რუსეთმა საქართველოში საპარლამენტო არჩვენების დღეს, კიდევ ერთი მაშველი რგოლი გადმოუგდო „ქართულ ოცნებას“. კრემლის მაღალჩინოსნების მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, ამჯერად, ივანიშვილის პარტიისთვის ხმის მიცემისკენ „თანამემამულეებს“, „რუსეთში ქართული დიასპორის“ ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ მოუწოდა.
ცეცხლაძე, რომელიც 2021 წლიდან უდგას სათავეში „ქართულ დიასპორას“, 4 ოქტომბერს, პუტინმა სპეციალური ბრძანებით, რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა.
„მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება იმ პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება, რომლებიც საქართველოს განვითარებას მშვიდობიანი გზით ხედავენ. ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო თავის დროზე არ შეუერთდა ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, ბევრ ცვლილებას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ განვითარებას“ - ეს მოწოდება ცეცხლაძემ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკის“ მეშვეობით გაავრცელა.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ანალოგიური მოწოდება აზერბაიჯანული ტელეკომპანიის ეთერიდან, აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გაკეთდა.
"საქართველოს მოქალაქე, თანამემამულე აზერბაიჯანელებს მინდა მივმართო, როცა ხმის მისაცემად წახვალთ, მხარი დაუჭირეთ სტაბილურობას, სიმშვიდეს, საქართველოს ომის გარეშე. იმიტომ, რომ ომის გარეშე, მშვიდობიანი საქართველო აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია. იქ ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. თუ, იქ სიტუაცია აირევა, ეს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ცუდი იქნება. გახსოვდეთ უკრაინის მაგალითი. ნუ ენდობით ტყუილებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისთის არის გავრცელებული. ახლა როგორია საქართველო? სტაბილური, მშვიდობიანი, უკრაინისგან განსხვავებით." - ეს მიმართვა აზერბაიჯანული სახელმწიფო ტელეარხ ARB-ის წამყვანმა ხოშგადამ იდაიათმა გააკეთა.
იდაიათი აზერბაიჯანში ალიევის ხელისუფლების პროპაგანდისტად მიიჩნევა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაჯილდოვებული ჰყავს „პროგრესის“ მედლით და მინიჭებული აქვს „დამსახურებული ჟურნალისტის“ სტატუსი. ხოშგადამ იდაიათის ეს მოწოდება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სოციალურ ქსელში გააზიარეს, მათ შორის, მარნეულის საკრებულოში, „ოცნების“ დეპუტატმა ომარ ირიშოვმა.
აზერბაიჯანის მოქალაქეები ასევე უკანონოდ იყვნენ ჩართული, ბოლნისში, „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი დავით შერაზადაშვილის წინაასაარჩევკო კამპანიაში. სოფელ ტალავერში შეზადაშვილთან ერთად ამომჩევეველს შეხვდნენ აზერბაიჯანის პარლამენტის ყოფილი წევრი ალფატუნ ამაშოვი, აზერბაიჯანის Soydas-ის თავმჯდომარე ქამრან რამაზანლი და გამომცემლობა Zim-ის ხელმძღვანელი, მწერალი მუშფიქ მადადოღლუ.
ივანიშვილის ხელისფლება პრაქტიკულად სწორედ რუსული და აზერბაიჯანული, ერთ პარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. „ქართული ოცნების“ ლიდერი თავის ამომრჩეველს მთელი წინაასაარევნო კამპანიის დროს პირდებოდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს და განსხვავებულად მოაზრეოვნე ადამიანებს ციხეში ჩასვამს. ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ივანიშვილს ეს გაზრახვები ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება
„ეს არის ის კოდი, რომელიც მათ („ოცნების“ ლიდერების) ტვინებშია, მათი მთავარი მხარდამჭერებიც და პოლიტიკური მეპატრონეებიც, იგივე პუტინის რუსეთში, ამ მსოფლმხედველობაზე არიან აწყობილი. ძალიან მალე მათ მოუწევთ ბრალდებულის სკამზე ჯდომა“ - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.