ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა სანქციები დაუწესა იმ პირებს, ვინც საქართველოში "ფუნდამენტურ თავისუფლებებს ძირს უთხრის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას", - ვკითხულობთ ხაზინის ოფიციალურ განცხადებაში.
კონკრეტულად კი, ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების და პოლიტიკური ოპონენტების "სასტიკ დარბევაზე" და ასევე ორ კერძო პირს, ვინც "პასუხისმგებელია, თანამონაწილეა ან პირდაპირ თუ ირიბად იყო ჩართული ქართველების მიერ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ძალადობრივ შეზღუდვაში".
ოთხივე პირი ე.წ. "მაგნიტსკის აქტის" ფარგლებში სანქცირდება, რაც ადამაინის უფლებების კუთხით მნიშვნელოვან დარღვევებს მოიცავს.
სანქცირებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. რაც შეეხება კერძო პირებს, ესენი არიან "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე.
“დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგების და წამყვანი კონკრეტული პირების მიერ ძალადობისა და დაშინების გამოყენებით, საკუთარი მიზნების მისაღწევი ძალისხმევის თაობაზე”, - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბრედლი სმითი. ის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
“შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ ანგარიშვალდებულება დააკისროს მათ, ვისაც ქართველი ხალხის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა სურს”, - ამბობს სმითი.
ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 2024 წელს სიტყვის თავისუფლების ძალადობრივ შეზღუდვაზე
ხაზინის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 28 მაისს, მიუხედავად საპროტესტო დემონსტრაციებისა, რომლებიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, მმართველმა პარტიამ მიიღო კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ, რომელსაც “უცხოური გავლენის” კანონად იცნობენ. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამის შემდეგ თქვა, რომ ეს შეზღუდავდა ქვეყანაში ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის მედიის თავისუფლებას და ეს ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროპასთან და ევროკავშირთან აკავშირებს.
დემონსტრაციებისას, რომლებიც კანონის მიღებამდე იმართებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ძალებმა - სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტმა - “ძალადობრივად ამოიღო მიზანში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები, ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ შეხედულებებს. ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
„ძალადობა, რომელიც ჩაიდინა სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტმა მოიცავდა ახალი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივ პროტეტში მონაწილე ბევრი ადამიანის სასტიკ ცემას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების. ხარაზიშვილი კარგადაა ცნობილი მისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში“, - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილე.
ხარაზიშვილი და ლაგაზაური შესაბამისი კანონმდებლობით, მიჩნეულნი არიან იმ უცხოელ პირებად, რომლებიც არიან ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელები, რომელიც თავის მხრივ ჩართულია, ან მისი წარმომადგენლები მონაწილეობენ „ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში“.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორები
ამ მიმართულებით ამერიკის ხაზინა ორ პირს ასახელებს - კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს. ხაზინა წერს, რომ მორგოშიას მიერ დაფუძნებული “ალტ-ინფო” არის მედიასაშუალება, რომელიც გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიზულვილის ენის და მაგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად. ხაზინა 2021 წლის ივლისში და 2023 წელსაც იხსენებს და წერს, რომ ეს ორგანიზაცია ახალისებდა ძალდობრივ თავდასხმებს იმ პირების მიმართ, ვინც მშვიდობიანად იყენებდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ეს ძალისხმევა წინ უძღოდა მათი ასობით მიმდევრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში შეჭრას და ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და პოლიციელებზე თავდასხმას.
ზურაბ მახარაძე კი ამავე მედიასთან დაკავშირებული პირია, რომელიც ხაზინის თქმით, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და მარგინალიზებულ ჯგუფებზე თავდასხმების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ხაზინის განმარტებით, “ის პირდაპირ, ონლაინ ახალისებდა ძალადობას უმცირესობების ჯგუფებისა და ჟურნალისტების მიმართ” და ეხმარებოდა ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის ორგანიზებას, მიმართვას და რესურსების მობილიზებას 2021 და 2023 წელს. თავდასხმებისას ის ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დემონსტრანტებისგან უნდა გაეწმინდა და მის მხარდამჭერებს მოუწოდებდა, გაჰყოლოდნენ მორგოშიას და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს თავს დასხმოდნენ.
ე.წ. “მაგნიტსკის აქტის” შესაბამისად, მორგოშიაც და მახარაძეც მიიჩნებიან იმ პირებად, რომლებიც პასუხისმგებელნი, თანამონაწილენი არიან, ან პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართულნი ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში.
სანქციების შედეგები
16 სექტემბრის სანქციების შედეგად, ყველა ამ პირის ქონება ან ამ ქონებაზე დარიცხული სარგებელი, რომელიც შეერთებულ შტატებშია, ან რომელსაც ამერიკის მოქალაქე შეიძლება აკონტროლებდეს, დაბლოკილია. ამასთან, ნებისმიერი კომპანია თუ აქტივი, რომლითაც 50%-ით ან მეტით შეიძლება ეს სანქცირებული პირები პირდაპირ თუ ირიბად ფლობდნენ, ან სარგებლობდნენ, ასევე დაბლოკილია. ამერიკის მოქალაქეებსა და პირებს ამ სანქცირებული პირების კუთვნილებაში არსებულ კომპანიებთან თუ აქტივებთან კავშირი ეკრძალებათ. ის ფინანსური ინსტიტუტები თუ სხვა პირები, რომლებიც ამ პირებთან და კომპანიებთან რაიმენაირად არიან დაკავშირებულნი ან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებენ მათთან, ასევე სანქციების თუ სხვა აღსრულებითი ზომის სამიზნე გახდებიან.
"მაგნიტსკის აქტის" მასშტაბი
"მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგატიშვალდებულების გლობალური აქტი" 2017 წელს გამოიცა და ის მოიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევებისა თუ კორუფციული ქმედებებისთვის ანგარიშვალდებულების დაწესებას ამერიკის გარეთ მომხდარ ფაქტებზე მაშინ, როცა ამ ქმედებებმა "მიაღწია ისეთ მასშტაბსა და სიმძიმეს, რომ ის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების სტაბილურობას".
"მაგნიტსკის სიის" სახელწოდება უკავშირდება რუსეთში მცხოვრებ აუდიტორს, სერგეი მაგნიტკისკის, რომელიც 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ კორუფციას იძიებდა. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, 1 წლის შემდეგ კი ციხეში გარდაიცვალა. 2012 წელს ამერიკის კონგრესმა "მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტი" დაამტკიცა, რომლითაც შეიქმნა მექანიზმი, რომ დაწესებულიყო სანქციები იმ პირებისთვის, ვინც მაგნიტსკის დაკავებაში და სიკვდილში მონაწილეობდნენ, ან რუსეთში ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
2016 წელს კი ეს აქტი კიდევ უფრო გაფართოვდა და სანქციები ვრცელდება ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლზე, რომელიც შეერთებული შტატების შეფასებით, ადამიანის უფლებებს არღვევს და კორუფციულ ნაბიჯებს დგამს. ეს აქტი სხვა ქვეყნებშიცაა დამტკიცებული, 2020 წელს ის მიიღო ევროკავშირმაც.
Facebook Forum