წელს, მსოფლიო კოსმოსურ ისტორიაში რამდენიმე ახალი ფურცელი დაიწერა, რამაც შესაძლოა სრულად შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.
შეხება მზესთან
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მზეს უკავშირდება. კაცობრიობის ისტორიაში, 2021 წელს, პირველად ნასას კოსმოსური ხომალდი მზეს შეეხო. პარკერის მზის ზონდი, მზის ატმოსფეროს ზედა ნაწილში, გვირგვინში, ჩაეშვა და მასში ფრენა შეძლო. კაფსულამ რომელიც მაღალტექნოლოგიური დამცავი ფარით არის აღჭურვილი, დედამიწაზე პირველად გამოგზავნა მონაცემები მზიდან.
პარკერის მზის ზონდი დედამიწიდან მზისკენ 2018 წელს გაუშვეს, შვიდწლიანი მისიის ფარგლებში კაფსულა მზესთან სულ უფრო და უფრო ახლო დისტანციაზე მივა და მონაცემებს შეაგროვებს.
ჯეიმს ვების ტელესკოპი
წლის მიწურულს, 25 დეკემბერს, მსოფლიოს უმძლავრესმა ტელესკომპა კოსმოსისკენ სტარტი აიღო. მისია წარმატებით მიმდინარეობს. შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მეცნიერების აზრით, ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გაკეთებული აღმოჩენები, შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს კოსმოსის შესწავლის და სამყაროს საწყისების აღქმის საქმეში.
კოსმოსური მოგზაურობა
2021 წელს კომპანიებმა "ვირჯინ გალაქტიკმა", "ბლუ ორიჯინმა" და "სფეის იქსმა" კოსმოსში მოგზაურობა დაიწყეს. რიჩარდ ბრენსონი და "ვირჯინ გალაქტიქსი" პირველი იყო ვინც კოსმოსში იმოგზაურა, ფრენა ივლისის დასაწყისში შედგა.
რამდენიმე დღის შემდეგ უფრო შორს, კოსმოსში იმოგზაურა ჯეფ ბეზოსის "ბლუ ორიჯინმა", ფრენა აპოლო 11-ის მთვარეზე დაშვების წლისთავზე შესრულდა.
ამ ფრენის დროს კიდევ ერთი ისტორია დაიწერა, მსოფლიოში პირველად კოსმოსში 82 წლის მფრინავმა ოლი ფანკმა იმოგზაურა.
მალევე ახალი რეკორდი "ბლუ ორიჯინის" კიდევ ერთი კოსმოსური მოგზაურობის დროს დამყარდა, სადაც 90 წლის მსახიობი უილიამ შატნერი იმყოფებოდა. შატნერი ცნობილ ტელესერიალში 1960 იან წლებში მონაწილეობდა.
"თუ თქვენ 2021 წელს კარგად დააკვირდებით, ეს საოცარი წელი იყო. მე ვფიქრობ, ახლა ჩვენ ადამიანის კოსმოსურ ფრენებში მონაწილეობის რენესანსია,"- ამბობს ნასას თანამშრომელი მისტი სნოპკოვსკი. მისი აზრით, კოსმოსური მოგზაურობებიდან, ამერიკისთვის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი "სფეის იქსის" კოსმოსში ორბიტალური ფრენა ყოფილიყო, რომელიც ქველმოქმედებას მიეძღვნა.
"იქიდან გამომდინარე, რომ ეს ოთხი ფრენა წარმატებული იყო, ვფიქრობ ეს წაახალისებს და საშუალებას მისცემს უფრო მეტ ადამიანს კოსმოსში იმოგზაუროს,"- გეუბნება სნოპკოვსკი.
კოსმოსში კომერციულ მოგზაურობებს მიესალმება მეცნიერი გრეგ ოტრი. ის ამბობს, რომ თუ მისიებში კერძო სექტორის ჩართვა გაიზრდება ამერიკის ერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.
"ახლა კერძო ინვესტიცია კოსმოსში უფრო დიდია, ვიდრე ნასას ბიუჯეტი. კერძო სექტორი უფრო მეტ ფულს დებს ამ მიმართულებით, ვიდრე მთავრობა. ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი წერტილია,"- ამბობს ოტრი.
"ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს Გრეგ ოტრი ამბობს, რომ მრავალჯერადი გამოყენების კაბინებით კოსმოსში მოგზაურობა მგზავრობას უფრო ეკონომიურს და ეკოლოგიურს ხდის, ვიდრე ერთჯერადი რაკეტები.
მისია მარსზე
2021 წელს მარსზე ახალი მისია დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი იმის დადგენაა არსებობდა თუ არა პლანეტაზე სიცოცხლე. "სფეის იქსის" და "ნასას" ერთობლივი მუშაობით წელს „შეუპოვრობა“ მარსზე დაეშვა. პარალელურად მარსზე პირველი ფრენა შესრულდა, საცდელი ფრენა წარმატებული იყო. წელს პირველად მოვისმინეთ ხმა, რაც მარსზე არსებობს და დადასტურდა ისიც, რომ იქ როდესღაც იყო წყალი.
მთავარი მიღწევების პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მარსის მისიას სკეპტიკურად უყურებენ. მათ შორის არის გრეგ ოტრიც.
"ჩვენ შეგვიძლია მარსზე გავიქცეთ, დავხარჯოთ უამრავი სახელმწიფო ფული, დავამაგროთ დროშა, შევისწავლოთ ნიადაგი, რაც საშუალებას გვაძლევს სიცოცხლის ნიშნები აღმოვაჩინოთ, თუმცა რეალურად ეს რას ცვლის დედამიწაზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის?,"- ამბობს მეცნიერი.
მისია მთვარეზე
გრეგს მიაჩნია, რომ ის, რაც დედამიწელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დედამიწიდან მთვარეზე სამთო წარმოების ინდუსტრიის გადატანა. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ნასა მთვარეზე ახალი მისიის დაწყებისთვის ემზადება. მისია სამ ეტაპიანია და ის 2025 წელს მთვარეზე ორი ადამიანის-ქალისა და მამაკაცის გაგზავნით უნდა დასრულდეს, პირვევლი სატესტო ფრენა 2022 წლის თებერვალში შესრულდება.
ნასას თანამშრომელი სნოპოვსკი გვეუბნება, რომ მთავრეზე მისიები საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობით წარიმართება, რაც კოსმოსური სააგენტოსთვის ხარჯებს შეამცირებს.
პუტინის "უგუნური ქმედება"
2021 წელს რუსეთმა კოსმოსური თანამგზავრების საწინააღმდეგო რაკეტა გამოსცადა, რომელმაც ძველი რუსული უმოქმედო თანამგზავრი გაანადგურა. თანამგზავრის „კოსმოსი-1408“ განადგურებამ აფეთქების დროს წარმოქმნილი ნარჩენებით, კოსმოსში სხვადასხვა მისიებს რეალური საფრთხე შეუქმნა.
2022 წლიდან ნასა ახალ სიახლეებს გვიპრდება. მომდევნო წლის შემოდგომაზე უფრო მეტი გვეცოდინება იმის შესახებაც, როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ დედამიწის გარშემო არსებულ ასტეროიდებსაც.
შემოდგომაზე 10 თვიანი მოგზაურობის შემდეგ სფეის იქსის რაკეტა 160 მეტრი დიამეტრის ასტეროიდს უნდა შეეჯახოს, რომელიც 11 მილიონი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.