ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 იანვარს ნენსი პელოსის კაბინეტში შესულ მამაკაცს 4.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ოთხშაბათს, არკანზასელ მამაკაცს, რომელმაც კაპიტოლიუმზე იერიშის დროს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კაბინეტში მის სამუშაო მაგიდაზე ფეხები შემოაწყო, ოთხნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

63 წლის რიჩარდ ბარნეტს, რომელიც დემოკრატი პოლიტიკოსის სავარძელში მოკალათდა და მის მაგიდაზე ჩექმიანი ფეხი შემოდო, სურათი ფრანს პრესის სააგენტოს ფოტოგრაფმა გადაუღო. ეს ფოტო 2021 წლის 6 იანვრის ამბოხების ერთ-ერთ თვალსაჩინო გამოსახულებად იქცა.

ვაშინგტონის ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ბარნეტი დამნაშავედ რვა ეპიზოდში ცნო, მათ შორის კონგრესის მიერ არჩევნების სერტიფიცირების ხელის შეშლაში, კაპიტოლიუმში უკანონოდ შესვლაში და საშიში იარაღით - ხელჯოხად შენიღბული ელექტროშოკით - საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში.

პროკურორებმა მოსამართლე ქრისტოფერ კუპერს შვიდი წლით ტუსაღობა მოსთხოვეს.

სასჯელის გამოტანის პროცედურის დროს გახმოვანებულ მემორანდუმში პროკურორებმა თქვეს, რომ ბარნეტს არანაირი სინანული არ გამოუხატავს და „თავისი კრიმინალური საქციელით და ცნობადობით, სარგებლის მიღება სურდა,“ ამისთვის ის „სპიკერის კაბინეტში თავის ავტოგრაფიან ფოტოებს“ ჰყიდდა.

ბარნეტის ადვოკატმა მოსამართლეს 12 თვიანი პატიმრობის მისჯა სთხოვა.

სასამართლოს დოკუმენტებში ბარნეტი დახასიათებულია როგორც QAnon შეთქმულების თეორიის მხარდამჭერი. ეს თეორია ირწმუნება, რომ არსებობს ბავშვების გატაცების, გლობალური ლიბერალური გეგმა. ბარნეტმა თავისი ქმედებები გაამართლა, როგორც მისი კონსტიტუციური უფლება პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ პელოსის კაბინეტში ყოფნისას მან სპიკერს უხეში გზავნილი დაუწერა.

XS
SM
MD
LG