ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნებზე ინფიცირების რისკი მინიმალური იქნება - ამირან გამყრელიძე


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე ინფიცირების რისკი მინიმალურია. მისი თქმით, გათვალისწინებულია ყველაფერი იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს.

„დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. იქ ისეა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ მინიმალურია ადამიანების დაინფიცირების რისკი. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით. იქ ორჯერ გვიწევს ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვაა გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პერიოდში და არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“- აცხადებს გამყრელიძე.

არჩევნებზე პანდემიისგან დაცვის მაქსიმალურ ზომებზე, ანალოგიურ განცხადებას ავრცელებს პაატა იმნაძეც, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე. მისი თქმით, არჩევნებზე მისვლა, "უბნის მაღაზიაში" შესვლაზე უფრო უსაფრთხოა.

იმნაძის განმარტებით, საქართველოში არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად გაითვალისწინეს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც პანდემიის პირობებში არჩევნები გაიმართა. "შემუშავებული იქნება ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის... იქ პრაქტიკულად იმის შანსი, რომ გადაედოს ადამიანს ადამიანისგან, არ არსებობს. დროც ცოტაა, ნიღბით არის ადამიანი, ყველა სხვაც გათვალისწინებულია, კალამი ერთჯერადი და ყველაფერია გათვალისწინებული, რომ უსაფრთხო იყოს ხმის მიცემის პროცედურა“ - თქვა პაატა იმნაძემ.

პანდემიის კოვიდ-19 მზარდ ფონზე, ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ბოლო 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა და 12 პაციენტის გარდაცვალება დარეგისტრირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების სულ 37 263 შემთხვევა აღირიცხა. გარდაცვლილია 285 ადამიანი.

შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვა, ე.წ. ლოკდაუნი არ იგეგმება, თუმცა იქნება წერტილოვანი შეზღუდვები. "კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით არ იქნება და ვერ იქნება" - განაცხადა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG