ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ფედერალურ ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ახალი ბრალი წაუყენა. ტრამპს ბრალი ედება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 2020 წელს წაგებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობაში.
77 წლის დონალდ ტრამპი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. შიდაპარტიული გამოკითხვების მიხედვით, ის ჯერჯერობით რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ლიდერია. საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო, "ნიუ-იორკ თაიმსის" მიერ 1 აგვისტოს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, ის და მის ოპონენტს, დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანაბარი - 43%-იანი პოპულარობა აქვთ.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტისადმი წაყენებული ბრალდება ოთხი პუნქტისგან შედგება, რომელთაგან თითოეული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ესენია: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით, შეთქმულება ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მცდელობა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.
45-გვერდიანი ბრალდების თაობაზე ანგარიში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურმა გამომძიებელმა ჯეკ სმითმა წარადგინა. მას წინ უძღოდა მრავალთვიანი გამოძიება და ტრამპის უახლოესი მოკავშირეებისა და სხვა მოწმეების დაკითხვა 2021 წლის 6 იანვარს განვითარებული მოვლენების თაობაზე. გამომძიებელთა თქმით, მაშინ ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი შეეცადა მისი მეტოქის, დემოკრატი ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების ოფიციალური დამტკიცების პროცესი ჩაეშალა. ტრამპის 2 000-მდე მომხრე კონგრესის შენობაში შეიჭრა და იქ მყოფ კანონმდებლებს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ასობით სხვა თანამშრომელს საფრთხე შეუქმნა.
ბრალდების მიხედვით, ქვეყნის 247-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ნაცვლად, არჩევნების შედეგები არ აღიარა და ოფისში უკანონოდ დარჩენა სცადა. ტრამპის სასამართლოს წინაშე წარდგენას და მისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენებას ხუთშაბათს, 3 აგვისტოს ელიან. დონალდ ტრამპის გარდა, ბრალს კიდევ 6 პირს წაუყენებენ, რომელთა ვინაობაც საბრალდებო დასკვნაში მითითებული არ არის. ამერიკულ მედიაში ვარაუდობენ, რომ მათ შორის, ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანიც იქნება.
ტრამპი დღემდე უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ 2020 წელს საყოველთაო არჩევნების შედეგები მის საწინააღმდეგოდ გააყალბეს. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ მისი საპრეზიდენტო კამპანიის საჩივრები ათეულობით სასამართლო პროცესზე უარყვეს, მათ შორის თავად ტრამპის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმაც კი.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული. მათგან ერთი - თეთრი სახლიდან წაღებული საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის საქმეს ეხება, მეორე კი - პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ უკანონოდ თანხის გადახდას. დონალდ ტრამპი აქედან არცერთ ბრალს არ აღიარებს. ის ორივე სასამართლო პროცესს "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ყოველივე მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ნაწილია.
Facebook Forum