ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი მადუროს სადავო არჩევნებში გამარვჯვებას ულოცავს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ორშაბათს, ნიკოლას მადუროს ვენესუელის სადავო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კრემლმა კი განაცხადა, რომ კარაკასთან ყველა სფეროში, მათ შორის, "სენსიტიურ საკითხებზეც" თანამშრომლობას აძლიერებს.

მადურო და მისი კონკურენტი ედმუნდო გონსალესი, ორივე ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯევს. ვაშინგტონი და ზოგიერთი სხვა უცხოური მთავრობა, ეჭვქვეშ აყენებს ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს, რის მიხედვითაც, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა.

ვენესუელის ეროვნულმა საარჩევნო ორგანომ განაცხადა, რომ მადურომ საპრეზიდენტო არჩევნები მესამედ, ხმების 51%-ით მოიგო.

პუტინი მხარს უჭერს მადუროს, 61 წლის მოკავშირეს, რომელიც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს, უკრაინაში ომის დაწყებაში ადანაშაულებს. ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს სამხრეთ ამერიკის ამ სახელმწიფოსთან და რომ მადუროს რუსეთში ყოველთვის მიესალმებიან.

„რუსეთ-ვენესუელის ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს“, - თქვა პუტინმა მადუროსადმი მიწერილ წერილში.

„დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს სათავეში თქვენი საქმიანობა გააგრძელებს მის პროგრესულ განვითარებას ყველა მიმართულებით... ეს სრულად აკმაყოფილებს ჩვენი მეგობარი ხალხების ინტერესებს და შეესაბამება უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობას... მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, გავაგრძელოთ ჩვენი კონსტრუქციული ერთობლივი მუშაობა ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე", - ნათქვამია, მადოროსადმი მიწერილ ვლადიმირ პუტინის წერილში, რომელსაც კრემლი ავრცელებს.

შეერთებული შტატები სერიოზულადაა შეშფოთებული იმის გამო, რომ ვენესუელაში გამართული არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებული შედეგები, ხალხის ხმებს არ ასახავს - განაცხადა ორშაბათს, 29 ივლისს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ვენესუელის საარჩევნო ორგანოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნები მესამე ვადით მოიგო.

XS
SM
MD
LG