ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომსახურე პერსონალის წევრი მაიამიში, ფედერალურ სასამართლოში დღეს პირველად წარსდგება. ის უპასუხებს ბრალდებას, რომლის მიხედვით, ტრამპს იმ საიდუმლო დოკუმენტების დამალვაში დაეხმარა, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვების დროს წაიღო.
კარლოს დე ოლივეირას, პალმ ბიჩში ტრამპის მარალაგოს მამულის ყოფილ მენეჯერს, ბრალად სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წაშლის მცდელობა და გამომძიებლებისთვის სიცრუის თქმა ედება. მას ბრალი ოთხი პუნქტით, მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის წაუყენეს.
პროკურორებმა ამ საქმეზე ბრალი თავდაპირველად ტრამპს და მის თანაშემწე უოლტ ნაუტას ივნისში წაუყენეს. ბრალდების მტკიცებით, ტრამპმა ასობით საიდუმლო დოკუმენტი თავის მარალაგოს მამულში "დაუფიქრებლად შეინახა" და პერსონალს დაავალა, დოკუმენტები გამომძიებლებისთვის დაემალათ.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციისთვის რბოლის ლიდერმა, ტრამპმა კრიმინალური ბრალდების 37 პუნქტზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. პარასკევს, რადიოთი გამოსვლისას განაცხადა, რომ სათვალთვალო კამერების ყველა ჩანაწერი, რომელსაც მთავრობა ითხოვდა, მათ გადასცა.
ნაუტამაც თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
მეორე ბრალის წაყენება, რომელიც ტრამპის და ნაუტას წინააღმდეგ ბრალდების ახალ პუნქტებს შეიცავს იმის ნიშანია, რომ საქმე ფართოვდება. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ცალკე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ტრამპის მიერ 2020 წლის არჩევნებში დამარცხების გადახედვის მცდელობას უკავშირდება, შესაძლოა ახალი ბრალდებები გაჩნდეს.