ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავიზო შეზღუდვები კიდევ 60-მდე ქართველს - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ნაბიჯი


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-მდე მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი "პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში", - ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

პარალელურად, შეერთებული შტატების ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და ორი კერძო პირი - "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული მოქალაქეები - კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. მათ საქართველოში დემოკრატიისა და ქართველი ხალხის უფლებებისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ.

ენტონი ბლინკენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს პირები, ვისი ვინაობაც საჯაროდ არ სახელდება, "არიან მაღალჩინოსნები მთავრობისა და მუნიციპალურ დონეზე, ვინც ბოროტად გამოიყენა მათი ძალაუფლება იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებები შეეზღუდა; ასევე ბიზნეს ლიდერები, რომლებიც კორუფციულ პრაქტიკაში არიან ჩართულნი; პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ახალისებენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; სამართალდამცავი უწყებების წევრები, რომლებიც დემონსტრანტების ცემაში იყვნენ ჩართულნი და პარლამენტის წევრები, რომლებმაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს არადემოკრატიული კანონმდებლობის დაწინაურებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში".

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკა კვლავ შეშფოთებულია იმით, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და არადემოკრატიული ნაბიჯები იდგმება. მისი თქმით, შეერთებული შტატები განაგრძობს დამატებით საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობას.

"ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს ქართველების უფლებას შეკრების, გამოხატვის, მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ძალადობის, დაშინებისა და შევიწროების შიშის გარეშე", - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ხაზინის სანქციები ე.წ. "მაგნიტსკის აქტის" ფარგლებში დაწესდა. სავიზო შეზღუდვები კი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს, იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212-ე პუნქტითაა განსაზღვრული.

თბილისის რეაქცია

როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ და ვინ, - განაცხადა 16 სექტემბერსვე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა. ცნობა მდინარაძის განცხადებაზე სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა.

მდინარაძემ ამერიკის ხაზინის მიერ 60-მდე ქართველის სანქცირება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობად შეაფასა: "ეს არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა, არაფორმალური გავლენებით. რა შეიცვალა იმის მერე, რაც თქვეს, რომ 30 ადამიანი დავასანქცირეთ? - ერთადერთი რამ შეიცვალა: არჩევნები მოახლოვდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG