სოციალური ქსელებისა და სარეკლამო კომპანიების დიდი შეთანხმების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სოციალური ქსელი "ტვიტერი" დეზინფორმაციაზე რეაგირებისათვის უფრო მოქნილ სისტემას ქმნის. "ტვიტერის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა იოელ როთმა "როიტერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ სოციალური ქსელი ცდილობს გააუმჯობესოს სისტემა, რათა უფრო მოკლე დროში მოხდეს ალგორითმის მეშვეობით დეზინფორმაციის გამოვლენა და მისი ამოღება პლატფორმიდან.
ინტერვიუში "ტვიტერის" წარმომადგენელი არ ადასტურებს მოესწრება თუ არა ახალი სისტემური ცვლილებების ამოქმედება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ოთხი კვირა ამერიკაში ყველაზე რთულია და დიდი რაოდენობით დეზინფორმაციის გავრცელებას ელოდებიან. დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყარო კი სოციალური ქსელებია.
იოელ როთი ამბობს, რომ შენარჩუნდება უკვე მოქმედი წესები, ნაწილი დაეხვეწება და მოხდება დამატება ახალი ფუნქციების. არ არის გამორიცხული ესა თუ ის პირი რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებაში არის შემჩნეული, სპეციალური ფერით ან ნიშნით აღინიშნოს, რათა პლატფორმის მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება უფრო მარტივად ამოიცნონ რა არის ან რა შეიძლება იყოს დეზინფორმაცია.
"ტვიტერში" ამბობენ, რომ მათ დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, პლატფორმებიდან ამოიღეს ათასობით ტვიტი, სტატია თუ ვიდეო. დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ კი უკვე მოქმედებს წესები, როდესაც ამა თუ იმ არასწორი კონტენტის ქვეშ ჩნდება წარწერა, რომელიც დეზინფორმაციისგან განსხვავებით მომხმარებელს სთავაზობს მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.
"ტვიტერში" ამბობენ, რომ მათ შეძლეს და გაუმკლავდნენ კოვიდ-19-ის ირგვლის წარმოებული დეზინფორმაციის ტალღას, გამოავლინეს წყაროები და მოახდინეს სწორი რეაგირება.
Facebook Forum