ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ომის პარტია არის მხოლოდ ერთი და არის მოსკოვში“,- პრეზიდენტი ზურაბიშვილი


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაციონალური და საერთაშორისო მედიის კითხვებს არჩევნებამდე დღენახევრით ადრე, 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

დადებითი მესიჯები, ამომრჩევლის გამხნევება და წახალისება არჩევნების წინ და რა თქმა უნდა, მოწოდება, რომ ყველა მოქალაქემ მოიხადოს ვალი სახელმწიფოს წინაშე. ეს იყო პრეზიდენტის პრესკონფერენციის ძირითადი მიზანი.

კითხვების უმეტესი ნაწილი ეხებოდა მოვლენების განვითარების ხედვას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში პროდასავლური ფლანგი დამარცხდება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამგვარ ალბათობას გამორიცხავს. მას პრესკონფერენციაზე მსგავს სცენარებზე არ უსაუბრია.

„ამერიკის ხმის“ კითხვა ეხებოდა იმას, თუ რა სიტუაციაში მიიჩნევდა პრეზიდენტი საქართველოში დემოკრატიას დამარცხებულად და რა წარმოედგინა მოვლენათა განვითარების ყველაზე უარეს სცენარად. ასევე, თუ იქნება “მართლაც, სისხლისღვრა და ომში ძალით ჩათრევა”, “ქართული ოცნების” დამარცხების შემთხვევაში?

პრეზიდენტმა „ამერიკის ხმის“ კითხვაზე პასუხად განაცხადა: „არ არსებობს არც მეორე ფრონტი, არც მეორე ფრონტის მსურველები, ომის პარტია არის მხოლოდ ერთი და არის მოსკოვში. აქ, ხალხში, არც ოპოზიციაში არავინაა მომხრე რაიმე ომის. ყველაფერი ჩატარდება მშვიდობიანად, ნორმალურად. ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ უნდა ეშინოდეს ომის და თავისუფლად ხმის მიცემის“.

რუსეთის, როგორც შემრიგებლისა და მომრიგებლის თაობაზე საქართველოსა და თვითაღიარებულ რესპუბლიკებს შორის შეკითხვა „დოიჩე ველემ“ დასვა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთის, როგორც „მომრიგებლის“ ამპლუა არ არსებობს. „რუსეთი მზადაა ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის იყოს შუამავალი. რუსეთმა დასაწყისშივე აღიარა ეს „სახელმწიფოები. ეს ტრადიციული რუსული პოლიტიკაა. ჩვენთვის ეს არაა ახალი. ჩვენ გვაინტერესებს არჩევნები, ხმის მიცემა, უცნაურ თეორიებზე დაყრდნობილი დიდი შიშის გარეშე“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაისვა შეკითხვა იმის თაობაზე, რომ ეგრეთ წოდებულ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, რამდენიმე ასეულ მეტრში რუსეთის ჯარები დგას, ადამიანების გატაცება, ბორდერიზაცია ყოველდღიურობის ნაწილია და რომ აქ ადგილობრივები უყურებენ ტელევიზიას, თვალს ადევნებენ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას და რომ იქ ნამდვილად იგრძნობა შიში. „მე ვგრძნობდი, რომ მათი [ადგილობრივების] შიში იყო რეალური. რას ეტყვით ამ ადამიანებს და თუ ეთმობა საკმარისი ყურადღება მათ, არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, არამედ ზოგადად. ამ შიშს საკმარისი ყურადღება ეთმობა? თქვენ კი ამბობთ, რომ ომი არ იქნება, მაგრამ რეალობა იქ, გამყოფ ხაზთან, განსხვავებულია?“- ასეთი გახლდათ ჟურნალისტის კითხვა, რომელმაც ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან პირადად იმოგზაურა.

„ჩემი ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახი ცხოვრობს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან და მასზე უკეთ არავინ იცის, იქ რა ხდება. დიახ, იქ არის დაძაბულობა, მაგრამ ამავდროულად, იქ ყველაზე მამაცი ხალხი ცხოვრობს. მათ იციან რა არის ომი და საიდან მოდის ომი. მათ იციან, ვისგან მოდის ომი და რომ ომი რუსეთისგან მოდის. თუ რუსეთი გადაწყვეტს, ომს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში, რუსეთს არ სჭირდება, რომ ის რომელიმე ხელისუფლებამ „შემოიტყუოს“ ქვეყანაში, ან აცდუნოს ის. ამას გააკეთებს. რუსეთს უკანდახევაში დაარწმუნებს მხოლოდ გაერთიანებული საზოგადოების დანახვა და მიხვედრა იმის, რომ კონფრონტაციით ვერ იქნება გამარჯვებული. მინდა ვუთხრა მოსკოვს, რომ ვერაფერს მიიღებს საქართველოსგან,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამერიკასთან ახლა ურთიერთობები დაძაბულია. თუ არის შესაძლებელი ამ მდგომარეობის შეცვლა და როგორ წარმოუდგენია ეს პრეზიდენტს - ამის თაობაზე კითხვა CNN-მა დასვა.

„ნათლადაა ნათქვამი „მეგობარი აქტში“, რის უნდა გვეშინოდეს, თუ საქართველო გააგრძელებს კონფრონტაციის გზას მეგობარ შეერთებულ შტატებთან და რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაუბრუნდება სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან, რაც არსებობდა საქართველოს შემთხვევაში. ყველაფერი უკვე ითქვა, რა მოხდება ორივე შემთხვევაში, რას უნდა ველოდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან სწრაფად, როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ასევე ამერიკასთან შეგვეძლება გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობა. ამას ელის ქართველი ხალხიც, რომელსაც კარგად ახსოვს, აშშ-ს უდიდესი როლი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. არმიის, პოლიციის, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. თუ ვსაუბრობთ ეროვნულ იდენტობაზე, რაც პოპულარულია დღეს, ქართული თვითმყოფადობა, ჩვენი იდენტობა მადლიერი უნდა იყოს ჩვენი მეგობრების,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციას ორბელიანების სასახლეში. მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG