გაეროს სასამართლომ პარასკევს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ "პალესტინური ტერიტორიებისა და დასახლებების ოკუპაცია უკანონოა" და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ეს სასამართლოს მხრიდან ყველაზე მკაცრი დასკვნაა ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტის შესახებ.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოსამართლეთა საკონსულტაციო დასკვნა არაა სავალდებულო, მაგრამ მას აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და შესაძლოა შეასუსტოს კიდეც ქვეყნების მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა.
„ისრაელის დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში და მათთან დაკავშირებული რეჟიმი შეიქმნა და შენარჩუნებულია საერთაშორისო სამართლის დარღვევით“, - თქვა პრეზიდენტმა ნავაფ სალამმა 15 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის დასკვნების წაკითხვისას.
სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელის ვალდებულებები მოიცავს ზიანის ანაზღაურებას და "არსებული დასახლებებიდან ყველა დასახლებულის ევაკუაციას".
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მალევე უარყო გამოთქმული შეფასებები და თქვა, რომ ეს დასკვნა "ძირითადად მცდარია" და გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ რეგიონში პოლიტიკური ვითარების დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.
„ებრაელი ერი არ შეიძლება იყოს ოკუპანტი საკუთარ მიწაზე“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში.
ICJ-ის დასკვნამ ასევე დაადგინა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეა და ყველა სახელმწიფო ვალდებულია არ აღიაროს ოკუპაცია კანონიერად და არ „გაუწიოს დახმარება” ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის ყოფნას.
პალესტინელთა საგარეო უწყებამ მოსაზრებას "ისტორიული" უწოდა და სახელმწიფოებს მოუწოდა, დაიცვან იგი.
“არანაირი დახმარება. არანაირი თანამონაწილეობა. არანაირი ფული, არანაირი იარაღი, არანაირი ვაჭრობა... არანაირი ქმედება ისრაელის უკანონო ოკუპაციის მხარდასაჭერად", - თქვა პალესტინელმა ელჩმა გაეროში, რიად ალ-მალიკიმ ჰააგის სასამართლოს წინ.
საქმე საფუძვლად უდევს 2022 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის იურიდიული დასკვნის მოთხოვნა, რაც წინ უძღოდა ოქტომბერში დაწყებულ ომს.
ისრაელმა დასავლეთ სანაპირო, ღაზის სექტორი და აღმოსავლეთ იერუსალიმი - 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომში დაიკავა, მას შემდეგ ააშენა დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე და სტაბილურად აფართოებდა მათ.
ისრაელის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ტერიტორიები არ არის ოკუპირებული იურიდიული თვალსაზრისით, რადგან ისინი სადავო მიწებზეა, მაგრამ გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობის უმრავლესობა მათ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.
თებერვალში 50-ზე მეტმა სახელმწიფომ წარმოადგინა თავისი შეხედულებები სასამართლოს წინაშე. პალესტინის წარმომადგენლებმა სთხოვეს სასამართლოს დაედგინა, რომ ისრაელი უნდა გასულიყო ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და დაეშალა უკანონო დასახლებები.
ისრაელი არ მონაწილეობდა ზეპირ მოსმენებში, მაგრამ წარადგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც სასამართლოს განუცხადა, რომ საკონსულტაციო დასკვნის გამოცემა "საზიანო" იქნებოდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებისთვის.
მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ სასამართლოს სთხოვა ოკუპაციის უკანონო ცნობა, ხოლო რამდენიმე, მათ შორის კანადა და ბრიტანეთი, ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ უარი უნდა თქვას საკონსულტაციო დასკვნის გაცემაზე.
შეერთებულმა შტატებმა სასამართლოს მიმართა, არ გაეცა ისრაელის ჯარების უპირობო გაყვანის გადაწყვეტილება.
ამერიკის პოზიცია იყო, რომ სასამართლომ არ უნდა გამოსცეს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოლაპარაკებებს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შესახებ.
2004 წელს ICJ-მ მიიღო საკონსულტაციო გადაწყვეტილება, რომ ისრაელის გამყოფი ბარიერი დასავლეთ სანაპიროს უმეტესი ნაწილის გარშემო უკანონოა და ისრაელის დასახლებები შეიქმნა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ისრაელმა დაგმო ეს გადაწყვეტილება.
Facebook Forum