საია "მნიშვნელოვან დარღვევებს" აფიქსირებს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. თბილისი, 26 ოქტომბერი, 2024 წ.

Საიას სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) აღნიშნული დარღვევები 26 ოქტომბერს, დღის 3 საათამდე დააფიქსირა.

"15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება. გამოვლინდა ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლებისა და მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლის და აგიტაციის ფაქტები, რაც არღვევს არჩევნების სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების პრინციპს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე ნახეთ: საარჩევნო დღის პირველი ნახევარი უკვე გასულია, ფიქსირდება ამომრჩეველთა აქტივობა და ზოგან დარღვევებიც

ამ დრომდე, საიას დამკვირვებლებმა ჩანაწერთა წიგნში აღრიცხეს 27 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში - 23, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 11 საჩივარი.

საიას განცხადებით, "უბნების შიგნით და პერიმეტრზე გრძელდება ამომრჩეველთა აღრიცხვა. გარდა ამისა, საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, ბათუმის 34-ე უბნის პერიმეტრზე შეინიშნება მიკროავტობუსით მარკირებული პირების მოყვანის ფაქტი".

კენჭისყრის პროცესში გამოვლენილ დარღვევებს შორის, საია ასახელებს შემდეგ ფაქტებს:

"ქუთაისის 43-ე უბანზე ამომრჩეველს სრულყოფილად არ უხსნიან ბიულეტენის შევსების წესს. გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა მოუნიშნავი/გაუფერადებელი ბიულეტენი მოათავსა ხმის მთვლელ აპარატში.

ვაკის ოლქის 27-ე უბანზე, ამომრჩეველს, ხმის დაფიქსირების შემდეგ, იმ მიზეზით, რომ პირველი ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში გაიჭედა, ახალი ბიულეტენი მისცეს. მან მეორედ მისცა ხმა ახალი ბიულეტენით. თუმცა, საბოლოოდ, ტექნიკური პერსონალის მოსვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ხმის მთვლელი აპარატი მწყობრში იყო და მიღებული ჰქონდა პირველი ბიულეტენიც.

საჩხერის მე-5 უბანზე ამომრჩეველს არ მიეცა არასწორად გაფერადებული ბიულეტენის გამოცვლის შესაძლებლობა. კერძოდ, თავმჯდომარემ უარი განაცხადა ახალი ბიულეტენის გაცემაზე და თავად მოათავსა ბიულეტენი აპარატში".

ხმის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტია გამოვლენილი. საიას შემდეგ შემთხვევებზე საუბრობს:

"მარნეულის ოლქის მე-12 უბანზე ხმის მიცემის კაბინასთან იდგა კომისიის წევრი, რომელიც ამომრჩეველს მიუთითებდა, ვისთვის მიეცა ხმა. ამავე უბანზე ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად დგას ადგილობრივი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. Საიას საჩივრით მოთხოვნილია ამ უბანზე კენჭისყრის პროცესების დახურვა და უბნის ბათილობა.

მარნეულის 22-ე და წალკის 32-ე საარჩევნო უბნებზე განთავსებულ ხმის მიცემის კაბინაში ერთდროულად შედიოდა რამდენიმე პირი, რაც რამდენჯერმე განმეორდა.

საბურთალოს ოლქის 81-ე უბნის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ფოტოს უღებდა ამომრჩევლის ბიულეტენს.

ქუთაისის ოლქის ერთ-ერთ უბანზე წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანდა ხმის მთვლელი აპარატი და ხარვეზებით მუშაობს. აპარატი არ იღებს ამოტრიალებულ ბიულეტენებს, რის გამოც, ამომრჩევლები ხმას აფიქსირებენ ისე, რომ ზედაპირზე ჩანს გაფერადებული/მონიშნული წრე".

ასევე ნახეთ: 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 41.62%-ს შეადგენს

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესშიც გამოვლინდა დარღვევები. საიას ცნობით, ესენია:

"თელავის ოლქის 29-ე საარჩევნო უბნიდან გადასატან საარჩევნო ყუთს, წილისყრით განაწილებული პირების ნაცვლად, არაუფლებამოსილი პირები გაჰყვნენ. ამ დროისთვის ვერ ხერხდება მათთან დაკავშირება.

საბურთალოს ოლქის 73-ე უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში, რის შემდეგაც კომისიამ ის გააბათილა.

გლდანის ოლქის 63-ე უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ ერთით ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა გამოუყენებელ ბიულეტენებში".

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გამოვლინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. საიას ცნობით, სამინისტროს სოციალური გვერდის საშუალებით, მინისტრმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის შესახებ ინფორმაცია გააზიარა.

Მისიამ ასევე აღრიცხა საიას დამკვირვებლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნებზე. მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასახელებს შემდეგ ფაქტებს:

"ბათუმის 45-ე უბნის პერიმეტრზე საიას დამკვირვებელს პარტია „ქართული ოცნების” შტაბის წევრი დაემუქრა.

Ნაძალადევის მე-15 უბნის პერიმეტრზე საიას დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პირმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰქონდა ამომრჩეველთა სიები.

საბურთალოს ოლქის 81-ე უბნის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საიას დამკვირვებლის საჩივარი არ დაარეგისტრირეს და უბნიდან გამოაძევეს.

ქობულეთის 45-ე უბნის პერიმეტრზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საიას დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

ბათუმის 37-ე უბანზე დამკვირვებელს აუკრძალეს ფოტო-ვიდეო გადაღება.

ისნის მე-6 და 11-ე უბნებზე საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გადაღების უფლებას.

ხოლო, გარდაბნის 48-ე უბანზე დამკვირვებლის საჩივარს არ არეგისტრირებენ".

განცხადების ბოლოს, საია ასევე საუბრობს იმ რამდენიმე შემთხვევაზე, რომლებიც შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. ამას გარდა, ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნება "აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების მისამართით". საიას განცხადების სრული ტექსტის გაცნობა შესაძლებელია მათ ვებგვერდზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 1994 წლიდან იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად. ის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო უფლებადაცვით ორგანიზაციად ითვლება. საიამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის გაძლიერებისა, თუ სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაში.