შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში, საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა. „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად სენატორი ამბობს, რომ მხარეებმა შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში უნდა იმოქმედონ.
„არჩევნების ჩატარება დემოკრატიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სავარჯიშოა და პანდემიის პირობებში, საქართველო უქმეებზე არჩევნებისთვის ემზადება, ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. მე მოველი, რომ ვიხილავ საქართველოს მიერ მისი დემოკრატიული არჩევანის და სტაბილურობის დადასტურებას თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებით. ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ჩარჩოს პატივისცემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიები მიმდინარე წელს შეთანხმდნენ“, - განაცხადა მან.
სენატორი, მის დემოკრატ კოლეგასთან ერთად, კომიტეტის დემოკრატ ლიდერთან, სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას გაავრცელებს.
არჩევნების დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ასევე ადამ კინზინგერმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ წარმომადგენელთა პალატაში.
"ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად", - აცხადებს კინზინგერი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, შაბათს 31 ოქტომბერს გაიმართება. გასული თვეების განმავლობაში, შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფი, ისევე, როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აქტიურად აკვირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებების მიღების პროცესს.
Facebook Forum