეზი, რომლის გამოც, ამ დრომდე არ დაწყებულა ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რომელიც არჩეული პრეზიდენტის გამოცხადებიდან ინაუგურაციის დღემდე გრძელდება და მას მრავალი პროცედურა აქვს. თუმცა სანამ ამ პროცედურებზე დეტალურად ვისაუბრებთ გავიხსენოთ წინა არჩევნები.

10 ნოემბერი 2016 წელი ვაშინგტონი, აშშ

„დიდი მადლობა პრეზიდენტო ობამა. ეს შეხვედრა უნდა გაგრძელებულიყო 10-15 წუთის განმავლობაში და ჩვენ გაგვეცნო ერთმანეთი, რადგან ჩვენ არასდროს შევხვედრილვართ ერთმანეთს. დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო და ვთქვა, რომ ეს შეხვედრა, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი საკითხის შესახებ - ზოგ პრობლემურ და შესანიშნავ საქმეებზეც. პატივია ჩემთვის თქვენთან ერთად ყოფნა,“ - 2016 წლის 10 ნოემბერს დონალდ ტრამპმა მის წინამორბედ ბარაკ ობამასთან შეხვედრის დრო თქვა.

2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მედიის მიერ გამარჯვებულად პრეზიდენტი ტრამპი ინდივიდუალური შტატებიდან მიღებული შედეგების საფუძველზე გამოცხადდა. ეს ერთგვარი ამერიკული ტრადიციაა, მედია კონკრეტული შტატებიდან ოფიციალურ მონაცემებს იღებს ხმებს აჯამებს და აცხადებს გამარჯვებულ კანდიდატს.

2016 წელს არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა, 9 ნოემბერს არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გამარჯვება ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიულოცა, 10 ნოემბერს კი თეთრ სახლში უმასპინძლა და თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ხელისუფლების გადაბარების პროცესს იწყებდა.

„შემდგომი 2 თვის განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ხელისუფლების გადაბარება და ეს პროცესი მაქსიმალურად წარმატებით გავიაროთ. რათა არჩეულმა პრეზიდენტმა დროულად შეძლოს საქმიანობის დაწყება. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებებისა და კუთვნილების მიუხედავად, ახლა არის დრო, როცა ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და ვიმუშაოთ რათა ეს პროცესი იყოს წარმატებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის, რადგან ეს მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ წარმატებული და თუ თქვენ იქნებით წარმატებული ქვეყანა იქნება წარმატებული,“ - თქვა 2016 წლის 10 ნოემბერს დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს ბარაკ ობამამ.

ამავე შეხვედრაზე ობამამ ასევე უთხრა ტრამპს, რომ პირველი ლედი მიშელ ობამა უკვე შეხვდა არჩეული პრეზიდენტის მეუღლე მელანია ტრამპმს და აღნიშნა, რომ შეხვედრა თბილ ვითარებაში წარიმართა.

2020 წლის არჩევნები - რა ხდება დღეს?

2016 წლისგან განსხვავებით ამერიკაში დღეს რადიკალურად სხვა ვითარებაა შექმნილი. თუ მაშინ მოქმედმა ადმინისტრაციამ შედეგები აღიარა, დღეს პირიქით ხდება, პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია და მას ხმები მოპარეს. ამის გამო მისი საარჩევნო გუნდი სასამართლო დავებს იწყებს, სხვადასხვა შტატში კი ხმის გადათვლის პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის, ჯორჯიის შტატშიც. პროცესს დონალდ ტრამპი უნდობლობას უცხადებს.

გარკვეულმა ტელეარხებმა ჯორჯიის შტატის შედეგები უკვე გამოაცხადეს, თუმცა „ამერიკის ხმა“ ამ დრომდე ამ შტატიდან მიღებულ შედეგებს არ აცხადებს და ჩვენი მონაცემებით საარჩევნო კოლეგიაში დემოკრატ არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 290 ხმა აქვს, ხოლო რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 232. კანდიდატს არჩევნებში გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიაში 270-ზე მეტი ხმა სჭირდება.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე სრულად არის შეჩერებული ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რაც შეიძლება ახალი ადამინისტრაციისთვის სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს. თუმცა მიმდინარე პროცესი დემოკრატიულია და ასეთი ფაქტი ამერიკის ისტორიაში არაერთი ყოფილა.

ისტორიული ფაქტები

უახლეს ისტორიაში ყველას გაახსენდებოდა 2000 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები. მაშინ პრეზიდენტობისთვის რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ უმცროსი და დემოკრატი ალ გორი იბრძოდნენ. კანდიდატებმა თითქმის თანაბარი რაოდენობით დააგროვეს ხმები საარჩევნო კოლეგიაში. ფინიშის ხაზი მაშინ ფლორიდაზე გადიოდა. თავდაპირველად დემოკრატებმა აღიარეს შედეგები, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად ხმების ხელმეორედ დათვლა გახდა საჭირო. გადათვლით გაირკვა, რომ ფლორიდაში ჯორჯ ბუშ უმცროსმა 537-ით მეტი ხმა მოიპოვა. ამ გამარჯვებით მან საარჩევნო კოლეგიაში 270-ხმაზე მეტი დააგროვა. გორმა შედეგები გაასაჩივრა და პროცესში უზენაესი სასამართლო ჩაერთო.

საბოლოო ჯამში, ამერიკის 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი გახდა, თუმცა მას და მის ადმინისტრაციას არჩევნების დღიდან თითქმის 37 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ წვდომა ფედერალურ სააგენტოებსა და რესურსებზე იმისთვის, რომ წინა - ბილ კლინტონის - ადმინისტრაციისგან მმართველობის გადაბარების პროცესი დაეწყოთ.

ამერიკის უახლესი ისტორია ხელისუფლების გადაბარების პროცესის შენელების სხვა ფაქტს არ ინახავს. თუმცა მოქმედი და არჩეული პრეზიდენტების შეხვედრები არჩევნების შემდეგ მუდამ სხვადასხვა დროს ხდება. მაგალითად, 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა აიზენჰაუერმა არჩეულ პრეზიდენტ ჯონ კენედის მიაწოდა ყველანაირი ინფორმაცია, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით. თუმცა, მათ შორის შეხვედრა არჩევნების დღიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ შედგა.

ისტორია ინახავს კადრებს რომლებიც 1961 წლის 6 იანვრით თარიღდება, ინაუგურაციამდე 2 კვირით ადრე. ეს იყო პირველი შეხვედრა მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს შორის. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო და ის 2 საათი გაგრძელდა.

სწორედ ჯონ კენედის პრეზიდენტობის პერიოდში, 1963 წელს შეიქმნა გარდამავალი საპრეზიდენტო პერიოდის აქტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაბარება მოქმედი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ არჩეული პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის.

როგორ ხდება ხელისუფლების გადაბარება და რას გულისხმობს გარდამავალი საპრეზიდენტო პერიოდის აქტი

პროცესს სამთავრობო სამსახურის ადმინისტრაცია უწევს მეთვალყურეობას. სპეციალურად გარდამავალი პერიოდისთვის ამერიკის ფედერალურ ბიუჯეტში გამოყოფილია რამდენიმე მილიონი დოლარი. არჩეული პრეზიდენტის გუნდი იღებს დეტალურ მონაცემებს, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის შესახებ, მანამდე კი ისინი ეცნობიან მთავრობის წევრებისთვის შემუშავებულ ეთიკის წესებს და გადიან წარსულის სპეციალურ შემოწმებას, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო ატარებს.

გადაბარების პროცესზე მომუშავე გუნდს პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევნებამდე ადგენენ, მაგალითად დონალდ ტრამპმა ასეთი გუნდი 2016 წელს მაისში ჩამოაყალიბა, ჰილარი კლინტონმა კი აგვისტოში. სამთავრობო სამსახურის ადმინისტრაცია მზადების პროცესს არჩევნებამდე 1 წლით ადრე იწყებს.

ხელისუფლების გადაბარებას, პროცესი სრულდება მაშინ, როცა არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს. ამერიკის კონსტიტუცია ამბობს, რომ ინაუგურაცია ყოველთვის 20 იანვარს გაიმართება.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაბარების პროცესი შეჩერებულია. პარალელურად პრეზიდენტი ტრამპი საკადრო ცვლილებებსაც ამ დრომდე ახორციელებს. მოქმედმა პრეზიდენტმა თავდაცვის მდივანი ადმინისტრაციის გადაბარებამდე 2 თვით ადრე სამსახურიდან გაათავისუფლა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სხვა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

არჩეული პრეზიდენტის გეგმები და ადმინისტრაცია

უკვე ცნობილია თუ ვინ უხელმძღვანელებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას - ეს რონ კლაინი იქნება. გამოცდილი სახელმწიფო მოხელე და ადვოკატი. კლაინი წლების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა, მანამდე ამავე თანამდებობას იკავებდა ალ გორის ვიცე-პრეზიდენტობის დროს.

არჩეულმა პრეზიდენტმა კოვიდ19-ის წინააღმდეგ სპეციალური ჯგუფიც ჩამოაყალიბა, რომელიც ძირითადად მეცნიერებით არის დაკომპლექტებული. სწორედ ამ გუნდზე იქნება დამოკიდებული როგორ გააგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდ19-თან ბრძოლად 20 იანვრის შემდეგ. გუნდის წევრები დღეს ამბობენ, რომ მათთან მოქმედი ადმინისტრაცია არ თანამშრომლობს რაც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.

„საჭიოტოა იცოდე ვაქცინის დისტრიბუციის გეგმა, სად არის რეზერვები და რა მდგომარეობაა საჭირო ინვენტარის კუთხით, პირბადეები/ ხელთათმანები. ბევრია ისეთი ინფორმაცია, რომელიც უნდა გადმოგვეცეს და ბოლო წუთამდე ეს ვერ მოიცდის,“- ამბობს ტელეკომპანია „ეი ბი სი“-სთან საუბრის დროს ბაიდენის პანდემიასთან ბრძოლის გუნდის წევრი ატულ გავანდე.

თავად პრეზიდენტი ტრამპი ინფორმაციის გაზიარების შესახებ არაფერს ამბობს. გასული კვირის ბოლოს მან თეთრ სახლში განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აპრილიდან ამერიკაში ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს მისი დამსახურებაა, რადგან ის ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას, რომ პროცესი უნდა დაჩქარებულიყო. მეტიც ამავე გამოსვლაში პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ „მე და ჩემი ადმინისტრაცია არ ვგეგმავთ საყოველთაო ლოქდაუნის შემოღებას, არ ვიცი სხვა ადმინისტრაცია რას გააკეთებს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდის შედეგების მომტანი იქნება,“- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკასაც აზარალებს, ადამიანთა ფინანსურ მდგომარეობასაც და მენტალურ პრობლემებს წარმოშობს.

როდის დასახელდება ამერიკაში ოფიციალურად 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, ვინ ასახელებს მას და როგორია სისტემა?

2020 წლის საპრეზიდენტო გამარჯვებული ოფიციალურად 2021 წლის 6 იანვარს დასახელდება, მაშინ როცა საარჩევნო კოლეგია ხმებს გამოაცხადებს და კონგრესი შედეგებს დაადასტურებს.

ფაქტი ერთია ამერიკაში პროცესებს კონსტიტუცია და ხალხი განსაზღვრავს. პროცესს კი საფუძველი დამფუძნებელმა მამებმა ჩაუყარეს. მათ ამერიკის კონსტიტუცია შექმნეს და ძალთა ბალანსი მთავრობის აღმასრულებელ, სასამართლო და საკანონმდებლო შტოებს შორის თანაბრად გაანაწილეს. აქედან, ბიუჯეტის კონტროლის უფლება კონგრესს მისცეს, რომელსაც ხშირად ხალხის სახლს უწოდებენ.

დამფუძნებელი მამების მიერ არის შექმნილი საარჩევნო პროცედურები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით უნიკალურია. ამერიკაში კანდიდატი არჩევნებში რიგითი ამომრჩევლის ხმების რაოდენობით ვერ იმარჯვებს. მაგალითად, 2016 წელს ჰილარი კლინტონს ქვეყნის მასშტაბით გაცილებით მეტი მოქალაქის ხმა ჰქონდა, თუმცა გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა. მიზეზი საარჩევნო კოლეგია და სპეციალური წესებია. არჩევნებში იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ შტატში მოიპოვებს გამარჯვებას და არა ის, ვინც ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტ ხმას დააგროვებს.

ხალხი აძლევს ხმას, საარჩევნო კოლეგია შედეგების მიხედვით კანდიდატებზე ანაწილებს ხმებს, ხალხს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო კოლეგიაში, სადაც თითოეულ შტატს საკუთარი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე აქვს ხმები.

საარჩევნო კოლეგიაში სულ 538 ხმაა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კი კანდიდატმა 270 ხმაზე მეტი უნდა დააგროვოს. გამარჯვებულ კანდიდატს, როგორც წესი, შტატის კოლეგიის ყველა ხმა მიაქვს.

მაგალითად თუ კანდიდატი ტეხასში დააგროვებს 50 პროცენტზე მეტს ის საარჩევნო კოლეგიაში შტატის 38-ვე ხმას მიიღებს, ხოლო თუ კალიფორნიაში გაიმარჯვებს მიიღებს შტატის 55-ვე ხმას. წელს საარჩევნო კოლეგიამ საბოლოო შეხვედრა 14 დეკემბერს უნდა გამართოს და გამოაცხადოს 538 ხმიდან რამდენი მიიღო ჯო ბაიდენმა და რამდენი დონალდ ტრამპმა.

შემდეგ კონსტიტუციის მიხედვით შედეგები ამერიკის ეროვნულ არქივში გადაიგზავნება, 6 იანვარს კი კონგრესის ორივე პალატა შეიკრიბება, კანონმდებლები საარჩევნო კოლეგიის შედეგებს მოისმენენ განიხილავენ ყველა საჩივარს და არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს ოფიციალურად დაასახელებენ.

როდის დადებს ფიცს ახალი პრეზიდენტი?

ინაუგურაციის თარიღს, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან პროცესებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუცია განსაზღვრავს. დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ არჩეული პრეზიდენტი ფიცს დებს 20 იანვარს. ეს თარიღი არ იცველბა. დედაქალაქში საზეიმო მზადება ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს ინაუგურაცია პანდემიიდან გამომდინარე განსხვავებულ ვითარებაში წარიმართოს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG