ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პესკოვი ვარაუდობს, რომ ევროპას უკრაინისთვის სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიის მობილიზება უჭირს


კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ ევროპის ბევრი ქვეყანა სირთულეებს წააწყდა, როცა საქმე უკრაინის დასახმარებლად სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიების მობილიზებას ეხება. ამ მოსაზრების გამოთქმისას, პესკოვი გერმანიისა და საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობდა, თუმცა თავად კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.

გასულ კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო მარაგების მიწოდებაზე მუშაობა გრძელდება. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლომდე, კიევი ბერლინისგან 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს.

პესკოვი ფიქრობს, რომ ევროპაში პრობლემები ამ მიმართულებითაცაა. „ეფემერული მიზნების მისაღწევად, სამხედრო შესაძლებლობების ასეთი მობილიზება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ინტერესებს და აშკარაა, რომ ამ ქვეყნების შესაძლებლობები არ არის შექმნილი ასეთი ძალისხმევისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა.

„ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში, იმის გაგება, რომ ასეთი ხარჯები არასაჭიროა, უფრო მძაფრი გახდება და უფრო და უფრო გავრცელდება ამ ქვეყნების პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში“, - გამოთქვა იმედი პესკოვმა.

XS
SM
MD
LG