ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესს საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმართავს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს შეერთებული შტატების კონგრესს მიმართავს და მოსალოდნელია, რომ შეეცდება გააძლიეროს „ჰამასის“ წინააღმდეგ, ისრაელის ომის მხარდაჭერა.

ნეათანიაჰუს ვიზიტს ფონად გასდევს ზეწოლა, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძეველების გათავისუფლებისთვის და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შეერთებულ შტატებში არსებული ბუნდოვანება.

შეერთებული შტატები, ეგვიპტე და ყატარი, თვეების განმავლობაში ცდილობდნენ მიეღწიათ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ბრძოლების შეჩერებას, მძევლების გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ზრდას. თუმცა, ეს ძალისხმევა, ამ დრომდე უშედეგოა, - ღაზაში ბრძოლები გრძელდება და კვლავ რჩება უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის საფრთხე.

კონგრესში გამოსვლამდე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის შეეცდება, ისრაელის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა უზრუნველყოს. მისმა ვიზიტმა, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის კიდევ ერთი განხეთქილება გამოავლინა, - რამდენიმე დემოკრატმა განაცხადა, რომ ისინი ნეთანიაჰუს მიმართვას ბოიკოტს გამოუცხადებენ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა, რომელმაც ნეთანიაჰუ კონგრესში გამოსვლისთვის მიიწვია, გააკრიტიკა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მოსმენაზე არყოფნა და თქვა, რომ ეს „მიუტევებელია“. ჰარისი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მოგზაურობის გამო, ნეთანიაჰუს მიმართვას არ დაესწრება. ნეთანიაჰუს მიმართვას, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო ასევე გამოტოვებს რესპუბლიკელი სენატორი ჯეი დი ვენსი, რომელიც დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

დემოკრატმა სენატორმა ბერნი სანდერსმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს გამოსვლას არ დაესწრება და ამასთან, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროში, ნეთანიაჰუს პოლიტიკა გააკრიტიკა.

კიდევ ერთმა დემოკრატმა სენატორმა, დიკ დურბანმა თქვა, რომ ის ისრაელს მხარს უჭერს, მაგრამ არ დადგება ნეთანიაჰუს გვერდით და მას არ გაამხნევებს.

კრიტიკოსები ნეთანიაჰუს მთავრობას ღაზის სექტორში დევნის ომის წარმოებაში ადანაშაულებენ, განსაკუთრებით იმის მტკიცებით, რომ ისრაელმა საკმარისი არ გააკეთა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად.

ისრაელი კრიტიკას უარყოფს და ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებაში „ჰამასს“ ადანაშაულებს.

ნეთანიაჰუ, ვაშინგტონში, სასტუმრო „უოტერგეითში“ გაჩერდა, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა. მოგვიანებით, დემონსტრაცია ასევე დაგეგმილია კაპიტოლიუმთან, ზუსტად მაშინ, როცა ნეთანიაჰუმ კონგრესს უნდა მიმართოს.

მანამდე, სამშაბათს, საპროტესტო დემონსტრაცია ასევე გაიმართა ვაშინგტონის ეროვნულ მოლზე, სადაც „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრებმა მოითხოვეს, ნეთანიაჰუ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რათა მძევლების შინ დაბრუნება მოხერხდეს.

ომი, ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო, რომელმაც 1200 ადამიანი იმსხვერპლა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების კამპანიას, 39000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG