კონგრესში კანონმდებლები, თეთრ სახლზე ზეწოლას ზრდიან, რომ ადმინისტრაციამ აქტიურად მოითხოვოს უკრაინელი ოლიგარქის, დმიტრო ფირტაშის ავსტრიიდან შეერთებულ შტატებში ექსტრადირება. ორპარტიულ წერილში, წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლებმა მიანიშნეს, რომ ავსტრიის სასამართლო სისტემა შესაძლოა ფირტაშის გავლენის მსხვერპლი იყოს.
ფირტაში უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია. მან ქონება 1990-იან წლებში რუსეთსა და უკრაინას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტით დააგროვა. ის რუსულ ბუნებრივ გაზს საბაზრო ფასზე ნაკლებად ყიდულობდა და მას უკრაინას მაღალ ფასში ყიდდა. ამ სქემის შედეგად მან მილიარდობით დოლარის შემოსავალი მიიღო. ის კრემლთან ახლო კავშირშია.
შეერთებულ შტატებში პროკურორები მას მოქრთამვას ედავებიან და ითხოვენ ავსტრიიდან მის ექსტრადიციას, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობს. წერილში, რომელიც დემოკრატებმა მარსი კაპტურმა, მაიკ კიგლიმ და რესპუბლიკელებმა-ბრაიან ფიცპატრიკმა და ენდი ჰარისმა სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნეს, საუბარია იმაზე, რომ ავსტრია ფეხს ითრევს და სავარაუდოდ ეს ფირტაშის გავლენას უკავშირდება.
„ჩვენ გვაშფოთებს, რომ ბატონო ფირტაში მის მნიშვნელოვნად დიდ ქონებას და მავნე გავლენას, ქვეყნის (ავსტრიის) საკანონმდებლო სისტემაზე გავლენის მოსახდენად იყენებს, რათა თავი აარიდოს ექსტრადიციას და კანონის უზენაესობას“, - ნათქვამია წერილში.
„რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე, ამ დრომდე ავსტრიის იუსტიციის სამინისტროს არ უპასუხია. ფირტაშის ადვოკატებს კი გამოცემა კომენტარისთვის ვერ დაუკავშირდა.
შეერთებული შტატები ფირტაშს და კიდევ ხუთ პირს ბრალს დებს 2006-2010 წლებში შეთქმულებაში, რომელიც უკავშირდება ინდოელი ოფიციალურ პირებისთვის 18.5 მილიონი დოლარის გადახდას, რათა ქვეყანაში ტიტანის საბადოზე კონტროლი მიეღოთ. უკრაინელი ოლიგარქი ბრალდების მიხედვით, გეგმავდა წარმოების ნაწილის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანია „ბოინგისთვის“ მიყიდვას.
მას ბრალი 2013 წელს წარუდგინეს და 2014 წელს, შეერთებული შტატების მოთხოვნით, ავსტრიაში დააკავეს, ორი კვირით ადრე ვიდრე, „ევრომაიდანის“ საპროტესტო გამოსვლების შედეგად, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცეოდა.
ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ფირტაშის ექსტრადიციას, თუმცა ქვედა ისტანციის სასამართლომ, გადაწყვეტილება გააჯანჯლა და მისცა ფირტაშს საშუალება, ახალი სამხილების წარდგენის შემთხვევაში, საქმე გადაისინჯოს.
ამ თვის დასაწყისში, ავსტრიის სასამართლოს პრესსპიკერმა, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ პანდემიამ ფირტაშის ადვოკატებს ხელი შეუშალა მიეწოდებინათ ახალი სამხილები სასამართლოსთვის, მგზავრობის და პირისპირ შეხვედრების შეზღუდვის გამო.
ფირტაშს ბრალს დებენ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან კავშირში და რომ მან მისი ქონება კრემლთან ახლო კავშირების გამოყენებით დააგროვა. ის ერთ-ერთი იყო, ვინც უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს 2010 წელს საპრეზიდენტო კამპანიაში ეხმარებოდა.
უკანასკნელ პერიოდში, მისი საქმე დაუკავშირდა ნიუ-იორკის ყოფილ მერს და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატს რუდი ჯულიანის. ჯულიანის ბრალს დებდნენ, რომ ის უკრაინაში ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებას ცდილობდა, რომელიც ბაიდენს არჩევნებზე ავნებდა.
ფირტაში თავის მხრივ, ამერიკას ედავება, რომ მისი სამიზნეში ამოღება, უკრაინის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობას უკავშირდება.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა, საგარეო პოლიტიკის კუთხით მათი პრიორიტეტია. ადმინისტრაციამ უკვე დაუწესა სანქციები მსოფლიოში ბევრ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, მათ შორის, იანვარში მათ სანქციების სიაში შეიყვანეს იგორ კალამოისკი, კიდევ ერთი უკრაინელი ოლიგარქი.
Facebook Forum