ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ფედერალური ბრალი საიდუმლო დოკუმენტების არასწორი გამოყენებისთვის წაუყენეს


დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი

შეერთებული შტატების სამხრეთის შტატ ფლორიდაში, ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ, უპრეცედენტო ნაბიჯით, 8 ივნისს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა. ყოფილ პრეზიდენტს, თეთრის სახლის დატოვების შემდეგ საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტების არასწორად გამოყენებას ედავებიან. დონალდ ტრამპი გახდა ისტორიაში პირველი ამერიკელი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფედერალური ბრალდების წინაშე აღმოჩნდა.

ბრალს ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურად სამშაბათს, სასამართლო პროცესზე წაუყენებენ, სადაც ის სამართალდამცავებს ფორმალურად უნდა ჩაბარდეს. შვიდპუნქტიანი ბრალდება, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა, ტრამპს სხვა ბრალდებებთან ერთად, ედავება ფედერალური კანონების დარღვევას, რომელიც „ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის“ უნებართვო შენახვას კრძალავს. ამ დანაშაულის ჩადენა 10 წლამდე ციხით ისჯება.

ტრამპმა სოციალური მედიის თავის პლატფორმაზე "თრუს სოუშალ" (Truth Social), ბრალის წაყენების ფაქტი დაადასტურა და ამბობს, რომ ის სამშაბათს, ფლორიდის ქ. მაიამიში სასამართლოში გამოიძახეს.

„ბაიდენის კორუმპირებულმა ადმინისტრაციამ ჩემს ადვოკატებს აცნობა, რომ მე ბრალი წამიყენეს, როგორც ჩანს, ყუთების ფანდის თაობაზე,“ დაწერა ტრამპმა. პოლიტიკურ დევნასთან ერთად, ის მიანიშნებს საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტების ყუთებზე, რომლებიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გასულ აგვისტოში მისი ფლორიდის მამულიდან ამოიღო.

ვიდეო განცხადებაში ტრამპა თქვა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო მის წინააღმდეგ საბრძოლველ „იარაღად გადააქცია“.

ტრამპის მტკიცე მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის გარშემო დაირაზმნენ. კონგრესმენმა ჯიმ ჯორდანმა, ოჰაიოს რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა და წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის მოკლე განცხადებაში დაწერა: „ეს ამერიკისთვის სევდიანი დღეა. ღმერთმა დალოცოს პრეზიდენტი ტრამპი".

ფედერალური ბრალის წაყენება მხოლოდ ერთ-ერთია ბევრ იურიდიულ პრობლემას შორის, რომელთანაც მას გამკლავება უწევს. ამ ფონზე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 2020 წლის არჩევნებში ბაიდენს დაამარცხებს და თეთრ სახლში დაბრუნდება.

ბრალის წაყენება ტრამპის პოლიტიკური ამბიციებისთვის დარტყმაა, თუმცა ეს მას არ უკრძალავს თეთრი სახლისთვის მეორედ იბრძოლოს. ყოფილი ფედერალური პროკურორის ჯონ მალკოლმის თანახმად, სინამდვილეში არ არსებობს კანონი, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას წაართმევდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას დამნაშავედ ცნობენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG