ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო: ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი


საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კვლავ გავრცელდა დეზინფორმაცია ომის „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით.

"„მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.

სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში“, - წერია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხი მარტივია:

„ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?!“

მმართველი პარტიის წარმომადგენლები განაგრძობენ ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ არსებობს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილი. ერთ-ერთი ბოლო, ვინც „მეორე ფრონტი“ ახსენა, არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე.

„როდესაც გინდა, რომ ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, გინდა მეორე ფრონტის გახსნა, როდესაც პირდაპირ მოწოდებებს აკეთებ სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, ყველაფერს ცდილობ იმისთვის, რომ ხალხი და შენი ქვეყანა დააზიანო, რა ნამუსით უნდა მიხვიდე ხალხთან? შესაბამისად, ველზეც ვერ გადიან, ზოგიერთ საელჩოში დარბიან და იქ ატარებენ საარჩევნო კამპანიას“, - თქვა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG