დამკვირვებლების აზრით, ვენესუელაში არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციაზე კარაკასში. 30 ივლისი, 2024 წ.

აქციის მონაწილეები ვენესუელაში დღესაც, 31 ივლისს, ქუჩაში გამოვიდნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აღიაროს, რომ მან ოპოზიციასთან კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. მთავარმა საერთაშორისო დამკვირვებელმაც დაასკვნა, რომ კენჭისყრა არადემოკრატიული იყო.

მთავრობამ დაგმო ორშაბათს დაწყებული საპროტესტო აქციები და მათ "გადატრიალების მცდელობა" უწოდა. მომიტინგეები გაყალბებულად მიიჩნევენ 28 ივლისის არჩევნების შედეგს, რომელიც ხმების 51%-ით, გამარჯვებულად სოციალისტ მადუროს ასახელებს.

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები მათმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა მოიგო. საპროტესტო გამოსვლები არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების დღიდან, 29 ივლისიდან დაიწყო, როგორც ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, ისე ქვეყნის სხვა ქალაქებში. აქციები მალევე გადაიზარდა დემონსტრანტების დაპირისპირებაში პოლიციასთან და სამხედრო ძალებთან.

ასევე ნახეთ: მადურო საპროტესტო აქციების ფონზე გამარჯვებას ზეიმობს და დემონსტრატნტებს "მოძალადე აგენტებს" უწოდებს

არჩევნების შემდეგ, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მომხდარ ინციდენტებში, აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Foro Penal. ინციდენტები ხმის დათვლას ან მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა.

ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია - კარტერის ცენტრი. ამერიკული ორგანიზაციის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები „არ შეესაბამება საარჩევნო ხელშეუხებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და ის არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად“.

საარჩევნო ორგანოს მიერ ცალსახა შედეგების გამოუქვეყნებლობა წარმოადგენს "სერიოზულ დარღვევას", - დასძინა კარტერის ცენტრმა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე ძალზე ხარვეზიანი იყო.

ვენესუელას ხმების დათვლის პროცესის გასაჯაროებისკენ ბევრმა ქვეყანამ მოუწოდა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჯოზეფ ბორელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპული ბლოკი ვერ ცნობს ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, ვიდრე ყველა ხმა არ დაითვლება და არ იქნება წარმოდგენილი ჩანაწერები, ხმების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების მედიით ვრცელდება ცნობები, რომ ვაშინგტონი ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს. სანქციები არჩევნებთან დაკავშირებულ პირებს დაუწესდება, თუკი არ იქნება უზრუნველყოფილი საარჩევნო პროცესის მეტი გამჭვირვალობა.