ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადურო საპროტესტო აქციების ფონზე გამარჯვებას ზეიმობს და დემონსტრატნტებს "მოძალადე აგენტებს" უწოდებს


ნიკოლას მადურო, ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ასობით ათას ადამიანს ვენესუელაში მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ისინი ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ.

ვენესუელის საარჩევნო კომისია ამბობს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა მადურომ ხმების 51% მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მადუროს „ჩავისტა“ ვენესუელას ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება. თუმცა, ოპოზიციონერი ედმუნდო გონზალეზი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვება მან მოიპოვა და შედეგები, რომელიც საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, არ ასახავს მოსახლეობის ნებას.

„ჩვენ დავიღალეთ ამ ხელისუფლებით, ჩვენ გვინდა ცვლილება. გვინდა ვიყოთ და ვიცხოვროთ თავისუფალ ვენესუელაში, გვსურს, რომ ჩვენი ოჯახის წევრები ვენესუელაში დაბრუნდნენ“, - ამბობს აქციის მონაწილე, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.

შაბათ-კვირას გამართული არჩევნების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ერთ დღეში, ვენესუელის 20-ზე მეტ ქალაქში 187 საპროტესტო აქცია გაიმართა, მათ შორის დედაქალაქში.

აქციის მონაწილეების გამოსვლები, ძირითადად, მშვიდობიანია. ისინი ცეკვავენ, მღერიან და ტრადიციულად, ხმაურისთვის საყოფაცხოვრებო ნივთებს იყენებენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, დემონსტრანტებმა პოლიციას წინააღმდეგობა ქვებითა და მოლოტოვის კოქტეილებით გაუწიეს, გადაკეტეს ქუჩები და აღმართეს ბარიკადები. მორიგი ფართომასშტაბიანი გამოსვლა ვენესუელაში დღეს იგეგმება.

აქციის მონაწილეებს მადუროს ხელისუფლება „მოძალადე აგენტებად“ მოიხსენიებს. ვენესუელის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ „ეს ფილმი ადრეც უნახავთ“. პრეზიდენტის სასახლესთან ნიკოლას მადურომ თქვა, რომ პოლიცია და უსაფრთხოების ძალები ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებენ.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც ხელს უწყობს რადიკალი მემარჯვენეები“, - თქვა მადურომ.

საარჩევნო შედეგებს და საპროტესტო გამოსვლებს ვენესუელაში, შერეული რეაქციები მოჰყვა საერთაშორისო დონეზეც. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამბობს, რომ ჩატარებულ არჩევნებს არ ჰქონდა სანდოობა. ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს, მადუროს ხელისუფლებისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას, თუმცა ამ ეტაპზე დეტალები უცნობია.

ჯერ კიდევ 2018 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მადუროს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული მიზეზების გამო სანქციები დაუწესა. მოგვიანებით, 2022 წელს, სანქციები მადუროს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძელზე შეასუსტა. თუმცა, აპრილში, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები კვლავ გაამკაცრა მიზეზად ოპოზიციასთან დადებული შეთანხმების დარღვევა დასახელდა.

მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს ვენესუელის არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს, მადუროს ხელისუფლებაში დარჩენას ულოცავს ჩინეთი და რუსეთი. ორივე ქვეყანამ მადუროს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად მიულოცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილიც გამოთქვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG