სინგაპურის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ კვირის ბოლოს ფხენიანს ესტუმრება. ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში სინგაპურში ამერიკის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა უნდა გაიმართოს. სინგაპურს ორივე ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური კავშირები. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიენ ბალაკრიშნანი ჩრდილო კორეაში 2 დღით ხუთშაბათს გაემგზავრება.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ უნი ერთმანეთს 12 ივნისს უნდა შეხვდნენ. თეთრი სახლის განცხადებით შეხვედრა კუნძულ სენტოსაზე, სასტუმრო „კაპელაში“ გაიმართება. სამშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ იმედოვნებს, სინგაპურში გამართული მოლაპარაკებები „რაღაც დიდის დასაწყისი იქნება“.
ამერიკელი და ჩრდილო კორეელი ოფიციალური პირები თანამშრომლობენ შეხვედრის ჩასატარებლად და მოსამზადებელი სამუშაოები განსაკუთრებით აქტიურ ფაზაშია. ტრამპი გასულ კვირას თეთრ სახლში კიმ ჩენ უნის მთავარ მრჩეველს შეხვდა. ამ უკანასკნელმა პრეზიდენტს კიმის წერილი გადასცა. თუკი მანამდე პრეზიდენტი ბირთვულ პროგრამაზე დაუყოვნებლივ უარის თქმას მოითოხვდა, ამ მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ კორეელებს ამის გასაკეთებლად დრო ექნებათ.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 12 ივნისს კონკრეტული დოკუმენტების ხელმოწერა არ იგეგმება, არც იგეგმებოდა და ეს მხოლოდ "პროცესის დასაწყისი" იქნება. კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ამერიკა ჩრდილო კორეას სანქციებს მანამ არ მოუხსნის, სანამ ეს უკანასკნელი ბირთვულ არსენალს არ გაანადგურებს.
რა დრო და რესურსი დასჭირდება ატომური არსენალის განადგურებას?
შეიარაღების საკითხების ექსპერტების შეფასებით კი ჩრდილოეთ კორეას ატომური პროგრამის გასანადგურებლად, შესაძლოა, 10 წელიც კი დასჭირდეს. ამ პროცესის ღირებულებამ კი 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. ცხადია ეს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტ ტრამპსა და კიმ ჩენ უნს შორის შეთანხმება შედგება.
დერილ კიმბალი ვაშინგტონში არსებული "იარაღის კონტროლის ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ უმძიმესი საქმე და სამუშაო ჯერ კიდევ წინაა, რადგან შეთანხმების მიღწევის შემდეგაც კი ეს მრავალწლიანი პროცესი იქნება, რომელიც ამერიკის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, ჩინეთისა და ჩრდილო კორეის ერთობლივ ჩართულობას მოითხოვს.
ეკონომიკური დახმარების სახით დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ბირთვული აქტივობა შეწყვიტოს და ამ სფეროში დასაქმებული 3-დან 10 ათასამდე ადამიანი სხვა, "მშვიდობიან სფეროებში" დაასაქმოს.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩრდილო კორეა სანქციებისგან ჯერჯერობით არ გათავისუფლდება. იმავეს აცხადებს თავდაცვის მდივნი ჯიმ მატისიც, რომელმაც გასული კვირის ბოლოს თქვა, რომ ჩრდილო კორეის მიმართ ეკონომიკური წნეხი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც ის გადადგამს "შემოწმებად და შეუქცევად" ნაბიჯებს ატომური იარაღის გასანადგურებლად.
თუმცა, არსებული შეფასებებით, ჩრდილო კორეა ამ ეტაპზე 20-დან 80-მდე ბირთვულ ქობინს ფლობს, მოქმედებს ბირთვული კვლევებისა და ექსპერიმენტების ფარული დაწესებულებები, ათასობით ბირთვული რაკეტაა შექმნილი, რომელთა ამოქმედება მოძრავი ავტოტრანსპორტიდანაა შესაძლებელი. წლების განმავლობაში ხდებოდა წყალქვეშა რაკეტების გამოცდაც.
ასეთი ფართო არსენალის განადგურება კუკმინის უნივერსიტეტის პროფესორის, კვონ ჰუკ-ჩულის თქმით, 20 მილიარდ დოლარამდე დაჯდება. კვონი ჩრდილო კორეასთან წარსულში გაფორმებულ შეთანხმებებს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინის მსგავს გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ უკრაინაში არსებული ქობინები მაშინ რუსეთში გაიგზავნა და იქ განადგურდა. ამერიკა კი მათ ამ ნივთიერებების უსაფრთხო განადგურებაში ეხმარებოდა მასშტაბური კონტეინერებითა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.
კუკმინის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ჩრდილო კორეის ბირთვული არსენალისა და დამხმარე ნაგებობა-მოწყობილობების განადგურებას, დაახლოებით, 5 მილიარდი ამერიკული დოლარი დასჭირდება. გარდა ამისა, საჭირო იქნება კიდევ 5 მილიარდი იმისთვის, რომ ამერიკამ 1994 წელს მიცემული პირობა შეასრულოს და ელექტროენერგიის წარმოებისთვის წყლის ორი რეაქტორი შექმნას.
კვლევის თანახმადვე, ეკონომიკური დახმარების სახით დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ბირთვული აქტივობა შეწყვიტოს და ამ სფეროში დასაქმებული 3-დან 10 ათასამდე ადამიანი სხვა, "მშვიდობიან სფეროებში" დაასაქმოს.
რაც შეეხება ამ პროცესის ხანგრძლივობას, სტენფორდის უნივერსიტეტის ახალი ანგარიშის თანახმად, ბირთვული პროგრამის სრულ განადგურებას ათი წელი მაინც დასჭირდება. კვლევის ავტორები არიან უნივერსიტეტის მეცნიერი ზიგფრიდ ჰექერი, რომელიც ჩრდილო კორეაში წარსულში პლუტონიუმის პროგრამის შესაფასებლად იმყოფებოდა, რობერტ ქარლინი, "დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს" ყოფილი ანალიტიკოსი და მკვლევარი ელიოტ სერბინი. მათი შეფასებით, პროცესი რამდენიმე ეტაპად უნდა წარიმართოს, თუმცა სრულ დენუკლეარიზაციას 10 წელი მაინც დასჭირდება.
Facebook Forum