ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას გვპირდება ივანიშვილი? - „ეს ყველაფერი სასარგებლო იდიოტებზეა გათვლილი“


ბიძინა ივანიშვილმა "გარეჯი საქართველოას" 2020 წლის არჩევნების კამპანია, ოთხი წლის შემდეგ, "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის" მითიური კამპანიით ჩაანაცლა
ბიძინა ივანიშვილმა "გარეჯი საქართველოას" 2020 წლის არჩევნების კამპანია, ოთხი წლის შემდეგ, "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის" მითიური კამპანიით ჩაანაცლა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკიდან გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ე.წ „ბოდიშის კამპანიას“ 2008 წლის აგვისტოში, „ქართული მხარის მიერ გაჩაღებული ომის გამო“, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები „სამარცხვინოს“ და „ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელს“ უწოდებენ.

„ნათელია რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს. “რა სახით და ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება, ეს თავამ ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც"
სერგეი ლავროვი

„ნათელია რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს” - აღნიშნა სერგეი ლავროვმა. რუსეთის მთავარი დიპლომატის აზრით, "რა სახით და ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება", სამმა "დამოუკიდებელმა ქვეყანამ" "აფხაზეთმა", ე.წ "სამხრეთ ოსეთმა“ და საქართველომ, „თავად უნდა გადაწყვიტონ“.

„თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება, ამ ურთიერთობების ნორმალიზაცია, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფა, რომ (ძალის გამოყენების) სურვილი არავის აღარ გაუჩნდეს, ჩვენ, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ დავეხმაროთ” - ბრძანა ლავროვმა.

ლავროვის ამ განცხადებას, რომელსაც მიესალმა და პოზიტიური“ უწოდა, თბილისის მერმა და „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ, მოსკოვიდან მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმების მყისიერი რექციები მოჰყვა, რომელიც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო "დღის წესრიგში" მაინც და მაინც ვერ ჩაჯდა.

„თბილისთან ნებისმიერი მოლაპარაკების შემთხვევაში, (ე.წ "სამხრეთ ოსეთი") აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან ამოვა“ - ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ცხინვალში.

„ნაცვლად საარჩევნო კამპანიის დროს „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“ და სხვა მითიურ ტერმინებზე მცდარი სპეკულაციებისა.. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს, ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ - განაცხადეს ოკუპირებულ სოხუმში.

„ეს არის რუსეთში მყოფი ივანიშვილის ლობისტების ერთი შტოს ფანდი და ხრიკი. ფსიქოლოგიური ოპერაციების ნაწილია რომ შექმნან „ამბავი“, რომელსაც ვითომ საიდუმლოდ და მალულად „აგვარებენ“. ეს ყველაფერი სასარგებლო იდიოტებზეა გათვლილი. უთხრეს, რომ მიდი თქვი, რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენ. შენი რა მიდის, აგერ „გარეჯი საქართველოა!“, ხო, იძახე?! ხო, გამოგივიდა, ეხლაც თქვი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გჭირდება ქვეყნის გასაერთიანებლად
დავით ძიძიშვილი

მიმდინარე წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში, „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ცდილობს, ამომრჩეველი დააჯეროს, რომ თითქოს, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“ მზადება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.

„ეს არის რუსეთში მყოფი ივანიშვილის ლობისტების ერთი შტოს ფანდი და ხრიკი. ამას აკეთებენ შეგნებულად და ძალიან დაგეგმილად, ფსიქოლოგიური ოპერაციების ნაწილია რომ შექმნან „ამბავი“, რომელსაც ვითომ საიდუმლოდ და მალულად „აგვარებენ“. მატყუარები არიან, ეს ყველაფერი სასარგებლო იდიოტებზეა გათვლილი“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჰიბრიდული ომის სპეციალისტმა დავით ძიძიშვილმა.

მისი აზრით, „რუსეთში ერთი ინტერესთა ჯგუფია, რომელიც ბიძინას ამაზე ელაპარაკება. უთხრეს, რომ მიდი თქვი, რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენ. შენი რა მიდის, აგერ „გარეჯი საქართველოა!“, ხო, იძახე?! ხო, გამოგივიდა, ახლაც თქვი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გჭირდება ქვეყნის გასაერთიანებლად“.

სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დავით ძიძიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად, ქვეყნის კონფედერაციული მოწყობის იდეა გააცოცხლა, რაც თბილისის მხრიდან, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს, ამიტომ, "ოცნება" უფრო ღიად, ამ თემაზე წინასაარჩევნოდ ვერ საუბრობს.

„რა საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება ქვეყნის გაერთიანებას? - კითხულობს დავით ძიძიშვილი. "ჩვენს კონსტიტუციაში წერია რომ საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო და წერია რა ტერიტორიას მოიცავს ეს ქვეყანა, ანუ რა უნდა შეცვალონ?

ეს ნიშნავს, რომ უნდა შეცვალონ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, გადავიდნენ უნიტარული სახელმწიფოდან ფედერაციაზე. ფედერაციის ნაწილში კი ალბათ, კონფედერაცია იქნება ყველასთვის მისაღები, მათ შორის რუსეთისთვისაც".

"ეს აფხაზეთს (ცხინვალსაც) შესაძლებლობას მისცემს, რომ საქართველოსგან მიიღოს დამოუკიდებლობის აღიარება და შემოვიდეს რაღაც „ერთიან სახელმწიფოში“, საიდანაც როცა მოისურვებს უკან გავა. აი, ამას სჭირდება „ცვლილება“. სინამდვილეში კი ამ მოცემულობაში, რომელშიც ვიმყოფებით, ეს „ცვლილება“ კი არა, დეოკუპაცია გვჭირდება“ - მიაჩნია დავით ძიძიშვილს.

„რატომ ვფიქრობ რომ ეს ძალიან საშიშია. იმიტომ, რომ ძალიან კარგად მახსოვს, ჩემდა საუბედუროდ, ამის ნაწილი ვიყავი და ვიცი რა ხდებოდა „გარეჯი საქართველოა“ კამპანიის დროს. ამ კამპანიის ერთადერთი შედეგი ის დადგა, რომ ზუსტად დავით გარეჯიდან 500 მეტრში, მეორე მხრიდან, უზარმაზარი სამხედრო ბაზა აშენდა
გიორგი გახარია

„დღეს როცა ვიღაცა აღქმებს ქმნის, რომ რუსეთის ფედერაცია ყველაფრის გარეშე, რაღაცას გვაჩუქებს ან თვითონ ძალიან დიდი იდიოტია ან უბრალოდ გვატყუებს“ - ამბობს ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე გიორგი გახარია.

ყოფილი პრემიერ მინისტრი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „გარეჯი საქართველოა“ კამპანიის მსგავსად, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი კამპანიაც, მხოლოდ და მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად მოგონილი ბლეფია, რაც მისი აზრით, ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის.

„რატომ ვფიქრობ რომ ეს ძალიან საშიშია. იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად მახსოვს და ჩემდა საუბედუროდ, ამის ნაწილი ვიყავი და ვიცი რა ხდებოდა „გარეჯი საქართველოა“ კამპანიის დროს. ამ კამპანიის ერთადერთი შედეგი ის დადგა, რომ ზუსტად დავით გარეჯიდან 500 მეტრში, მეორე მხრიდან, უზარმაზარი სამხედრო ბაზა აშენდა.

როდესაც ხელისუფლება არჩევნების მოგების მიზნით იწყებს სპეკულირებას, მოქალაქეებისთვის ყველაზე ფსიქო-ემოციურად სენსიტიური თემებით, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემით, ეს ხელისუფლება უკვე საშიში ხდება“ - აღნიშნა „პალიტრის“ ეთერში გიორგი გახარიამ. მას 2016-2021 წლებში, „ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკის, შსს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები ეჭირა.

საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება - ოპოზიციის აკრძალვის და გასამართლების, სექსუალური და რელიგიური უმცირესობებისთვის უფლებების შეზღუდვის და "კოლექტიური დასავლეთის" "ომის პარტიად" შერაცხვის გარდა, "ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო გამოსვლებში, ზოგად აქცენტს „ტერიტორიული მთლიანობის“ „მშვიდობიან აღდგენაზეც“ აკეთებს.

გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება
ბიძინა ივანიშვილი

ამავე დროს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ამ დრომდე, არანაირი გეგმა არ წარმოუდგენია, როგორ და ვისთან შეთანხმებით აპირებს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრას? რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით?

„26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!

შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისათვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე”- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 29 სექტემბერს უკვე თელავში გააკეთა.

ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ე.წ "ბოდიშის" კამპანიის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული, 26 სექტემბერს, ჯერ ე.წ "სამხრეთ ოსეთს" მიულოცა ე.წ "დამოუკიდებლობის დღე", 30 სექტემბერს კი - უკვე ე.წ "აფხაზეთის რესპუბლიკას".

XS
SM
MD
LG