ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყოვლისმომცველი ომის თავიდან აცილებას ცდილობენ


ისრაელს სურს იერიში მიიტანოს "ჰეზბოლაზე", მაგრამ არ სურს, ახლო აღმოსავლეთში, ყოვლისმომცველ ომში ჩართვა, განაცხადა ორშაბათს ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა, საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" საუბარში. ეს მას შემდეგ, რაც ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე სარაკეტო იერიშის შედეგად, 12 ბავშვი და მოზარდი დაიღუპა.

ისრაელის ორმა სხვა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ისრაელი ემზადება რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის, დრუზების ქალაქში, სპორტულ მოედანზე შაბათს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, რომელშიც ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანურ დაჯგუფება "ჰეზბოლას" ადანაშაულებს.

"ჰეზბოლამ" მომხდართან კავშირი უარყო. ისრაელის ოთხივე ოფიციალური პირი, მათ შორის, თავდაცვის მაღალჩინოსანი და დიპლომატიური წყარო, "როიტერთან" ანონიმურობის პირობით საუბრობს და დეტალებს არ ასაჯაროვებს.

"შეფასებაა, რომ პასუხი არ გამოიწვევს ყოვლისმომცველ ომს", - განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ. "ეს არაა ჩვენი ინტერესი, ამ ეტაპზე", - ამბობს ის.

ინციდენტმა გაზარდა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ისრაელსა და მძიმედ შეიარაღებულ "ჰეზბოლას" შორის, მრავალთვიანი საზღვრისპირა საომარი მოქმედებები შეიძლება უფრო ფართო, უფრო დამანგრეველ ომში გადაიზარდოს.

კვირას, ისრაელის უშიშროების კაბინეტმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს უფლება მისცა, გოლანის ქალაქ მაჯდალ შამსში თავდასხმაზე რეაგირების ფორმა და დრო გადაწყვიტონ.

ადგილობრივი გამოცემა Yedioth Ahronoth ციტირებს დაუდგენელ ოფიციალურ პირებს, რომ პასუხი იქნება "შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანი". სტატიაში ნათქვამია, რომ ვარიანტებს შორისაა ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული დარტყმა, მათ შორის, ხიდებზე, ელექტროსადგურებსა და პორტებზე, "ჰეზბოლას" იარაღის საცავებზე იერიში და დაჯგუფების მეთაურების სამიზნეში ამოღება.

ორშაბათს, თავისი კაბინეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მას შემდეგ, რაც მაჯდალ შამსს ეწვია, ნეთანიაჰუმ თქვა: "ისრაელის სახელმწიფო არ დაუშვებს და ვერ დაუშვებს ამას. ჩვენი პასუხი იქნება და ის იქნება მკაცრი”.

ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის, ღაზაში მიმდინარე ომით გამოწვეული დაპირისპირება, 2006 წლის ომის შემდეგ ყველაზე მძიმეა.

"ჰამასის" მოკავშირე "ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ ისრაელზე მისი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები მიზნად ისახავს პალესტინელების მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ მაშინ შეწყვეტს ცეცხლს, როცა ღაზაზე ისრაელის შეტევა შეჩერდება.

ისრაელ-ლიბანის საზღვარზე კონფლიქტმა, ორივე მხარეზე მცხოვრები ათობით ათასი ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ორშაბათს, ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან სატელეფონო საუბრისას, ხაზი გაუსვა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

მათ განიხილეს დიპლომატიური გადაწყვეტის მცდელობები, რათა საზღვრის ორივე მხარეს მოქალაქეები შინ დაბრუნდნენ. ასევე, მიმდინარე ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და იქ მყოფი მძევლების გათავისუფლების მიზნით.

ვაშინგტონმა ასევე დაადანაშაულა "ჰეზბოლა" სარაკეტო დარტყმაში.

ორშაბათს, სამხრეთ ლიბანში ისრაელის დრონებით თავდასხმას, "ჰეზბოლას" ორი მებრძოლი შეეწირა, იტყობინებიან "როიტერის" წყაროები. ეს იყო პირველი მსხვერპლი ლიბანში, შაბათის ინციდენტის შემდეგ. ლიბანის სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალური პირის თქმით, დარტყმის შედეგად, დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი ჩვილი.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ, ორშაბათს, ჩამოაგდო დრონი, რომელიც ლიბანიდან დასავლეთ გალილეის რაიონში გადავიდა.

ისრაელის საპასუხო რეაქციის მოლოდინში, ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები გაუქმდა ან გადაიდო.

ისრაელი და "ჰეზბოლა" ცდილობდნენ თავიდან აიცილონ სრულმასშტაბიანი ომი. "ჰეზბოლამ" უარყო რაკეტის გასროლა, რომელმაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა. დაჯგუფებამ შაბათს განაცხადა, რომ რაკეტა გაისროლა სამხედრო სამიზნეზე, გოლანის მაღლობებზე, რეგიონზე, რომელიც ისრაელმა სირიისგან 1967 წლის ომის შემდეგ დაიკავა.

წყაროებზე დაყრდნობით, "როიტერი" იტყობინება, რომ ისრაელის თავდასხმებმა ლიბანში "ჰეზბოლას", დაახლოებით, 350 მებრძოლი და 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

ისრაელი აცხადებს, რომ ოქტომბრის შემდეგ, "ჰეზბოლას" თავდასხმების შედეგად, 23 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, 17 ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG