ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიში ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მედია პოლარიზებულია


არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მედიის მიერ საარჩევნო პროცესების გაშუქება „მეტად პოლარიზებული და ნაკლებად დაბალანსებული ხდება.“ ასე აფასებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგის ანგარიშები მედიაგარემოს. ანგარიშები 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა და მათი მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაგარემოს შეფასება იყო. საარჩევნო მედიამონიტორინგი ევროკავშირის დაფინანსებით გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ,“ „ინტერნიუს საქართველომ,“ და „CRRC-საქართველომ“ ჩაატარა.

მონიტორინგი 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს და 43 მედიასაშუალებას მოიცავს. მათ შორისა 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთს და 13 ონლაინ გამოცემას დააკვირდნენ.

ანგარიშის თანახმად ყველა ტელევიზია აშუქებს საპარლამენტო არჩევნებზე უცხოურ გავლენას. ამაში შედის დასავლეთის გავლენა, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ნატო მოიაზრება და ასევე შუქდება რუსეთის გავლენაც. დასავლეთის გავლენა ძირითადად დადებითად ფასდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ტელევიზიები საქართველოს საქმეებში რუსეთის ჩარევის თემას აშუქებენ, ხოლო „რუსეთთან კავშირების ქონა“ პოლიტიკური აქტორების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება.

ანგარიში ამბობს, რომ მონიტორინგის პერიოდში სამაუწყებლო მედიაში პოლარიზაცია გაიზარდა. ამას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიების ეთერში მისვლაზე, მათ შორის, „ტელეკომპანია პირველის,“ „ფორმულას,“ და „მთავარი არხისა“ და „პალიტრა ტვ“-ის გადაცემებში მონაწილეობაზე.

გაზეთებზე საუბრისას, ანგარიში ამბობს, რომ ისინი თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას უარყოფით კონტექსტში განიხილავს და ხშირად, დაბალი დონის ჟურნალისტურ პრინციპებს იყენებს, რაშიც გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატიები შედის. „ზოგიერთი გაზეთი კვლავ იყენებს შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ ტერმინოლოგიას,“ ნათქვამია ანგარიშში.

„ინტერნეტმედიის“ ანგარიში აცხადებს, რომ ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები „უფრო მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.“ ისინი ასევე „უფრო მეტ საარჩევნო სუბიექტს აშუქებენ და თავს იკავებენ შეურაცხმყოფელი ენის გამოყენებისგან.“

ანგარიშის თანახმად, რადიო ყველაზე დაბალანსებული და ნეიტრალური მედია საშუალებაა, თუმცა მას ყველაზე დაბალი რეიტინგები აქვს.

მედიამონიტორინგი საარჩევნო პროცესის ბოლომდე გაგრძელდება და საბოლოო ანგარიშები წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG