ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანკოვიჩი: "ქართული ოცნება" რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს


ნინა იანკოვიჩი, დეზინფორმაციის მკვლევარი.
ნინა იანკოვიჩი, დეზინფორმაციის მკვლევარი.

"მთავრობები, ავტოკრატიას ხელს უწყობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მათთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს, არამედ ასევე იმის გამო, რომ ეს მათთვის ფულს აკეთებს, ფინანსურად მომგებიანია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების” შესახებაც", - ამბობს დეზინფორმაციის მკვლევარი, ნინა იანკოვიჩი. იანკოვიჩს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე ესაუბრა.

ქართლოს შარაშენიძე, ამერიკის ხმა: ქალბატონო ნინა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და დროის დათმობისთვის. 2024 მნიშვნელოვანი არჩევნების წელია. თქვენი ზოგადი დაკვირვებით დავიწყოთ, რა ტაქტიკებს იყენებს რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის? რა არის თემები, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქვეყანაში, თავისი ტაქტიკისთვის იყენებს?

ნინა იანკოვიჩი, დეზინფორმაციის მკვლევარი: რეალურად, გაკვირვებული ვიყავით, როცა ვნახეთ, რომ რუსეთი ძირითადად იმავე, ძველ ტაქტიკას იყენებს, საფარველის სულ ცოტა ცვლილებით. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, დეზინფორმაციის ოპერაციების გასაუმჯობესებლად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. აქამდე ნაცად ხერხებს შორისაა ბოტებისა და ტროლების კამპანიები. გარდა ამისა, ვხედავთ „ინფორმაციის გათეთრების“ ტაქტიკას, ვფიქრობ ეს საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის მეთოდი, როცა რუსეთის მთავრობა ახდენს პირების ან ორგანიზაციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შემდგომში მიმდინარე რუსულ ნარატივს იმეორებენ ან ახმოვანებენ. ეს არის „ინფორმაციის გათეთრების“ ერთი-ერთი ფორმა. მაგრამ, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ ზოგიერთი სხვა ნიმუში, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთიდან მომავალ ნარატივებს ახმოვანებს და ეს შეიძლება მოხდეს მთელს მსოფლიოში, ეს ძალიან ბევრჯერ მოხდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ამერიკის ხმა: როგორ განსხვავდება რუსეთის ტაქტიკები, დასავლურ ქვეყნებში და როცა საქმე პოსტ საბჭოთა ქვეყნებს ეხება, როგორიც საქართველოა?

იანკოვიჩი: ვფიქრობ, აღმოსავლეთ ევროპაში შერეული ვითარებაა. რა თქმა უნდა, იქ არის ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, რომელმაც ისწავლა რუსული ნარატივის მიმართ უნდობლობა. საქართველოც ასეთ ქვეყნებს შორის იყო. სამწუხაროდ, ვფიქრობ, საქართველომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მართლაც რეგრესი განიცადა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მიიღო, ყველაფერი დაღმასვლისაკენ წავიდა - მმართველ კლასებში უფრო მეტი რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა პოულობს რეზონანსს. ვნახეთ საქართველოს მთავრობასა და რუსეთს შორის მყუდრო ურთიერთობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთი კანონების მიღებაზე, როგორიცაა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი და სხვა შეზღუდვები, მაგალითად ლგბტქ+ თემზე, რაც ვფიქრობ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას აშორებს.

თითქმის ყველა ჩემს ნაშრომში, მათ შორის, წიგნში „როგორ წავაგოთ საინფორმაციო ომი“ ვწერ, რომ საკითხები, რომლებიც გვაწუხებს და ქმნის უთანხმოებას, დაყოფას ჩვენს საზოგადოებებში, რეალურად არის ის ბირთვი, რომლის გარშემოც დეზინფორმაცია იქმნება. დეზინფორმაცია არ არის უბრალოდ, ჰაერიდან მოტანილი აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც რუსეთის მთავრობა ქმნის. რუსეთი აკვირდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, ჰომოფობია ან დასავლეთის მიმართ უნდობლობა, ან ნებისმიერი სხვა მწვავე სოციალური საკითხი - ისინი სწორედ ამ პრობლემებს ამწვავებენ, აძლიერებენ, რათა ყალბი ახალი ამბებით უფრო დამაჯერებელი გახადონ და ეს სწორედ ისაა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. რუსეთი, ძირითადად, ქვეყანაში უკვე არსებულ პრობლემებს აძლიერებს და გააზრებულად თუ უნებლიედ, თანაკონსპირატორები თუ სასარგებლო იდიოტები, სიამოვნებით იმეორებენ იმავეს, რადგან ეს მოკლევადიან პერსპექტივაში, შიდა გარემოში, მათ ძალაუფლებას ან სარგებელს აძლევს.

მეორე მხრივ, არის ქვეყნები, რომლებიც ძალიან კარგად არიან დაცულნი რუსული დეზინფორმაციისგან. ლიდერებს შორისაა ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, შვედეთი და ფინეთი. ევროპის მასშტაბით მრავალი განსხვავებული გარემოებაა და ვფიქრობ, ერთ-ერთი უპირატესობა, რაც რუსეთს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში აქვს ისაა, რომ კარგად იცნობს ამ ქვეყნებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მას აქვს ენობრივი, ლინგვისტური რესურსი, მათთან უკეთესი კომუნიკაციისთვის. კულტურული და ლინგვისტური კონტექსტი, რუსეთს გზავნილების გავრცელებას უადვილებს.

ამერიკის ხმა: თუმცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ხალხებში, ასევე არსებობს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაგროვდა საბჭოთა კავშირში იძულებით ყოფნის, საბჭოთა რეპრესიებისა და საბჭოთა ეპოქის შემდგომი რუსეთის ქმედებების შედეგად, ომების შედეგად. რა როლს თამაშობს ეს ფაქტორი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ გამძლეობაში?

იანკოვიჩი: ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამდენ რუსულ ნარატივს იმეორებს, რიგითი ქართველებისთვის შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს იმის დადგენა, თუ საიდან მოდის ეს ნარატივი, რადგან ჩანს, რომ ის საქართველოს მთავრობისგან მოდის და არა რუსი ოფიციალური პირებისგან. ეს ართულებს, ადამიანების მიერ, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ამოცნობას.

ამერიკის ხმა: „ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს ე.წ. გლობალურ ომის პარტიაზე. მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ცდილობენ ამტკიცონ, რომ ამგვარი გლობალური გაერთიანება ნამდვილად არსებობს და ის საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. მმართველი ძალა ცდილობს ამტკიცოს, რომ ეს თავისუფალი მასონების მსგავსი გაერთიანებაა, რომელსაც გავლენა აქვს დასავლური ქვეყნების მთავრობებზე - რას გეუბნებათ ეს განცხადებები?


იანკოვიჩი: ეს იგივე ნარატივია, რაც რუსეთის მხრიდან, უკრაინაში მრავალი წლის განმავლობაში გვესმოდა, რომელიც უკრაინას, როგორღაც, საკუთარ ქვეყანაში შეჭრასა და საკუთარი სუვერენიტეტის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებდა. რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზი ნატოა, რომ რაც იქ მიმდინარეობს ნატოს პროქსი ომია და რომ ნატოსა და დასავლეთის დაფაზე, უკრაინა მხოლოდ პაიკია. ეს ძალიან ჰგავს იდეას, თითქოს საქართველოს კონფლიქტში ჩართვა საჭიროა იმისთვის, რომ ნატო და დასავლეთი რუსეთთან კონფლიქტში აღმოჩნდეს - ეს სრულიად ეწინააღმდეგება ლოგიკას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშაა და რუსეთი ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად, მავთულხლართებს საქართველოს ტერიტორიებზე უფრო ღრმად ავლებს. ასე რომ, ეს ძალიან ჰგავს იმ ლოგიკას, რომელიც წარსულში კრემლისგან არაერთხელ მოგვისმენია.

ამერიკის ხმა: არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ნარატივი, რაც თითქმის იდენტურად იმეორებს მოსკოვის და პეკინის გზავნილებს, თითქოს შეერთებული შტატები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციას ამზადებს. როგორ შეგიძლიათ ახსნათ, ანტიამერიკული, ანტიდასავლური დღის წესრიგი ჰქონდეს ქვეყნის ხელისუფლებას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული?

ყველას, ვინც ცდილობს ევროატლანტიკურ გზას კვლავ გაჰყვეს, "ქართული ოცნება" ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
ნინა იანკოვიჩი

იანკოვიჩი: ვფიქრობ, როდესაც კრემლი და „ქართული ოცნების“ მთავრობა, გარკვეულ ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებად აცხადებს, მიზანია სხვებს აჩვენონ, რომ თითქოს ისინი არ არიან ქართველები, რომ ისინი არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ იგივე ვნახეთ რუსეთში, მაგალითად ენ-დი-აის შემთხვევაში. მე ენ-დი-აიში ვმუშაობდი, როცა რუსეთმა ის არასასურველ უცხოურ ორგანიზაციად გამოაცხადა, ჩვენს იმჟამინდელ პარტნიორებს კი უცხოეთის აგენტის იარლიყი მიაკრეს. ახლა კი, ამ კანონის ქართულ კონტექსტში გამეორება და დანერგვა, ძალიან შორს არის იმისგან, რასაც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში პოსტკომუნისტურ სივრცეში წარმოადგენდა - დემოკრატიული, თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელსაც ნამდვილად სურდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას გაჰყოლოდა. ახლა, ვფიქრობ ყველას, ვინც ცდილობს ამ ევროატლანტიკურ გზას კვლავ გაჰყვეს, "ქართული ოცნება" ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ენ-დი-აის, აი-არ-აის და სხვა მრავალი ორგანიზაციის გამოკითხვებიდან ვიცით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას, კვლავ სურს ევროკავშირთან, ნატოსთან ინტეგრირება, რადგან მათ ახსოვთ რა მოხდა 2008 წელს, მათ ახსოვთ, რას ნიშნავს იცხოვრო კომუნისტურ რეჟიმში. ქართველების უმეტესობისთვის ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო. ასე რომ, საბოლოოდ, ვფიქრობ ქართველი ხალხის ძალა გაიმარჯვებს და ეს ნარატივები, ქართული ოცნების მთავრობისთვის კარგის მომასწავებელი არ იქნება, თუ არ მოხდება რაიმე სახის გაყალბება არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში იმართება.

ამერიკის ხმა: არაერთ მიზეზს შორის, რის გამოც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართული ოცნების წარმომადგენლებს და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, არის ხელისუფლების ანტიამერიკული, ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია. საზოგადოების ნაწილში არსებობს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივი, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და არჩევნების შემდეგ ეს შეიცვლება. რამდენად ხედავთ რესურსს, რომ საზოგადოების ამ ნაწილის მოლოდინი შესაძლოა გამართლდეს და ამ შემთხვევაშიც კი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ხანგრძლივ კამპანიას, საქართველოს მოსახლეობაზე, მის განწყობებზე?

იანკოვიჩი: ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რეალურად, „ქართული ოცნების" მთავრობა ამ კურსს შეცვლის. რადგან, თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე წლის პოლიტიკას, ეს არ არის მხოლოდ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, ან ლგბტქ+ თემის მიმართ გატარებული პოლიტიკა. ეს ასევე არის საპროტესტო აქციები, რომელიც 2019 წელს ვიხილეთ. ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დროს საქართველოში კონფერენციას ვესწრებოდი და ვნახე, რომ თავისუფლების მოედანი „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ხელისუფლების სიახლოვით განაწყენებული ხალხით გაივსო. ასე რომ, რასაც ახლა „ქართული ოცნებისგან“ ვხედავთ, ეს არ მომხდარა ერთ ღამეში ან წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ისაა, რაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გრძელდება. ეს არის ევროპისგან და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორება და რუსეთთან დაახლოება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, შოკისმომგვრელია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება იმეორებს რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურის დიდ ნაწილს, რომელიც არის ავტოკრატიულ რუსეთში. და კიდევ ერთხელ, ამას აკეთებს ხელისუფლება ქვეყანაში, რომელიც მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, დემოკრატიის შუქურა იყო.

ამერიკის ხმა: თქვენ ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა ახსენეთ. "ქართული ოცნების", მისი პოლიტიკური მოკავშირეებისა და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიაორგანიზაციებისგან გამუდმებით ვხედავთ სურათის იმგვარ დახატვას, თითქოს დასავლეთი, დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ებრძვიან ოჯახის იდეას და ლგბტქ+ პროპაგანდას აწარმოებენ. ამ საბაბით, ვიხილეთ საკანონმდებლო ნაბიჯები. რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ამგვარი რიტორიკა?

იანკოვიჩი: წარსულში ვნახეთ, რომ ჰომოფობიური და მიზოგინური ნარატივები, სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ფასს იძენს და ამას ისიც ეხმარება, რომ საქართველო საკმაოდ ტრადიციული საზოგადოებაა. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა ასევე იპოვა სხვა ტრადიციულ საზოგადოებებშიც. პოლონეთი ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია, ასევე უნგრეთი, სადაც ეს ნარატივი ძლიერია და ანტი ლგბტქ+ კანონმდებლობა მიიღეს. მე ვიტყოდი, რომ ეს რუსეთმა წაახალისა შეფარვით ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსულ დეზინფორმაციას, რომელიც ხშირად ამბობს, რომ დასავლეთი, ევროკავშირი ლგბტქ+ პროპაგანდას ახორციელებს და ისინი, საქართველოს მთავრობა სწორედ ამ სიტყვებს იყენებს. ვფიქრობ, ეს კონტროლის კიდევ ერთი მეთოდია. ნებისმიერმა ერმა, რომელსაც სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, უნდა აღიაროს, რომ ადამიანებს აქვთ თავისუფლება ჰქონდეთ ურთიერთობები, როგორიც მათ სურთ და რომ ეს პერსონალური საკითხია და რომ შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარგი მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამასთანავე გეები არიან. ეს არის ის, რაც სხვა დემოკრატიებმა უკვე აღიარა. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივი, რომელსაც ალბათ ქართულ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს. რუსეთი კი ძალიან გამჭრიახია, როდესაც ტრადიციულ საზოგადოებებში, როგორიცაა საქართველო, უნგრეთი და პოლონეთი, ამის გაღვივებას აგრძელებს.

ამერიკის ხმა: როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი პროპაგანდისგან?

აიანკოვიჩი: ეს მილიონიანი კითხვაა. ვფიქრობ, იმის გაცნობიერებით, რომ დეზინფორმაცია ემოციებზეა აგებული და იმის გათავისებით, რომ თუ მიღებული ინფორმაციის მიმართ ემოციურად განეწყვეთ, დიდი შანსია თქვენზე მანიპულირებდნენ. ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ და როგორ ხდება ეს. შემდეგ კი, ვიდრე მაგალითად სოციალურ ქსელში სხვებს გაუზიარებთ, დაფიქრდეთ. დაფიქრდეთ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მიღებული ინფორმაცია თქვენზე ემოციურად იმოქმედებს - გამოიკვლიეთ, საიდან მოდის ეს ნარატივი თქვენამდე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც შემიძლია ვინმეს მივცე, ამ შემოდგომაზე დაგეგმილი ნებისმიერი არჩევნების წინ.


ამერიკის ხმა: საუბრის დასასრულს, მინდა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გკითხოთ. პეკინმა და თბილისმა, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გასულ წელს მოაწერა ხელი. ჩვენ ვხედავთ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამით ჩინეთს სტუმრობენ. მკვლევრებმა შეისწავლეს, რას ასწავლის ჩინეთი ამგვარ პროგრამებში მონაწილე არამხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ასევე საჯარო მოხელეებს. რომ, პოლიცია პარტიას და ხელისუფლებას უნდა იცავდეს, მედია კი არ უნდა იყოს კრიტიკული და ერთობას უნდა შეუწყოს ხელი. რა საფრთხეებს ხედავთ, საქართველოსთვის, ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობებში?

იანკოვიჩი: „დანამდვილებით ვხედავთ ავტოკრატების მხრიდან, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, ტაქტიკის თანხვედრას. ამის შესახებ არის ენ ეპლბაუმის შესანიშნავი წიგნი სახელწოდებით Autocracy, Inc.: The Dictators Who Want to Run the World, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოიცა. ის გვიჩვენებს, რომ ეს მთავრობები, ავტოკრატიას ხელს უწყობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მათთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს, არამედ ასევე იმის გამო, რომ ეს მათთვის ფულს აკეთებს, ფინანსურად მომგებიანია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების” შესახებაც. შემაშფოთებელია იმის ნახვა, რომ ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, იდეების გაცვლის მიზნით ჩინეთში მიდიან, რადგან ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეალები, ევროატლანტიკური იდეალების საპირისპიროა, საპირისპიროა იმ იდეალების, რომელსაც ქართველი ხალხი წარმადგენს. დარბევა, დეზინფორმაცია, გენოციდი, რაც ჩინეთში ხდება პოლარული ოპოზიტია იმის, რისი ხილვაც დემოკრატიაში გვინდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG