შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის თანახმად, შეერთებული შტატები სამხრეთ კორეაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის ხელახლა განლაგებას, ან სეულთან ბირთვული იარაღის გაზიარების შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს. ეს განცხადება ონლაინ ფორუმზე, იაპონიისა და კორეის საკითხებზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მარკ ლამბერტმა, სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ გაჟღერებული წინადადების შემდეგ გააკეთა.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები გამოსცადაშეერთებულმა შტატებმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომელიც ბრძოლის ველის ბირთვულ იარაღადაცაა ცნობილი, სამხრეთ კორეიდან 90-იანი წლების დასაწყისში გაიტანა. სამხრეთ კორეის კონსერვატორი პოლიტიკოსები წლების განმავლობაში ამ იარაღის ხელახლა განლაგებისკენ მოუწოდებდნენ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ თავისი ბირთვული პროგრამა გააფართოვა.
სამხრეთ კორეის “ასანის ინსტიტუტის” მიერ ამ თვის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სამხრეთ კორეელთა 70 პროცენტი, ქვეყნის მიერ საკუთარი ბირთვული შესაძლებლობების შექმნას ემხრობა.
გასული საუკუნის 70-იან წლებში სამხრეთ კორეა ცოტა ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობდა, რადგან იმ დროს არსებობდა კითხვები, იქნებოდა თუ არა ვაშინგტონი სეულის დაცვის გრძელვადიანი ვალდებულებისადმი ერთგული.