ისრაელისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდება შესაძლოა შეიზღუდოს. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ისრაელი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ღაზაში ჰუმანიტარულ მდგომარეობას არ გააუმჯობესებს.
მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეს პოზიცია ისრაელის ოფიციალურ პირებს ამერიკის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნებმა გააცნეს. მედია წერს, რომ ენტონი ბლინკენიც და ლოიდ ოსტინიც ისრაელის ოფიციალური პირებისგან ითხოვენ კონკრეტული ზომების მიღებას, რათა ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის განახლებული შეტევის ფონზე, ჰუმანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ის, რომ ამერიკული დახმარების მიწოდება ისრაელისთვის შეიძლება შეიზღუდოს თავდაპირველად ისრაელის ერთ-ერთმა მედია მაუწყებლობამ, „ნიუს 12“-მა გაავრცელა.
გამოცემამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც გაწერილია ყველა მოთხოვნა, რომელიც ისრაელმა უნდა შეასრულოს მომდევნო 30 დღის განმავლობაში. მათ შორის წერილში ნათქვამია, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში სულ ცოტა, 350 სატვირთო ავტომობილის შესვლა უნდა უზრუნველყოს, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ასევე, ამ წერილის მიხედვით, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ევაკუაციის ბრძანებების გაცემა.
Your browser doesn’t support HTML5
„ნიუს 12“-ის მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია: „ამ ზომების განხორციელებისა და შენარჩუნებისადმი ერთგულების წარუმატებლობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამერიკის პოლიტიკაზე და ამერიკის შესაბამის კანონმდებლობაზე“.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხად თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი „არ არის მუქარა“ მაგრამ იმეორებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი [ისრაელი] ამას სერიოზულად აღიქვამენ“,- თქვა გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კირბიმ.
ვაშინგტონში ისრაელის ოფიციალური წარმომადგენელი კი სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ „ისრაელი ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება“ და მას ამერიკელ კოლეგებთან ერთად განიხილავს.