ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნასა"-მ მარსის ზედაპირზე პირველი შვეულმფრენი გამოსცადა


ორშაბათს, “ნასა”-ს მინიატურულმა რობოტმა შვეულმფრენმა მარსის ზედაპირიდან აფრენა და დაშვება წარმატებით შეასრულა. შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ ეს სხვა პლანეტაზე საფრენი აპარატით პირველი მოტორიზებული და მართული ფრენა იყო.

ორ პროპელერიანი აპარატის წითელ პლანეტაზე დებიუტმა, “ნასა”-სთვის ძმები რაითების მსგავსი მომენტი 21 საუკუნეში გაიმეორა. ითქვა, რომ აღნიშნული წარმატება კვლევის ახალ გზებს გაკვალავს მარსის და მზის სისტემის სხვა ციური სხეულებისათვის, როგორებიცაა ვენერა და სატურნის მთვარე ტიტანი.

1.8 კილოგრამი წონის, მზის ენერგიაზე მომუშავე შვეულმფრენის პირველი ფრენა 39 წამს გაგრძელდა. ტელემეტრიულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ გრინვიჩის დროით 3:34-ზე, შვეულმფრენი წინასწარ გათვლილი პროგრამის მიხედვით 3 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ოთხ ფეხზე საფრთხოდ დაშვებამდე, ნახევარი წუთის განმავლობაში მარსის ზედაპირის ზემოთ უძრავ პოზიციაში გაჩერდა.

შვეულმფრენ “ინჯენიუითი”-ს ფრენის დროს, ქვემოთ მიმართული კამერით გადაღებულშავ-თეთრ ფოტომ აჩვენა აპარატის ჩრდილი, რომელიც მარსის მზემ მის ქვემოთ გამოსახა. კიდევ ერთმა კამერამ, რომელიც 61 მეტრით დაშორებულ “ნასა”-ს მარსმავალ “პერსივიერენს”-ზე იყო დამაგრებული, გადაიღო ფერადი ვიდეო, რომელშიც ნარინჯისფერ ფონზე შვეულმფრენის ფრენა ჩანს.

ფრენის ხანმოკლეობის მიუხედავად, ეს პლანეტთშორის ავიაციის ისტორიული მიღწევა იყო, რომელიც დედამიწიდან 279 მილიონი კილომეტრით დაშორებულ, ჯეზეროს კრატერად წოდებულ, მარსის უზარმაზარი ქვაბულის ფსკერზე არსებულ “საფრენ ზოლზე” მოხდა.

“ნასა”-მ ეს წარმატება ძმები რაითების მოტორიანი თვითმფრინავის პირველ მართულ ფრენას შეადარა, რომელიც 1903 წლის დეკემბერში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ კიტი ჰოუკის სიახლოვეს განხორციელდა. რაითების თვითმფრინავის აფრენის და დაშვების მთელმა მანძილმა მაშინ სულ 37 მეტრი შეადგინა და 12 წამს გაგრძელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG