6 იანვარს შეერთებული შტატების კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესი დაასრულა. გასული წლის 5 ნოემბერს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში ქვეყნის დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დაამარცხა და 20 იანვარს ფიცის დადების შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდება.
50-ივე შტატის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ტრადიციისამებრ, დღეს კონგრესში საკუთარ შტატში ჩატარებული არჩევნების შედეგები წარმოადგინეს. საბოლოო შედეგებით, კონგრესმა 312 ხმით 226-ის წინააღმდეგ - შტატებში საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელთა ხმების შესაბამისად - დონალდ ტრამპის 47-ე პრეზიდენტად არჩევა გამოაცხადა.
პროცესი დიდი ხანია საარჩევნო პროცედურის ფორმალურ ნაწილადაა ქცეული. თუმცა, ზუსტად ოთხი წლის წინ, არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპის მომხრეთა კაპიტოლიუმში ძალადობრივმა შეჭრამ, 140 პოლიციელის დაშავება გამოიწვია.
ასევე ნახეთ: კონკურენტები ტრამპს 6 იანვრის საქმეში არ ადანაშაულებენმიუხედავად იმისა, რომ წელს მსგავსი მოვლენების მოლოდინი ვაშინგტონში არ იყო, დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები მაინც გამკაცრებულია. არეულობას კაპიტოლიუმთან არ მოელიან, ვინაიდან ჰარისმა თავი დამარცხებულად მალევე გამოაცხადა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი არჩევნებში დემოკრატთა დამარცხებისთანავე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ეს სიტყვები ბაიდენმა თეთრ სახლში 5 იანვარს გამართულ ღონისძიებაზეც გაიმეორა. მან 2021 წლის 6 იანვარს უწოდა "ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ამერიკის ისტორიაში" და განაცხადა, რომ ამერიკა "ძალაუფლების გადაცემის ძველებურ, ნორმალურ გზას უნდა დაუბრუნდეს".
ბაიდენის თქმით, ოთხი წლის წინ ტრამპის მიერ ყალბი განცხადებების გამეორება, თითქოს მან არჩევნები მოიგო, "დემოკრატიისთვის ნამდვილი საფრთხე იყო". პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ინციდენტი წარსულში დარჩა.
6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლომ ბრალი 1 500-ზე მეტ ადამიანს წარუდგინა. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსჯავრდებულებს მალევე შეიწყალებს, მას შემდეგ, რაც ის 20 იანვარს ძალაუფლებას სრულად გადაიბარებს.
Your browser doesn’t support HTML5