ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უიტმორი: "ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კრემლს ისტორიის გადაწერაში ეხმარებიან " 


ბრაიან უიტმორი
ბრაიან უიტმორი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ბოლო წლებში მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ისაა, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩათრეული არ აღმოჩნდა და მათ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნეს. წინასაარჩევნო კამპანიის - ბილბორდებისა თუ ვიდეორეკლამების დიდი ნაწილის გზავნილიც სწორედ ასეთია: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა".

რას ნიშნავს ეს „ომისა და მშვიდობის“ ნარატივი და როგორ მოქმედებს ის საზოგადოებაზე, რა პოლიტიკური გათვლა აქვს „ქართულ ოცნებას“ და შეუძლია თუ არა საერთოდ ვინმეს, დაჰპირდეს ქართველებს, რომ რუსეთი მათ თავს აღარ დაესხმება. ამ კითხვებზე პასუხად ბრაიან უიტმორი - „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ "ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებები ისტორიის კრემლისეული ვერსიის მსგავსია. უიტმორი წლების განმავლობაში, სხვადასხვა მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა. "ამერიკის ხმასთან" წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილების შესახებ საუბრისას თქვა, რომ ქვეყანას არჩევანი ახლა მხოლოდ რუსეთსა და ევროპას შორის აქვს გასაკეთებელი და არა ე.წ. "ომის პარტიასა" და "მშვიდობის პარტიას" შორის.

- საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად მშვიდობის შენარჩუნებას ასახელებენ. რას ნიშნავს ეს „ომისა და მშვიდობის“ ნარატივი და როგორ მოქმედებს ის საზოგადოებაზე, რომლისთვისაც ომის შიში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ მსგავსი თემები ემოციური და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებია?

- ვფიქრობ, ქართველები ბუნებრივად შეშფოთებულნი არიან ომით, ისევე, როგორც ყველა, ამ რეგიონში რუსეთის აგრესიის გამო. ომი ყველას აწუხებს. მაგრამ ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსწონს ამ სლოგანის გამოყენება და ოპონენტების დადანაშაულება, მათთვის „ომის პარტიის“ დაძახება. ომის პარტია არსებობს და ის მოსკოვშია. მგონი ჩვენ ეს ყველამ ვიცით. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ახლა ამ ნარატივით რასაც აკეთებს, არის ძალიან არაგულწრფელი და მზაკვრული, მაგრამ ეს ასევე ძალიან ჭკვიანური და ეფექტური მოტყუების ოპერაციაა, ეს ყურადღების გადატანის ოპერაციაა.

საქართველო არჩევანის წინაშეა, მაგრამ ეს არაა „ომისა“ და „მშვიდობის პარტიას“ შორის არჩევანი, როგორც ამას „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს. ესაა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის".

ეს ისაა, რასაც რუსები “მასკიროვკას” [შენიღბვას] უწოდებენ, რაშიც მოსკოვი და მისი მოკავშირეები ძალიან კარგები არიან. თუ გსურთ გაიგოთ რას აკეთებენ რუსები, მოუსმინეთ, რაში ადანაშაულებს რუსეთი სხვებს, რადგან ეს, როგორც წესი, სწორედ ასე მუშაობს. ამ “ომის პარტიის” სლოგანის გამოყენება არის ყურადღების გადატანა. ვშიშობ, ეს გარკვეულწილად ეფექტიანი იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ესაა ძალიან ღრმად არაგულწრფელი და ღრმად უპატიოსნო რამ. მაგრამ, სამწუხაროდ, შესაძლოა ძალიან, ძალიან ეფექტიანიც.

- „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, ბოდიში მოიხადოს 2008 წლის ომისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მალევე დადებითად შეაფასა ასეთი განცხადებები და თქვა, რომ მზადაა „მეზობელ ქვეყნებს“ (როგორც თავად უწოდებს) ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისს უსაფრთხოებისა და თავდაუსხმელობის გარანტიები მოსთხოვეს და მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ურჩიეს. ომის გამო წინა ხელისუფლების დადანაშაულება აქამდეც მოგვისმენია, თუმცა ახლა ამგვარი განცხადებები, შეფასებები და ურთიერთპასუხები - რა გზავნილია ეს როგორც ადგილობრივი აუდიტორიისთვის, ისე მოსკოვის ან დასავლეთისთვის? ან საერთოდაც, ვის მიემართება ეს დისკუსია?

- ვფიქრობ, ამ ყველაფერს რამდენიმე აუდიტორია ჰყავს და [ერთდროულად] რამდენიმე რამ ხდება. უპირველესად, ვფიქრობ ბატონი ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ის [ვლადიმირ] პუტინის პატარა დამხმარეა, „ქართული ოცნების“ წევრებიც პუტინის პატარა თანაშემწეები არიან, რადგან ისინი პუტინს და კრემლს ისტორიის გადაწერაში ეხმარებიან, რისი კეთებაც, ისტორიულად, კრემლს ძალიან მოსწონს.

ომის და მშვიდობის საკითხები წინასაარჩევნო კამპანიაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:08:19 0:00

ისინი ყოველთვის თავიდან წერენ [სხვა] ისტორიას: რუსეთი იჭრება საქართველოში, და ეს არა რუსეთის, არამედ საქართველოს ბრალია, რომ გაბედა და მოინდომა საკუთარი თავის დაცვა გარე აგრესიისგან. ამას ვხედავთ ისევ და ისევ და ისევ, როცა მოსკოვი თავის აგრესიას სხვა ქვეყანას აბრალებს, იმ ქვეყანას, რომელიც მისი აგრესიის სამიზნეა.

ამ შემთხვევაში ძალიან გამორჩეული ისაა, რომ არის საქართველოს უდიდესი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ამ ნარატივის გათამაშებას ეხმარება. ამბობს, რომ დიახ, ეს ჩვენი ბრალია. ქვეყნის შიგნით, ცხადია, ის ცდილობს წინა მთავრობის დადანაშაულებას, ეს ნამდვილად ამ ყველაფრის შიდაპოლიტიკური ნაწილია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულებას ცდილობს. არ ვიცი რამდენი ქართველი დაიჯერებს ამას. მაგრამ, უფრო ფართოდ, ვფიქრობ, რაც ხდება, ძალიან, ძალიან საშიშია: ივანიშვილი ეხმარება რუსეთის ძალისხმევას, გადაწეროს ისტორია.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გამოდის და ბოდიშს იხდის მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს გამო, რომ ის იცავდა უკრაინას რუსეთის თავდაპირველი აგრესიისგან 2014 წელს? მე ეს ვერ წარმომიდგენია. ეს ფანტასტიკის ჟანრი იქნებოდა. მაგრამ, აი ამას ვხედავთ საქართველოში: გვყავს ახლანდელი ხელისუფლების დეფაქტო ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ უკავია სამთავრობო თანამდებობა, რომელიც აკეთებს ამას, არის პუტინის პატარა დამხმარე. ეს ყველაფერი კი, უფრო ზოგადად, და მინისტრ ლავროვის რეაქციაც აჩვენებს, რომ რუსეთი ძალიან კმაყოფილია თავისი პატარა დამხმარით. ესაა, რასაც ისინი აკეთებენ და რასაც ისინი წარმოადგენენ.

იმ მითის გამეორება, რომ თითქოს საქართველოა როგორღაც დამნაშავე ამ ომში, ძალიან საშიშია როგორც ქართველებისთვის, ისე - სხვებისთვის რეგიონში.

ეს საშიშია, რადგან ესაა ისტორიის გადაწერის მცდელობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოხდა 2008 წელს, მე საქართველოში ვიყავი 2008 წელს. ვიცი, რა მოხდა მაშინ და ეს დიდი საიდუმლო არავისთვისაა. მაგრამ, იმ მითის გამეორება, რომ თითქოს როგორღაც საქართველოა ამ ომში დამნაშავე ძალიან, ძალიან საშიშია. საშიშია ქართველებისთვის, საშიშია სხვებისთვის რეგიონში. ეს არ ნიშნავს, რომ წინა მთავრობას იმ ომში შეცდომები არ დაუშვია. მან დაუშვა შეცდომები, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ქვეყანა დაადანაშაულო იმაში, რომ თავის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ის თავს იცავდა, ეს უბრალოდ აბსურდის სამყაროსაც კი სცდება.

- უკრაინის მაგალითი ახსენეთ და უკრაინის დროშის ფონზე გვესაუბრებით. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ქუჩებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდები გამოჩნდა, რომლის ნახევარიც ომისგან განადგურებული უკრაინული ქალაქების შავ-თეთრ ფოტოებს აჩვენებს, ნაწილი კი ფერად, მშვიდობიან საქართველოს. ბანერებზე მოწოდებებია - არა ომს, აირჩიე მშვიდობა. რაზე მიუთითებს ამით „ქართული ოცნება"? რომ შესაბამისი არჩევანის გაკეთებით ქართველებს უკრაინელების ბედის არიდება შეუძლიათ? რამდენად შეუძლია პარტიას დაჰპირდეს ამომრჩეველს, რომ რუსეთის აგრესიას თავიდან აირიდებს? რას ფიქრობთ საარჩევნო კამპანიაში უკრაინასთან შედარებებზე და ომის რისკზე საუბარზე?

- იმას გავიმეორებ, რაზეც ვისაუბრეთ, ესაა ნარატივის შეცვლა და ყალბი არჩევანის შექმნა ამ არჩევნებში. რა იყო უკრაინელებისთვის სხვა არჩევანი? მათ ომი არ აურჩევიათ, ომი რუსეთმა აირჩია და უკრაინამ აირჩია თავი დაეცვა ამ ომში, რომელიც მას არ გამოუწვევია. ომის მიზეზი რუსეთია. ასე რომ, რა ალტერნატივა ჰქონდა უკრაინას, რა უნდა გაეკეთებინა? კაპიტულაცია გამოეცხადებინა რუსეთთან? ამას სთავაზობს საქართველოს „ქართული ოცნება“, რომ ქვეყანამ კაპიტულაცია გამოაცხადოს რუსეთთან? მათი აზრით, საქართველოსთვის უკეთესი გზა ეს არის?

ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ძალიან სახიფათო ნიადაგზე მოძრაობს, რადგან როგორც ჩანს, რაზეც ისინი მიუთითებენ, ისაა, რომ საქართველო უბრალოდ უნდა დანებდეს, უარი თქვას თავის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, რუსეთის სასარგებლოდ. ეს გზა უკვე გავლილი გვაქვს, არა? ქართველები ცხოვრობდნენ ასე, 1922-იდან, 1991 წლამდე. ესაა, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს?

საქართველო ამ არჩევნებზე ნამდვილად არჩევანის წინაშეა და ეს არჩევანი არაა „ომისა“ და „მშვიდობის პარტიას“ შორის, როგორც ამას „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს. ესაა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ეს ძალიან, ძალიან, ძალიან მარტივი არჩევანია. სურთ ქართველებს გააგრძელონ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში და ევროპაში ინტეგრაციის პროცესი? ეს სურთ მათ თუ რუსეთი სურთ? ესაა არჩევანი და ახლა „ქართული ოცნება“ ძალიან მზაკვრულად მანიპულირებს ამ არჩევანის რაობით.

აქ მხოლოდ ორი არჩევანია, რაც ქართველებმა შეიძლება გააკეთონ - რუსეთი თუ ევროპა? ძალიან მარტივი. ჩვენ ალბათ ყველას გვესმის, რას ნიშნავს ეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრება. 1922 წლიდან 1991 წლამდე, მათ ეს გამოსცადეს. ვფიქრობ, ქართველებს ევროკავშირის ნაწილად ცხოვრება სურთ, სურთ კანონის უზენაესობით, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ცხოვრება, ყველაფერ იმით, რასაც ევროკავშირის წევრობა უზრუნველყოფს.

ესაა არჩევანი და ვფიქრობ "ქართული ოცნება“ ცდილობს ამომრჩეველი დააბნიოს. წინასაარჩევნოდ მოსახლეობა არ უნდა დაიბნეს და მედიამაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ის არ დაიბნევა და დაინახავს რა რეალური არჩევანი დგას მათ წინაშე.

- რას ნიშნავს ეს, რა პოლიტიკური გათვლა შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ამ შემთხვევაში? რაზე ან ვისზე დებს ფსონს?

ჩვენ მოგვეცა შანსი ისტორია სწორ გზაზე დავაბრუნოთ, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, რომ იყვნენ თავიანთ ნამდვილ სახლში, ევროპაში. მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ შედეგზე ფსონს არ დებს

- თუკი ისინი მართლაც რუსეთზე არ დებენ ფსონს, მაშინ მათ საერთოდ არ იციან რას აკეთებენ. რადგან, მათი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ ამას აკეთებენ. მათ არ სურთ ამომრჩევლისთვის რეალური ობიექტური არჩევანის ჩვენება - რუსეთსა და ევროპას შორის. "ქართულ ოცნებას“ სურს დააბნიოს ხალხი იმის თაობაზე, თუ რა არის რეალური არჩევანი, რადგან თუკი არჩევანი ასე იქნება წარმოდგენილი, ქართველთა უდიდესი უმრავლესობა, ჩემი აზრით, ევროპას აირჩევდა. ამაში ეჭვი არ მეპარება.

მე ხშირად ჩავდიოდი საქართველოში, მიმუშავია ქართველებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში, მაქვს წარმოდგენა იმაზე, როგორ ფიქრობენ ისინი საკუთარ მომავალზე და ვფიქრობ, ამ არჩევანს გააკეთებდნენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ცდილობს დააბნიოს ხალხი. რაც არ უნდა იყოს მათი განზრახვა, ისინი მართლაც რუსეთზე დებენ ფსონს, ვერ წავიკითხავ მათ აზრებს, ძნელია ჩემთვის პასუხის გაცემა, მაგრამ მათი ქცევა ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე ასეა.

ეს ისტორიის ძალიან მნიშვნელობანი მომენტია. ჩვენ მივემართებით მკაფიოდ ახალი ცივი ომის მსგავსი გეოპოლიტიკური კონფლიქტისკენ და ახლა, ამ მომენტში, ჩვენ ვწყვეტთ სად იქნება ხაზები გავლებული ამ ახალ ცივ ომში. ძველი ცივი ომის ხაზი გერმანიის შუაში გადიოდა, ხომ? სად გაივლის ახლა ის? უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე თუ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე? თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და უკრაინის დასავლეთ საზღვარზე? ან საქართველოს სამხრეთ საზღვარზე? ეს ახლა, ამ წუთს წყდება უკრაინაში მიმდინარე ომში, მაგრამ ასევე იმ პოლიტიკურ ბრძოლებშიც, რომლებიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, მოლდოვაში მიმდინარეობს. ბევრია დამოკიდებული ამ მომენტზე.

ბევრი კუთხით, ახლანდელი ვითარება ძალიან ჰგავს 1922 წლის მოვლენებს, როცა საბჭოთა კავშირი იქმნებოდა და მოვლენები შეიძლებოდა სხვადასხვაგვარად განვითარებულიყო, მაგრამ მაშინ საქართველოსთვის კარგად არ წარიმართა. არც უკრაინისთვის.

ჩვენ მოგვეცა შანსი ისტორია სწორ გზაზე დავაბრუნოთ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, რომ იყვნენ თავიანთ ნამდვილ სახლში, ევროპაში. მაგრამ, „ქართული ოცნება“ ამ შედეგზე ფსონს არ დებს და ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიში და შემაწუხებელია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG