რა დამატებით შესაძლებლობებს შეძენს შვედური წყალქვეშა ნავები ნატოს?

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. სამიტზე, შვედეთის გაწევრიანებით, ალიანსის გაფართოებას მოელიან. თუმცა ამისთვის სტოკჰოლმს თურქეთის თანხმობა სჭირდება. ნატოში შვედეთის წევრობას, ალიანსისთვის, პოლიტიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სამხედრო დატვირთვაც აქვს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შვედური წყალქვეშა ფლოტი, რომელიც მსოფლიოში გამორჩეულია და ის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, დამატებით თავდაცვისუნარიანობას შეძენს.

შვედეთის წევრობა ნატოში ალიანსს დაეხმარება გააძლიეროს შედარებით სუსტი მიმართულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში - ბალტიის ზღვის აუზი, რომელსაც რუსეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, გერმანია ესაზღვრება. ექსპერტების შეფასებით, შვედეთს მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე მოწინავე წყალქვეშა ნავების ფლოტი აქვს.

„შვედეთის წყალქვეშა ფლოტი კარგად არის მომზადებული ამ გარემოში და მნიშვნელოვნად განამტკიცებს ნატოს მთლიან წყალქვეშა შესაძლებლობებს ბალტიისპირეთში“, - ამბობა ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი სააგენტო „როიტერთან“.

ბალტიის ზღვა საკმარისად ღმა არ არის, მას ანალიტიკოსთა ნაწილი „დატბორილ მდელოდაც“ კი მოიხსენიებს. ზღვის საშუალო სიღრმე 60 მეტრია, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ატომურ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა გემების ფუნქციონირებას, მითუმეტეს შეუმჩნევლად. რუსეთის წყალქვეშა ფლოტის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი ტიპის გემებისგან შედგება, ამერიკული ფლოტი კი მთლიანად ასეთ ნავებს მოიცავს.

Your browser doesn’t support HTML5

ბ21-რეიდერი - ახალი ამერიკული ბომბდამშენი

შვედეთს ამ ეტაპზე სამი მოწინავე „გოტლანდის“ კლასის წყალქვეშა ნავი და ერთი ძველი მოდელის გემი ჰყავს. 2027-2028 წლებში შვედეთის წყალქვეშა ფლოტს, ორი ახალი დიზაინის „ეი26“ ტიპის ხომალდი შეემატება, მოგვიანებით კი ფლოტს ამავე ტიპის სამი ახალი წყალქვეშა გემი დაემატება.

რით არის გამორჩეული შვედეთის წყალქვეშა შესაძლებლობები?

ანალიტიკოსებს ამ კითხვაზე მარტივი პასუხი აქვთ - გამოცდილება. ბალტიისპირეთში შვედური წყალქვეშა გემები პირველად 1904 წელს გამოჩნდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არცერთი მეზობელი ქვეყანა ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამდა.

შესაბამისად შვედებმა ყველაზე კარგად შეისწავლეს ბალტიის ზღვის პირობები, იციან რა და როგორ მუშაობს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბალტიის ზღვა განსხვავებული და რთული რელიეფის მქონეა, მასში უამრავი მდინარე ჩაედინება, ცვალებადია წყლის მარილიანობის ნიშნულიც, რაც ცვლის წყალქვეშა გემების ელასტიურობას, განსხვავებულია ბგერის გადაცემის ტექნიკაც, რაც წყალქვეშა გემების ნავიგაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

Your browser doesn’t support HTML5

განმარტება: ბირთვული გემები ბირთვული იარაღის გარეშე

„ჩვენ გვაქვს რეგიონული ექსპერტიზა, რომელიც ავსებს იმ დანაკლისს, რომელიც ნატოს აქვს“, - ამბობს შვედეთის წყალქვეშა ფლოტის მეთაური ფრედრიკ ლინდენი.

შვედურ წყალქვეშა გემებს რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუძლიათ წყალქვეშ დარჩენა. ეს მაშინ როცა სხვა დიზელის ძრავზე მომუშავე გემებს ხშირად უწევთ წყლის ზედაპირზე ამოსვლა და მარაგის შევსება.

შვედმა სპეციალისტებმა კი შექმნეს ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც შვედური წყალქვეშა გემები საჭიროების შემთხვევაში, ავზებში შენახულ თხევად ჟანგბადს იყენებს დიზელის ძრავის სამუშაოდ. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ ნავები წყალქვეშ უფრო დიდხანს დარჩეს, რაც ამცირებს მისი აღმოჩენის რისკებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ნატოსთვის?

30 ან 40 წელიწადში ან შესაძლოა უფრო მალე, წყალქვეშა ომი სავარაუდოდ ავტონომიური გახდება, ამბობს სებასტიან ბრუნსი, „კიელის უნივერსიტეტის“ უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

„ზღვის ფსკერზე ომი ახლა ყველაზე მწვავე საკითხია საზღვაო წრეებში,“ - ამბობს ბრუნსი და ამის მაგალითად მოჰყავს „ჩრდილოეთ ნაკად“ ერთზე მომხდარი აფეთქება. რუსული გაზსადენი სწორედ ბალტიის ზღვაში გადის და მისი დახმარებით რუსეთიდან გერმანიაში გაზის ტრანსპორტირება ხდებოდა.

"ეი26" წყალქვეშა გემი

„კიელის უნივერსიტეტის" პროფესორი ამბობს, რომ შვედეთის 5 ახალი სამხედრო გემი, რომელიც 2027 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, რაც გაადვილებს წყალქვეშა კრიტიკული ინფრასტრუქტურის როგორც დაცვას, ასევე მასზე იერიშის მიტანას.

ახალი შვედური წყალქვეშა ნავები, წყალქვეშ შეძლებს მიიღოს დისტანციურად მართვადი წყალქვეშა ტრანსპორტიორები, რომელთა დახმარებითაც მარტივად იქნება შესაძლებელი სხვადასხვა ნივთების აღმოჩენა და განთავსება ზღვის ფკერზე (იხილეთ ფოტო). ამ ტიპის დანადგარებს გაცილებით ღრმად შეუძლიათ ზღვის ფსკერზე ჩავიდნენ, ვიდრე წყალქვეშა ნავებს. ეს ფუნქცია კი ახალ შვედურ წყალქვეშა გემებს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.