ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილერი: ჩვენი პოლიტიკა საქართველოს მთავრობის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული


"თუ გადახედავთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ საქართველოს მთავრობა მათი პოლიტიკის საფუძველზე განვსაჯოთ და რომ ჩვენი პოლიტიკა, მათ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული", - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გააკეთა.

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა აძლევს შეერთებულ შტატებს საფუძველს, იმედი იქონიოს, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ, საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედოს.

"ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იწყებს უკუსვლას დემოკრატიული კუთხით ან უკუსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან, ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ისინი კურსს შეცვლიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ამ ქვეყნის ხალხი ამბობს, რომ მათ კურსის შეცვლა სურთ. მაგრამ, ამავე დროს, როცა ვიმედოვნებთ, რომ ისინი კურსს შეცვლიან, ჩვენ ვავითარებთ პოლიტიკას იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომ მათ შესაძლოა ეს არ გააკეთონ და სწორედ ამას ხედავთ ახლა", - განაცხადა მილერმა.

"ასე რომ, თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის გადახედვა გამოაცხადა. ნახეთ, როგორ დააწესა პირველადი შეზღუდვები, პირველადი სანქციები ოფიციალურ პირებზე საქარველოში. ეს გადახედვა გრძელდება", - თქვა მილერმა.

ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ასევე ჰკითხა, ხომ არ გეგმავს უწყება, საკუთარ "სტრატეგიას" გადახედოს და იმ პირების ვინაობა გაასაჯაროოს, ვისაც სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

"ეს არ არის სტრატეგიის საკითხი, ეს კანონის საკითხია და კანონი არ გვაძლევს საშუალებას, დავასახელოთ იმ ადამიანების ვინაობა, ვის წინააღმდეგაც ეს ზომები მივიღეთ", - განმარტა მილერმა.

სამომავლო შესაძლო სანქციების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, მეთიუ მილერმა თქვა, ტრადიციულად, რაიმე შესაძლო ზომების შესახებ, წინასწარ, განცხადებას არ გააკეთებს.

XS
SM
MD
LG