ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა გამოსცადა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა შორი რადიუსის მოქმედების ფრთოსანმა რაკეტამ, ფხენიანს კიდევ ერთი საშუალება მისცეს, რომ მეზობლის სარაკეტო დაცვის სისტემებს გაუსხლტეს.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ “ახლად შექმნილმა შორი მოქმედების რადიუსის ფრთოსანმა რაკეტებმა” ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე 1500 კილომეტრი გაიფრინეს და სამიზნეებს წარმატებით დაარტყეს.
ცნობაში ნათქვამი არ არის, თუ რამდენი რაკეტა გამოსცადეს, მაგრამ იუწყებიან, რომ ცდები შაბათს და კვირას ჩაატარეს. ჩრდილოეთ კორეულ მედიაში გამოქვეყნდა ერთი ფრთოსანი რაკეტის ფოტო, რომელსაც გზატკეცილზე მდგარი ხუთლულიანი მობილური სარაკეტო დანადგარიდან უშვებენ.
რამდენიმე ანალიტიკოსმა თქვა, რომ რაკეტა გარეგნულად ამერიკული “ტომაჰავკის” მსგავსად გამოიყურებოდა. “ტომაჰავკს” ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია და მისი მოქმედების რადიუსი დაახლოებით 1600 კილომეტრია.
ფრთოსანი რაკეტის გამოცდა ნაკლებად პროვოკაციულად გამოიყურება, ვიდრე შორი მოქმედების რადიუსის საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვება, რომელშიც შეიძლება ისეთი ტექნოლოგია იყოს გამოყენებული, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიას დაემუქრება. მაგრამ, რაკეტის გაშვება მაინც პრეზიდენტ ბაიდენის გამოცდა იქნება, რომელმაც თქვა, რომ ის დიპლომატიისთვისაც და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური წნეხისთვისაც მზადაა.
Facebook Forum