ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსი ამერიკის ყველა შტატში დაფიქსირდა, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა


ოფიციალური მონაცემების თანახმად ახალი კორონავირუსი ამერიკის ყველა შტატში დაფიქსირდა. ამერიკის დაავადებათა პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირების ორ ათეულზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა კოლუმბიის ოლქშიც, სადაც ქვეყნის დედაქალაქი მდებარეობს. ერთადერთი შტატი, სადაც კორონავირუსი არ აღრიცხულა, დასავლეთ ვირჯინია იყო, თუმცა გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება შტატში პირველი ინფიცირებულის შესახებ. "ჩვენ ვიცოდით, რომ ის მოდიოდა და მზად ვართ. არ უნდა მივეცეთ პანიკას" ამბობს დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორი.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 6 000-ს, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 100-ზე მეტია.

ყველაზე რთული ვითარება შტატ ვაშინგტონშია, შემდეგ ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში. თეთრი სახლის რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილების კვალდაკვალ, შტატების გუბერნატორებმა და ქალაქის მერებმა უკვე გამოაცხადეს სხვადასხვა შეზღუდვების შესახებ და მოსახლეობას რეკომენდაციები მისცეს.

ფლორიდაში გუბერნატორის გადაწყვეტილებით სანაპიროები დაიკეტა, ამავე გადაწყვეტილებით მუშაობა შეწყვიტეს ბარებმა და რესტორნებმა.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორის გადაწყვეტილებით შტატში საღამოს 8 საათის შემდეგ გადაადგილება იზღუდება, აქაც დაკეტილია ბარები და რესტორნები.

რთული ვითარებაა ნიუ-იორკშიც სადაც უკვე დახურულია მასობრივი თავშეყრის ადგილები და გადადებულია ღონისძიებები. ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ ქალაქ ნიუ-იორკში დამატებითი შეზღუდვები დააანონსა, თუმცა მას შტატის გუბერნატორი არ ეთანხმება. ამ დღეებში გაირკვევა, რაზე შეთანხმდებიან შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო და ქალაქ ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო.

კორონავირუსის გამო შეზღუდვებია დაწესებული მერილენდში და ვირჯინიის შტატებში. შეზღუდვები მოქმედებს კოლუმბიის ოლქშიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG